ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, ჩიუ გო-ჩენმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთთან ომს არ დაიწყებს, თუმცა თავს სრულად დაიცავს.
„ნათელი ის არის, რომ ჩინეთის რესპუბლიკა ომს არ დაიწყებს, თუმცა თუ გარკვეული მოძრაობები იქნება, მტერს სრული ძალით შევხვდებით“, - აღნიშნა ჩიუ გო-ჩენმა.
11 ოქტომბერს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მა სიაოგუანმა განაცხადა, რომ ტაივანის მმართველი პარტიის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყაროა.
ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ტაივანი თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ აიძულოს ის მიიღოს გზა, რომელიც ჩინეთმა დაადგინა და რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას არ შეიცავს.
ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს მოუწოდა, ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს.
4 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.