ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. მან ეს ინფორმაცია ქვეყნის მეფეს ჰარალდ მეხუთეს მიაწოდა. ამის შესახებ გამოცემა Norway Today წერს.

„2021 წლის 13 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების საფუძველი გაჩნდა. ამიტომ მე დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ“, - განმარტა სულბერგმა.

ამასთან, მან რჩევა მისცა ნორვეგიის მონარქს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა „შრომის პარტიამ“ ახალი მთავრობა დააკომპლექტოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონარქმა პრემიერ-მინისტრის რჩევა გაითვალისწინა, თუმცა სულბერგს სთხოვა, რომ დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტს იქამდე უხელმძღვანელოს, ვიდრე ახალი მთავრობა საქმიანობის დასაწყებად მზად არ იქნება. მოსალოდნელია, რომ 14 ოქტომბერს გაირკვევა ვინ ჩაიბარებს მინისტრების პორტფელებს ახალ კაბინეტში.