„თუ ვინმე არწმუნებდა სააკაშვილს, ჩამოდი და ვერ დაგიჭერენო, ეს ხალხი ან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ან ქვეყნის გარეთ არსებული ძალების დავალებებს ასრულებენ“

„თუ ვინმე არწმუნებდა სააკაშვილს, ჩამოდი და ვერ დაგიჭერენო, ეს ხალხი ან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ან ქვეყნის გარეთ არსებული ძალების დავალებებს ასრულებენ“

„მარტო მერაბიშვილისგან ხომ არ ღებულობდა სააკაშვილი ინფორმაციას? თუ ვინმე არწმუნებდა, ჩამოდი და ვერ დაგიჭერენო, მაშინ ეს ხალხი ან ვერ ერკვევა სიტუაციაში და ვერ ხედავს რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორია საზოგადოებაში განწყობები, ან ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ძალების დავალებების შემსრულებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე და მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სააკაშვილის შეწყალების პეტიციას უერთდებიან. მეუფე ანტონი ჯერჯერობით ყოყმანობს, მაგრამ ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ექსპრეზიდენტს სახლში მოეხადა სასჯელი. ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლ მეუფედ ითვლებოდა და ექსპრეზიდენტს ყოველთვის მოუწოდებდა, საქართველოში დაბრუნებულიყო და აქ ეგო პასუხი, რადგან ამბობდა: „რომ გარბის, ლენინია ფინეთში?“ როგორ ფიქრობთ, მეუფეების შუამავლობა გავლენას მოახდენს ხელისუფლებაზე?

- ვინ როგორ აღიქვამს სააკაშვილის პატიმრობას, ეს ერთი თემაა და ეს პოლიტიკური მხარეა. მეორეა, რომ ამ საკითხს აქვს კიდევ იურიდიული ნაწილი. როდესაც მეუფეები თვლიან, ორი მეუფე იქნება, თუ სამი, რომ სხვაგვარად უნდა მოიქცეს ხელისუფლება და სააკაშვილს შიდაპატიმრობა შეუფარდოს, აქ მარტივი კითხვა ისმის, იურიდიულად არის ამის შესაძლებლობა? სამართლებრივად გამართული იქნება, რომ მან სახლში მოიხადოს სასჯელი? შეუძლია კი ხელისუფლებას ეს ნაბიჯი გადადგას, თუნდაც სურვილის შემთხვევაში? კანონი თუ არ იძლევა ამის საშუალებას, მეუფეებმა რამდენიც არ უნდა მოითხოვონ, არაფერი გამოვა, მაშინ ჯერ კანონი უნდა შეცვალონ. ზოგადად, მეუფეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი სურვილი, მოსაზრება, მათ შეუძლიათ, მიმართვა ან პეტიცია გაავრცელონ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მთავარია, რამდენად მოვა ეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან. სხვა მხრივ, გასაგებია, რომ საპატრიარქოში ვიღაც სააკაშვილს უჭერს მხარს, ვიღაც არ უჭერს, ეს ახალი ამბავი არ არის.

შესაძლოა, „ნაციონალებს“ სურთ, გამოიყენონ ნიკოლა სარკოზის შინაპატიმრობის მაგალითი და ფორმულა იმისა, რომ, ზოგადად, მსოფლიოში პრეზიდენტების დაჭერას ერიდებიან.

- როგორც ჩანს, ფრანგული მართლმსაჯულება ამის საშუალებას იძლევა. ამიტომაც გადადგეს ფრანგებმა ეს ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერ გააკეთებდნენ, სარკოზი კი არა, დე გოლიც რომ ყოფილიყო.

თანაც, იქ იმდენ დანაშაულზე არაა საუბარი, რამდენიც სააკაშვილის შემთხვევაში. სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ედავებიან.

- ეგ ცალკე თემაა, ერთი დანაშაულიც რომ იყოს, ან თუნდაც ძალიან „ლაითი“ დანაშაული, კანონი თუ არ იძლევა ამის საშუალებას, ვერ გადადგამ ამ ნაბიჯს და შინაპატიმრობას ვერ მიუსჯი. აქ მთავარია კანონმდებლობა, შემდეგ კი ხელისუფლებამ შეიძლება გაითვალისწინოს, ან არ გაითვალისწინოს ეს ფაქტი.

სააკაშვილის პირადი ექიმი საუბრობს თალასემიაზე, მემკვიდრეობით დაავადებაზე და ამტკიცებს, რომ შიმშილობამ მისი მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა სხვა ინფორმაცია გამოდის ციხიდან, რომ ის წვენებს და თაფლს მიირთმევს. ეს დაავადება შეიძლება გახდეს რაიმე გამონაკლისის საფუძველი სააკაშვილისთვის?

- ამ შემთხვევაშიც ვერ დაიშვება გამონაკლისი. საქართველოში არ არის ასე გამოყოფილი, პრეზიდენტი იქნება, პრემიერი, თუ პარლამენტის თავმჯდომარე, მას სხვა სტატუსი ჰქონდეს დანაშაულთან მიმართებით.

როგორც ირკვევა, სააკაშვილის ჩამოსვლა მთლად თვითშემოქმედება არ ყოფილა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, თურმე სააკაშვილს მერაბიშვილი არწმუნებდა, ჩამოსულიყო, რადგან სიტუაცია მომზადებული იყო საამისოდ. თუკი ვირწმუნებთ, რომ ეს მერაბიშვილის შეთქმულებაა სააკაშვილის წინააღმდეგ, ხომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნიკა მელიასაც ხელს აძლევს მისი დაპატიმრება? პრემიერ ღარიბაშვილს, ალბათ, აქვს სანდო ინფორმაცია, როცა ამბობს, რომ მელიას ყველაზე მეტად გაუხარდა სააკაშვილის დაპატიმრება. რისთვის უნდა დასჭირდებოდა მერაბიშვილს სააკაშვილის შემოტყუება?

- უპირველესად, საინტერესოა, პრემიერმა ღარიბაშვილმა საიდან იცის, რომ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა? მერაბიშვილზე მიყურადება ხდებოდა? ამას სასამართლო გადაწყვეტილება სჭირდება. ამიტომ, როცა პრემიერი რაღაცას ლაპარაკობს, მან ეს თემები უნდა გაითვალისწინოს, რომ მერე ახსნა-განმარტება არ მოუწიოს, თუ რას გულისხმობდა. მეორე მხრივ, რთული სათქმელია, მელიას რამდენად აძლევს ხელს მიშას ციხეში ყოფნა. სააკაშვილი რომ დააპატიმრეს, „ნაცმოძრაობას“ და, მათ შორის, მელიასაც ამაზე რეაქცია უნდა ჰქონოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ნონსენსი, რომ „ნაცმოძრაობას“ გაეტარებინა მიშას დაკავება, მაგრამ, ამასთანავე, არ უნდა დაივიწყოს ოპოზიციამ, რომ არჩევნებია, ოქროს შუალედია მოსაძებნი, როგორც ჩანს, მელია ამ ოქროს შუალედს უფრო ეძებს. ისევ მერაბიშვილს რომ დავუბრუნდეთ, რატომ უნდოდა მას სააკაშვილის ჩამოსვლა, ვერ გეტყვით.

შეიძლება, შურისძიების გამოც, რომ მარტო იჯდა იმ დანაშაულებისთვის, რაც შესაძლოა, ერთობლივად ჩაიდინეს და ამ დროს სააკაშვილი საზღვარგარეთ ვოიაჟებს არ იკლებდა, თავისუფლებით ტკბებოდა…

- ვერსიები უამრავია, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, მერაბიშვილს მართლაც სჯეროდა, რომ ქვეყანაში მომწიფდა სიტუაცია და ჩამოვიდოდა თუ არა სააკაშვილი, მთელი მოსახლეობა ფეხზე დადგებოდა. თუმცა სააკაშვილის დაბრუნება ნაპოლეონის დაბრუნებას არ ჰგავდა, ტრიუმფით მას არ შეხვედრია ხალხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ შურისძიება სჭირდებოდა მერაბიშვილს, თუმცა ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. გარდა ამისა, მარტო მერაბიშვილისგან ხომ არ ღებულობდა სააკაშვილი ინფორმაციას? თუ ვინმე არწმუნებდა, ჩამოდი და ვერ დაგიჭერენო, მაშინ ეს ხალხი ან ვერ ერკვევა სიტუაციაში და ვერ ხედავს, რა ვითარებაა ქვეყანაში და როგორია საზოგადოებაში განწყობები, ან არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებული ძალების დავალებებს ასრულებენ. ძალიან ნათლად ჩანდა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყვებოდა. ეს მარტივად დაამტკიცა თაკო ჩარკვიანის აქციამ 10 ოქტომბერს.

არც 14 ოქტომბერს მოხდება ოპოზიციის სრული მობილიზება, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ნაცების აქციაზე არ მივლენ, გია ბარამიძე თითქოს, სთხოვს მთლიან ოპოზიციას, გონს მოეგონ და შეუერდნენ მიშას მხარდამჭერ აქციას, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი ეროვნული ლიდერია და არა „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. 10 და 14 ოქტომბრის საპროტესტო აქციები დაადასტურებს, რომ ისედაც გაყოფილი ოპოზიცია სააკაშვილის თემამ კიდევ უფრო გახლიჩა?

- წეღან ვახსენე, ბალანსი უნდა დაიცვას-მეთქი ოპოზიციამ. უცნაურია, მაგრამ სააკაშვილის განცხადება გავრცელდა, „დროზე ადრე ნუ მიგლოვებთ, არჩევნებს მიხედეთო“, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი უფრო ხვდება, რომ არჩევნებია მისახედი. რა პროპაგანდაც მიმდინარეობს 14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, როგორ მობილიზებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან სახიფათოა თავად ამ მოძრაობისთვის. როგორც ჩანს, ამას სააკაშვილი უკეთ ხედავს ციხიდან, ვიდრე გარეთ მყოფი ოპოზიცია. მე არ ველი, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე ბევრი ხალხი მივა, მე მგონი, სააკაშვილიც ფიქრობს, რომ ისეთი მასშტაბური აქცია ეს არ იქნება, ამან ქვეყანა შეაზანზაროს. იქ იქნება პარტაქტივის სრული მობილიზება, მაგრამ პარტაქტივის ეს სრული მობილიზება დაარტყამს და შეაფერხებს წინასაარჩევნო პროცესს, მთელი ეს დღეები მიმდინარეობს მზადება აქციისთვის, არადა, ნაციონალებს ბალანსი უნდა ეპოვათ. ცხადია, ისინი ვერ გაჩუმდებოდნენ სააკაშვილის დაპატიმრებისას, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლებოდა იმაზე, რომ არჩევნები მოახლოებულია. ეს იქნება უკუსვლა და წამგებიანი აქცია „ნაცმოძრაობისთვის“ არჩევნების წინა პერიოდში.