„თუ სააკაშვილმა თავისი გაიტანა და შიმშილობით გაიმარჯვა, ეს მისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება და დიდი მარცხი „ქართული ოცნებისთვის“

„თუ სააკაშვილმა თავისი გაიტანა და შიმშილობით გაიმარჯვა, ეს მისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება და დიდი მარცხი „ქართული ოცნებისთვის“

„არ მგონია, რომ ხვალინდელი აქციები იყოს ძალიან მასშტაბური. საქართველოში ასეთი აქციები განმაცვიფრებელია თუ გამოდის 50 ათასი კაცი. არ მგონია, ხვალ 10 ათასზე მეტი გამოვიდეს, თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სიტუაციას სააკაშვილი და მისი შიმშილობა აკონტროლებს. ხვალინდელი აქცია ალბათ უფრო მოკრძალებულად ჩაივლის, ვიდრე მისი ორგანიზატირები ელოდებიან. ამაზე არც გული უნდა დაწყდეთ მათ და არც „ქართულ ოცნებას“ გაუხარდეს, მთავარია სააკაშვილის სიმტკიცე - სწორედ ეს წყვეტს „ოცნების“ სიმტკიცეს და პირიქით“, - ამბობს For.ge-სთან ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი.

თქვენ რას ელოდებით 14 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციიდან?

- სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი დრო იწურებოდა და ვაჟკაცური ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო, მან მართლაც განმაცვიფრებელი ნაბიჯები გადადგა. თუ მან თავისი გაიტანა და შიმშილობით გაიმარჯვა, ეს მისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება და დიდი მარცხი „ქართული ოცნებისთვის“. დღეს „ოცნების“ ამოცანაა, გატეხონ სააკაშვილი, ამიტომ დასცინიან. თუკი მეორე ტურის შემდეგ მან დატოვა ციხე და წავიდა უკრაინაში, მისი მომხრეები და მსოფლიო ჩათვლის, რომ ის ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს იწყებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ შიმშილობა ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო…

- ვეთანხმები, ეს კი არა, უსამართლობა უნდა იყოს ამის საფუძველი. სააკაშვილმა ამორალურად შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაგრამ მან პრეზიდენტის უფლება გამოიყენა. შეწყალების გამო პრეზიდენტი არ შეიძლება ჩასვა ციხეში. მან ამისთვის პოლიტიკური საფასური გადაიხადა - წააგო არჩევნები.

სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი პროკურორის განცხადებით, უშუალოდ შეწყალება არ არის დანაშაული, თუმცა, მისი თქმით, ამნისტია იყო წინასწარ შეთანხმებული.

- საქმე ეხება პრეზიდენტის დონის ფიგურანტს. დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტს ციხეში არ სვამენ. მომხრე ვარ, რომ სააკაშვილი გასამართლდეს, მიესაჯოს, მაგრამ უნდა იყოს პირობითი. ეს ქვეყანას სჭირდება და არა სააკაშვილს.

ფაქტია, რომ ჯერ გირგვლიანის მკვლელობა მოხდა და შემდეგ განხორციელდა შეწყალება. მაშინ პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უნდა დავაპატიმროთ როგორც კი დაასრულებს პრეზიდენტობას, რადგან მან შეიწყალა ოთხმეზურის მკვლელი. იგივე მომენტია - მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ამ მკვლელობაში, მაგრამ უსაფუძვლოდ შეიწყალა მკვლელი. პრეზიდენტებს აქვთ ამის უფლება და ამაზე თავად უნდა აგონ პოლიტიკური პასუხი.

თქვენ პირადად, მოვლენების როგორ განვითარების ელოდებით?

- სავარაუდოდ, უკრაინას გადასცემენ. თუ სააკაშვილს სიმტკიცე ეყოფა და ბოლომდე გაიტანა, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება როგორც ივანიშვილისათვის, ისე „ქართული ოცნებისთვის“. სააკაშვილისგან არავინ მოელოდა ასეთ ვაჟკაცობას. როგორც სააკაშვილი არ ელოდა, რომ მის დასაცავად არავინ გამოვიდოდა, ეგონა მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა, ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რომ სააკაშვილი პრინციპულად იშიმშილებდა.

უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემა როდის არის მოსალოდნელი, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ?

- ეს არჩევნების შემდეგ მოხდება - არჩევნებამდე კარასტროფა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“. ჭკვიანური გათვლა, რომ ჰქონოდა „ოცნებას“, სააკაშვილი არ უნდა ეპოვა. სააკაშვილი გამოჩნდებოდა 3 ოქტომბრის მიტინგზე და შემდეგ ისევ დაიმალებოდა. მათ საშუალება უნდა მიეცათ, დამალულიყო. აეყვანათ და ყოველი ხმაურის გარეშე გადაეცათ უკრაინისთვის.

სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, არავითარი პოლიტიკური დანაშაული მას არ ჩაუდენია, მან ჩაიდინა ბანალური, საზღვრის გადაკვეთის კანონი და ამის გამო გადასცემენ უკრაინას. ბრძოლა გაგრძელდება უკრაინიდან, როგორც აქამდე.

სააკაშვილის ჩამოსვლა იყო თუ არა შეთანხმებული „ოცნებასა“ და ყოფილ პრეზიდენტს შორის, როგორ ფიქრობთ?

- არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. სააკაშვილმა გათვალა, თუ ახლა არ ჩამოვიდოდა, 2024 წლამდე ჩამოსვლის შანსი არ ჰქონდა. ვადამდელი არ იქნება ამ არჩევნების შედეგად. ყველაზე ეფექტური იქნებოდა 2 კვირით ადრე ჩამოსულიყო. ჯობდა ჩამოსულიყო თვითმფრინავით და დაეპატიმრებინათ, როგორც ნავალნი აეროპორტში. ამ შემთხვევაში იქნებოდა პოლიტპატიმარი.

კ ა ხ ე ლ ი დანაშაული იყო არა გირვლიანის მკვლელების შეწყალება, არამედ წინასწარი ა მათტან, რომ თუკი ისინი მკვლელობის დამკვეთს დაფარავდნენ (თაკო სალაყაიას), მაშინ ექნებოდათ საპატიმროში განსაკუთრებული პრივილეგიები, ეს საქციელი ანაზღაურდებოდა და ძალიან მალე დატოვებდნენ ციხეს და გათავისუფლდებოდნენ; ამიტომ - ეს არ ყოფილა შეწყალება, ეს იყო თანამონაწილეობა ბოროტმოქმედებაში. არ ღირს აქ ისეთი სპეკულაციები, რასაც ბ-ნი პაატა, რადგან მას "ვაი-ჭკუისაგანა" სჭირს, არც თუ იშვიატად მიმართავს ხოლმე.
3 წლის უკან