„როდესაც ვუყურებდით ქალბატონი ბოკუჩავა როგორ ებრძოდა გახარიას წარმომადგენელს ტელეეთერში, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე“

„როდესაც ვუყურებდით ქალბატონი ბოკუჩავა როგორ ებრძოდა გახარიას წარმომადგენელს ტელეეთერში, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე“

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმედ და დაძაბულად მიმდინარეობდა, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ დადგა. მართალია, წინ არჩევნების მეორე ტურია, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ოპოზიცია ამჯერადაც მეორე ადგილს დასჯერდება. გარდა იმისა, რომ ხელისუფლების იმიჯმა წინასაარჩევნოდ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო, პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნებმა სწორედ ის შედეგი დადო რასაც ელოდა:

სოსო ცინცაძე: პოლიტექნოლოგიის ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა თავისი პრობლემებით: უმუშევრობა, ფასების მატება, სიღატაკე, კრიმინალი, პამდემიასთან ბრძოლა, - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლებას უნდა გაჭირვებოდა გამარჯვება და გაუჭირდა კიდეც. მე ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების ეს გამარჯვება მთლიანად გაყალბებით არის მიღწეული, მაგრამ ბევრი კითხვები მაინც დარჩა. ავიღოთ ჩეხეთში ჩატარებული არჩევნები, იქაც, მილიარდერი პრემიერი ბაბიში, რომელმაც წააგო არჩევნები, მიულოცა ოპოზიციას გამარჯვება და შესათავაზა თანამშრომლობა, კოლექტიური მმართველობა. ავსტრიაში, პრემიერს ბრალი წაუყენეს ჟურნალისტების მოსყიდვაში და კურცი გადადგა, რომელიც თავის დროზე იყო ძალიან პოპულარული. გადადგა ყოველგვარი ხმაურისა და წინააღმდეგობის გარეშე. თქვენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შოთაძემ ბრალი წაუყენოს პრემიერს კორუფციაზე? ეს ხომ ფანტასტიკის სფეროა ჩვენთვის? ამიტომ, მე ამ არჩევნებისგან სხვას არც არაფერს ველოდი. უბრალოდ, მე მოველოდი, რომ გახარია უფრო მეტ ხმებს მიიღებდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ გახარიას მომხრეებზე იყო ზეწოლა, ჩვენი ოპოზიცია არ არის იმ დონეზე, რომ დაამარცხოს მმართველი პარტია.

ფაქტობრივად, ეს წლები რაც ხელისუფლება შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მცდელობა იყო, ჩამოყალიბებულიყო და პოლიტიკურ ველზე შემოსულიყო მესამე ძალა, უშედეგოდ დამთავრდა, დღემდე ვინარჩუნებთ ორპოლუსიანობას. სხვა პატარ-პატარა პარტიების ამბიციები თავშივე მარცხისთვის იყო განწირული, ბოლო თვეებში აშკარა გახდა გიორგი გახარიას უპირატესობა, თუმცა, ეს მითიც დაანგრია არჩევნებმა...

- არ დაგეთანხმებით, მითი არდანგრეულა, ვინაიდან, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც გახარიას უხდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, 8% ცუდი მაჩვენებელი არ არის. ასევე გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ალბათ, თავად გახარიაც არ ელოდა იმას, რომ ორი ფრონტის წინააღმდეგ მოუწევდა ბრძოლა. მას ერთნაირად უტევდა როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე მმართველი ძალა. აქ თავი იჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ არაპოლიტიკურმა სიმწიფემ. როდესაც ვუყურებდით ქალბატონი ბოკუჩავა როგორ ებრძოდა გახარიას წარმომადგენელს ტელეეთერში, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე და რომ კითხო ევროპაში აქვთ ყველას განათლება მიღებული. როგორც ეტყობა, რაღაც სასწავლებელში ოთხი წელი სიარული, პიროვნულად ბევრს ვერაფერს ცვლის. ჯერ კიდევ ორმოცი საუკუნის წინ თქვეს რომაელებმა, რომ ჩემი მტრის მტერი ჩემი მოკავშირეაო. გახარიამაც ვერ გამოავლინა მაღალი პოლიტიკური მოქნილობა. გახარიას რომ ეთქვა, მეორე ტურში მხარს ვუჭერ ოპოზიციასო, ის მაშინვე დაკარგავდა თავის მომხრეებს, რადგან მისი მომხრეები ისეთივე მოწინააღმდეგეები არიან ოპოზიციის, როგორც „ოცნების“, მაგრამ მოქნილობა, ლავირება არის ამ დროს საჭირო. გახარიას ნომერი პირველი მოწინააღმდეგე არის „ოცნება“ და მეორე მოწინააღმდეგეა ოპოზიციური ძალა. ანუ, ცუდსა და უარესს შორის ყოველთვიოს უნდა გააკეთო არჩევანი და გახარიას, რომ აქტიურად ემუშავა თავის ამომრჩეველთან, დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ ამ ორს შორის ცუდზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი, მაშინ კალაძე ვერ გაიმარჯვებდა მეორე ტურში.

გახარიამ ორივე თავის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, მაგრამ მისი მთავარი, სიტუაციური მოწინააღმდეგე დღეს არის მმართველი პარტია.

ანუ, გახარიას მიერ არჩეული ოქროს შუალედი, პოლიტიკურად წამგებიანი აღმოჩნდა?

- პოლიტიკაში, ოქროს შუალედი ძალიან სარისკოა. ოქროს შუალედი იქნებოდა ის, რომ თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინა ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭრაში, ასევე, ოპოზიციაც უნდა მიხვედრილიყო იმას, რომ გახარია კი არ არის მათი მთავარი კონკურენტი, არამედ მისი მთავარი კონკურენტი არის „ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობა“, ამით არ დაკარგავდა არც ერთ მომხრეს და ამ შემთხვევაში გაუგებარია, რა საჭირო იყო გახარიას ჩაძირვა? ეს იყო კიდევ ერთი აგური გახარიას პოლიტიკურ საფლავზე. ამით კიდევ ერთი ლოდი მიიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუმცა, საბოლოო შედეგი მაინც არ დადგა და გახარიამ შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა. ამ შემთხვევაში, უკვე გახარიას აქვს დრო, ემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის.

ოპოზიციამ ამ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა, შესრულდა ეს ფუნქცია?

- არა, არ შესრულდა და საერთოდ, ეს იყო მცდარი ტაქტიკა. როგორც კი, „ქართული ოცნება“ გამოვიდა ხელშეკრულებიდან, რეფერენდუმის იდეა მოკვდა. პოლიტტექნოლოგიის კანონის მიხედვით, საქართველოში მმართველმა პარტიამ ასეთ წარმატებას ვერ უნდა მიაღწიოს. ვერც ერთ ფრონტზე ვერაფრით ვერ დაიკვეხნის ხელისუფლება, მით უმეტეს, რომ ამ არჩევნებს დაერთო ფაილების სკანდალი.

არა მარტო ფაილების სკანდალი, ბოლო აკორდი სააკაშვილის ჩამოსვლა იყო, თუმცა, პროცესებმა მაინც ვერ გამოიღო ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი...

- მთავარი მიზეზი არის ოპოზიციის სისუსტე. ვერ გაერთიანდა ოპოზიცია. გაერთიანების გარეშე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს ვერ დაამარცხებს მმართველ პარტიას, ვინაიდან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მმართველი პარტიის ხელშია ის უკვდავი „კაშჩეი“, რასაც ჰქვია ადმინისტრაციული რესურსი. ადმინისტრაციულ რესურსს მსოფლიოში ყველა მმართველი პარტია იყენებს, მაგრამ, აქ უკვე მასშტაბებზეა ლაპარაკი. პირველი არის ოპოზიციის სისუსტე, მეორეა ევროპელი მეგობრების პოზიცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უკვე შეეგუენ, რომ ჩვენს მათ დონემდე მისვლას დასჭირდება რამდენიმე ათეული წელი და მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ დააკვირდებოდნენ არჩევნებს, ასე არ მოხდა. შეიძლება, რამდენიმე ასეული საჩივრიდან არც ერთი არ იყოს საფუძვლიანი? ეს ხომ თეორიულად შეუძლებელია?

ოპოზიციის აქტივობაც არ არის დიდი, როგორც ჩანს, მიღებულ შედეგს დასჯერდება, თანაც არაერთი მცდელობისა საზოგადოების მხრიდანაც ვერ მიიღეს შესაბამისი მუხტი, რას ნიშნავს ეს სამომავლო პროცესებისთვის?

- ოპოზიციამ მიტინგებზე 200-300 კაცი თუ გამოიყვანა, ეს აქტიურობა არ არის. აქტიურობა არის ის, რომ მილიონნახევრიან ქალაქში უბრალოდ, გამოიყვანო მინიმუმ 50 ათასი კაცი ქუჩაში, მით უმეტეს, რომ ჩვენთან კიდევ ერთი მომენტია, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს - ჩვენთან სიციოლოგიური კვლევები არ არსებობს, არც ექსპერტები არიან, მხოლოდ გვყავს თვითნასწავლი ექსპერტები, ხოლო ჩვენთან იცით როგორი ელექტორატია? ამას ევროპაში სოციოლოგები უწოდებენ სოციალურ ელექტორატს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მმართველი პარტია კი არ არწმუნებს, რომ მას უნდა მისცეს ხმა, არამედ ყიდულობს მათ ხმას. ეს არის სოციალური ელექტორატი. ჩვენთან იდეოლოგიური ბარიკადები ჯერ კიდევ არ არსებობს. ამიტომაც არის, რომ ძირითადად პროვინციების ელექტორატში, მათთვის დიდი არაფერი განსხვავება არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ხელისუფლებაში თუ „ქართული ოცნება“. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სიამოვნებით იღებს შემოთავაზებულ თანხას თუ პროდუქტს. მათ არ სჯერათ, რომ რამე შეიცვლება, ადამიანებმა იციან, რომ ვინც არის ხელისუფლებაში, ის მხოლოდ თავის თავზე მუშაობს.

კოალიციური მთავრობის იდეა რამდენად არის განხორციელებადი?

- 2014 წელს არჩევნები თუ მთლიანად პროპორციული ჩატარდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, მაშინ უკვე კი, არის ამისი შესაძლებლობა. მმართველი პარტია არასდროს არ დათმობს შინაგან საქმეთა მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, არ დათმობს უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობას და ასე შემდეგ. საკვანძო სამინისტროებს არ დათმობს და თუ ლტოლვილთა სამინისტრო დაუთმო ოპოზიციას, ამით არაფერი არ შეიცვლება.

ანუ, ვადამდელ არჩვენებს არ უნდა ველოდოთ?

- რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არ იქნება, ვინაიდან ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩვენთან პოლიტიკური კრიზისი არ არის ფეთქებადი. ვადამდელ არჩევნებს იწვევს ფეთქებადი სიტუაციები და ჩვენთან არის მდორედ მიმდინარე პროცესები. საქართველოში 30 წელია არის უმუშევრობა, სიღატაკე, კრიმინალი და ასეთი სასამართლო როგორიც გვაქვს. ასეთი კრიზისები არ იწვევს ვადამდელ არჩევნებს. ამიტომ, ვინც აპელირებს ვადამდელ არჩევნებზე, იმან უნდა იცოდეს, რომ ვადამდელ არჩევნებს ასეთი პროცესები არ იწვევს, რადგანაც ჩვენი კრიზისი უკვე ქრონიკალურ ხასიათს ღებულობს.

 

Katana "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს (ბოკუჩავას) წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე და რომ კითხო ევროპაში აქვთ ყველას განათლება მიღებული. როგორც ეტყობა, რაღაც სასწავლებელში ოთხი წელი სიარული, პიროვნულად ბევრს ვერაფერს ცვლის."

ნამდვილად! და ამის მაგალითებს ვუყურებთ ორი ათეული წელია უკვე!.. მოიარეს 3-4 სასწავლებელი უცხოეთში, გახდნენ დოქტორები, მუშაობდნენ ელჩებად სხვადასხვა ქვეყანაში... და ხედავ, რომ ელემენტარული ლოგიკა არ გააჩნია ადამიანს!..

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვას, ერთი რამე მიკვირს: რატომ მე, ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, რომელიმე ჩემს ახლობელსა თუ ნაცნობს არ სთავაზობს ვინმე - ხმა მომყიდეო?! რაშია საქმე, ჩვენი ხმები არ მოსწონთ? იქნებ ჩვენც გვინდა ფული ან ყბადაღებული 5 კილო კარტოფილი?
აი, ამიტომ არ მჯერა მე!.. - "ჩაცუცქულების" ფაქტორი, "არნახული ძალადობა! " (მელიას ფორმულირებით), 5 კილო კარტოფილი... სულ ჭორები მგონია ეს, წაგებული ოპოზიციის თავის სამართლებელი ჭორები , - ცუდ მოცეკვავეს რა უშლის, ხომ ვიცით?
3 წლის უკან
amo გეთანხმებით Katana, არც მე მინახავს მოსყიდული ხმის მიმცემი. 25% არის და იქნება სანამ ფიზიკურად არ გადაშენდებიან.
3 წლის უკან
sapiqrali მეც გაბრაზებული ვარ - მაწყენდა 5 კილო კარტოფილი და ხახვი, რატომ მე არ მომცეს?
3 წლის უკან