მევახშეებს მკაცრი რეგლამენტაციები დაუწესდება

მევახშეებს მკაცრი რეგლამენტაციები დაუწესდება

მევახშეებისთვის მკაცრი რეგლამენტაცია დაწესდება. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, სამინისტროში უკვე შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მევახშეებისთვის მკაცრი რეგლამენტაციის დაწესების საკითხზე იმუშავებს. მისი თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში 200 000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულებაა ძალაში და ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს იპოთეკარების თემა. მით უფრო, რომ ამ 200 000 ადამიანის უკან ოჯახები დგანან.

„ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც მუშაობს არა რომელიმე კონკრეტულ იპოთეკართან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, ან რომელიმე კონკრეტულ მევალესთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, არამედ მუშაობს ზოგადად მევახშეების მიერ ჩადენილი უმსგავსო საქციელის მიმართებაში, მკაცრი რეგლამენტაციის დაწესების მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ ამ რეგლამენტაციებზე და ძალიან მალე მთავრობას წარვუდგენ საკანონმდებლო ინიციატივის გასაფორმებლად ჩემს წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს საკრედიტო-ფინანსური ორგანიზაცია, კერძო იპოთეკარი, რომ მას საზოგადოების თვალში მევახშე არ ეწოდებოდეს, რომელიც სუსტი ადამიანის მდგომარეობით სარგებლობს და აუბედურებს ოჯახებს“, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა მევახშე სუსტი ადამიანების მდგომარეობის ხარჯზე აწესებს წლიურ 36%-ს.

იყო თუ არა ყოფილ ხელისუფალთა ინტერესი ამ საქმეში, რადგან მევახშეობა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქმედება ყოფილი ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე განყენებულად ვერ განვითარდებოდა და აუცილებელია თუ არა მევახშეების მოთოკვა?! მით უფრო, პრობლემას ისიც ემატება, რომ საჯარო რეესტრის მოხელეთა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კავშირი იკვეთება.

მევახშეების შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მევახშეები იმ მახინჯი საფინანსო სისტემის შემადგენელნი არიან, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა. ეს არის მტაცებლური საპროცენტო განაკვეთები, სადაც ფარულად ხდება ბანკების თანხების მოძრაობა, მათი ხელმიუწვდომობა ადამიანებისთვის, როცა მათ კრედიტი სჭირდებათ. ასეთი მახინჯი საბანკო სისტემა საკუთარი თავის გარდა არაფერს ემსახურება. პირიქით, ეკონომიკის შემაფერხებელი სერიოზული სისტემაა და ადამიანები იძულებულნი არიან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, აიღონ იპოთეკური სესხები, რადგან სხვა მხრივ, არ არის ფული ხელმისაწვდომი, ბანკში სიარულს აზრი არ აქვს, რადგან მობილური ტელეფონის, მაცივრის ან ტელევიზორის გარდა, სერიოზული რამისთვის, მით უმეტეს, ოჯახის წევრის მკურნალობისთვის შემოსავლების ალტერნატიული წყაროები უნდა გაგაჩნდეს, რომ ბანკის ეს „იდიოტური მოთხოვნები“ დააკმაყოფილო.

ამიტომ, ექსპერტის თქმით, ადამიანები იძულებულნი არიან, თანხა მევახშეებისგან ისესხონ, ისინიც ამით სარგებლობენ, რადგან ფულზე მოთხოვნა ძალიან დიდია. რეალურად, ფული საქართველოში არ არის და საქართველოში ფულის შიმშილია.

„მევახშეებისგან დაწესებული ეს მტაცებლური პროცენტები მხოლოდ მათი არ არის. მაღალჩინოსნების ფულიც ტრიალებს ამ კერძო სექტორში, ისინიც „კრიშავენ“ ამ ადამიანებს და ძარცვავენ საკუთარ მოსახლეობას. ამიტომ, მათი რეგლამენტაცია აუცილებელია. გარდა ამისა, აუცილებელია მათი საქმიანობის სრული გამჭვირვალობა. სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაწერილი უნდა იყოს, რა და როგორ გაკეთდება. თავისთავად, მევახშეების რეგლამენტაცია არაფერს უშველის, ბოლოს და ბოლოს, ეს ბიზნესია. თუ კომუნისტურ ადმინისტრაციულ მეთოდებს გამოვიყენებთ, მაშინ არც ქალბატონ თეა წულუკიანს გამოუვა რამე, რადგან მახინჯი სისტემაა და ამ სისტემაში საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი ნახეს კერძო გამსესხებლებმა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ეს ფული მათი არ არის, ისინი ფარულად ბანკის ფულს იყენებენ და, უბრალოდ, შუამავლობენ. ექსპერტი აცხადებს, რომ, ასეთივე მახინჯია მიკროსაფინანსო მომსახურების სისტემა, რომელიც, ასევე, მძარცველურია და შენიღბული ფორმით კაპიტალის მფლობელების მიერ გამოიყენება საკუთარი ხალხის საძარცვავად. ასე რომ, თავსატეხი ძალიან ბევრია.

იდგნენ თუ არა ნაციონალები ამ ყველაფრის უკან?! ექსპერტი აცხადებს, რომ  ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია ასეთი რამის გაკეთება, რადგან კერძო მევახშეების გაკოტრებას არაფერი სჭირდება. ამას სჭირდება წესიერი საბანკო სისტემა და ასეთ შემთხვევაში, კერძო გამსესხებელს არანაირი ნიშა არ დარჩება.

„თუ ბანკები „დაბოლებას“ დაგვიწყებენ, სინამდვილეში, ეს ასე არაა, ყველაფერი ერთიანად შეკრული მახინჯი სისტემაა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს. კარგია რეგლამენტაცია, მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმაა და მას მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული ისევ დეფიციტური დარჩება და კერძო მევახშეებს ვერ ავუკრძალავთ მაღალ პროცენტებში ფულის გასესხებას. თუ უნდათ, ყოველთვიურად 10 %-ად გაასესხებენ თანხებს, ეს ვისი რა საქმეა?!“ - აცხადებს ექსპერტი.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ სისტემაში ფული ერთ ადგილზეა თავმოყრილი და მხოლოდ ბანკს აქვს ფული, სხვას არავის. მოსახლეობის 55% კი ღარიბია და ამიტომაც თაღლითური გზით ხელისუფლება მთელი ქვეყნის გაყიდვას ცდილობდა, რომ საკუთარ მოსახლეს ვერაფერი ეყიდა.

ექსპერტის თქმით, უბრალო გლეხისთვის დღესაც მიუწვდომელია სოფლის მეურნეობის სესხები და თუნდაც ჩხავერის გაშენება.

ამდენად, როგორც კი კონკურენცია იქნება, კერძო გამსესხებელს შანსი არ ექნება. ისევე, როგორც დღეს ევროპაში, ან ამერიკაში კერძო გამსესხებელს ნულოვანი შანსი აქვს. იქაურ მევახშეს მილიარდი რომც ჰქონდეს, ვერაფერს გაასესხებს, რადგან უაზრო იქნება კერძო პირისგან აიღო სესხი, როდესაც ბანკში შეგიძლია ცივილიზებულად ისარგებლო.

ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლებიც შეკრულები იყვნენ მევახშეებთან, რადგან ყველანი ერთმანეთთან იყვნენ შეკრულნი. უფრო მეტიც, ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ თუნდაც აშშ-ში რამდენიმე ასეული თაღლითური ჯგუფი გამოვლინდა, სადაც აუდიტორი, შემფასებელი, ბანკის ოფიცერი, დამზღვევი - ყველა ერთად შეკრული იყო და თაღლითობდა. ამდენად, როცა საღი რეგულაციები არ არის და თამაშის წესები არ არის დაწესებული, იქ ყველაფერი სტიქიურად ვითარდება და ეს სტიქია, როგორც წესი, ძლიერის წესებს ემორჩილება.

„მევახშე იყო „დათა თუთაშხიადან“ კაცი, რომელიც საკუთარ ფულს ასესხებდა, ეს შუამავალი ფირმები კი საკუთარ ფულს არ ასესხებენ და ე.წ. „პადსტავკები“ არიან.  კერძო ადამიანები მოიძებნენ, შუამავლებად დააყენეს და თითქოს, ისინი იყვნენ ამ ფულის მფლობელნი“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ მევახშეობა - ასეთი იურიდიული ტერმინი ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, ვერაფერს შექმნის ახალი ხელისუფლება, თუკი ამ ტერმინს არ შემოიღებს. მისი თქმით, მევახშეობა ნაციონალების კი არა, ალბათ, აბრაამის დროიდან დაიწყო და ეს არის თავისუფალი საბანკო საქმიანობის ნაწილი და მისი შეზღუდვა, ან რეგლამენტაცია ისეთივე ნონსენსია, როგორც ჩიტების ფრენის შეზღუდვა.

„ვფიქრობ, ახალ ხელისუფლებას საქმე შემოაკლდა, ასეთ რამეზე რომ ფიქრობენ. თუ რამდენი პროცენტით დამთავრდება კერძო ადამიანების გარიგება და ეს იქნება თუ არა თუნდაც იგივე 36 %-იანი სესხი, ეს არავის საქმე არ არის. არავინ არავის ავალდებულებს, აიღოს სესხი, რადგან საუბარია კერძო პირებზე“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

ჩვენ დავინტერესდით, იმ ფონზე, როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებულია და მათ სხვა გზა არ რჩებათ და მიდიან მევახშესთან, საქართველოს ხელისუფლება მოვალეა თუ არა, რომ დაზარალებულ, ან მოტყუებულ მოქალაქეზე იზრუნოს, რათა მათი ბედი ფატალურად არ დასრულდეს? ამის შესახებ პაატა შეშელიძე აცხადებს, საღად რომ შევხედოთ მოვლენებს, ასე არ არის და ყველაფერი დანგრეული არ არის. ამდენად, ადამიანს არჩევანი აქვს, მივიდეს ბანკში ან მიკროსაფინანსოში, აიღოს კრედიტი, ან აიღოს კრედიტი კერძო პირისგან. თუკი ადამიანის საქმიანობა მაღალ რისკებს შეიცავს, ოფიციალური ინსტიტუტები მას სესხს არ მისცემენ. ამიტომ ვიღაცამ რისკი თავის თავზე უნდა აიღოს და ეს რისკი უფასო არ არის. უფრო მეტიც, ექსპერტის აზრით, მაღალი პროცენტი მაღალრისკიან სესხს ნიშნავს და ამას ეკონომიკური გამართლება აქვს და, ვინც იღებს სესხს, მან იცის, რატომაც რისკავს. ამიტომ პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, თეა წულუკიანის რიტორიკა არ ივარგებს და თუ მევახშესთან მისული ადამიანი იმიტომ რისკავს, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილს გადაახდევინოს, ეს არ გამოვა.

„თუ ადამიანი დაიჭირეს და გამოსასყიდი აქვს გადასახდელი, ანუ ექსტრემალური სიტუაციაა, ეს მისი ოჯახის გადასაწყვეტია, რადგან ამ ადამიანმა დააშავა, გარეთ გამოსვლა უნდა და კიდევ მე ვუხადო ამის გამო? ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს, რა შეცდომებიც იყო დაშვებული და არ შეიძლება, ერთი უსამართლობის გამო ეკონომიკის სისტემა მოშალონ.

მეც ვიცი, რომ პრობლემები იყო, მაგრამ ეს პრობლემები მოაგვარონ და ეკონომიკას დაანებონ თავი. ახლა წიგნებს უფასოდ ბეჭდავენ, სახელმწიფო სტამბა დაბეჭდავსო. კარგით რა, გავიარეთ ეს საბჭოთა კავშირი. არ მუშაობს ის სისტემა, ქრთამებსა და კორუფციაზე იყო აგებული. ეს ხომ ხალხის მოტყუებაა“, - მიიჩნევს პაატა შეშელიძე.    

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მევახშეობის საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა ამით, ბევრიც ციხეში წავიდა, ბევრმა ვალები დაიდო და ქუჩაში დარჩა. ამიტომ გარკვეული დოზით, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ საქმეში და რეგულაციები დააწესოს. თუმცა, მაინცდამაინც ჯოხით არ უნდა დაადგეს და მეორე მხარე არ უნდა დააზარალოს.

„ადვოკატებს გვაკითხავს ორივე მხარე, ერთი მხრივ, დაზარალებულები, მეორე მხრივ, - მევახშეები, რომლებსაც სხვა პრობლემებიც აქვთ. არა მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი სახელმწიფო აპარატი ამაში მონაწილეობდა, მაგრამ ხელისუფლების გარკვეული პირები, რომლებსაც ფულის დაბანდების სხვადასხვა საშუალება ჰქონდათ, მევახშეობას იყენებდნენ. თუნდაც იმ კუთხით იქნებოდნენ ისინი ჩართულნი, რომ ფული მათ ხელში იყო და მევახშეობას შუალედური რგოლების მეშვეობით ეწეოდნენ“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.