საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 14 ოქტომბერს გაიმართება. ექს-პრეზიდენტის პატიმრობის გასაპროტესტებლად აქტივისტები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან, თუმცა მათთან ერთად ოპოზიიცის ნაწილი არ იქნება. პოლიტიკოსების აზრით, კონკრეტული პერსონებისა და პარტიების ირგვლივ ამ ფორმით გაერთიანება უშედეგო იქნება და for.ge-სთან ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ სააკაშვილის ორბიტაზე ყოფნა მათ მხოლოდ აზიანებს.
დაანონსებულ პროტესტსს არარელევანტურს უწოდებენ მმართველ გუნდში. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა მიუღწეველი მიზანია, რადგან ექსპრეზიდენტი სასჯელს დამტკიცებული დანაშაულის გამო იხდის.
პრემიერ-მინისტრმა ექსპრეზიდენტს იმ ადამიანთა წრეც შეახსენა, ვინც მას საქართველოში დაბრუნებაში არწმუნებდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია.
ამასთან, მმართველ პარტიაში იმაზეც საუბრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში ფარული ომი მიმდინარეობს. ნიკა მელიაც და მიხეილს სააკაშვილიც მათ შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ჯერ კიდევ გუშინ, სააკაშვილის ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა მელია გააკრიტიკა და უსაყვედურა, რადგანაც ის ჩარკვიანის ორგანიზებულ აქციას არ შეუერთდა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია გვიან, მაგრამ საბოლოდ მაინც მიხვდა, მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე ყოფნა მათთვის როგორი მძიმე შედეგის მომტანია და ვარაუდობს, რომ სწორედ მათ ამის გამო გადაწყვიტეს 14 ოქტომბერს გამართული აქციისგან დისტანცირება. მისი აზით, თუ აქციაზე ბევრი ხალხი მივა, ეს პირადად ნაციონალების დამსახურება იქნება და თუ არა, ესეც მათ კრახად ჩაითვლება. დანარჩენი ოპოზიცია კი ამ ყველაფრისგან შორს იქნება, რადგანაც პატარა პარტიებს არც ერთი შედეგი ხელს არ აძლევს.
„მცირე პარტიების გადაწყვეტილება, რომ ენმ-ის და მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე არ იყვნენ, სწორი ტაქტიკაა - მართალია, დაგვიანებული, მაგრამ სწორი. მათ კარგად დაინახეს ამან რაც მოუტანათ - ნაციონალებს ამომრჩეველი გაეზარდათ და მათ დააკლდათ, მით უმეტეს პოლიტკურ ველზე ახალი მოთამაშეა, რომელმაც მათი ამომრჩეველი მიიტაცა. ეს კი პატარა პარტიების არასწორი პოლიტიკის შედეგია. მეორე გარემოება კი ისაა, რომ პატარა პარტიებს რიგგარეშე არჩევნები არ აწყობთ. 8%-იანი ბარიერი თუ დარჩა, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება რატომ უნდა უნდოდეს პარტაის, რომელიც 2%-საც ვეღარ აგროვებს? ანუ ისევ ენმ-ის საქმე უნდა გააკეთონ და საერთოდ საკუთარი პოლიტიკური იდენტობა დაკარგონ? პატარა პარტიებს ახლა თავისი პრობლემები აქვთ, თავი 2024 წლამდე უნდა გადაირჩინონ. ამიტომ ლოგიკურია ისინი ამ პროტესტს ხელს არ შეუწყობენ და მის მაღალ რეესტრში გადასვლას არ უზრუნველყოფენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
აქ უკვე ჩნდება კითხვა -თუკი პატარა პარტიები ენმ-ს გვერდით არ დაუდგება, როგორ მოახერხებენ ნაციონალები დასავლეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენონ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანია? საევოა, მარტო დარჩენილმა ენმ-მა ერთდროულად ორი მიმართულებით იბრძოლოს - ჩაატაროს მეორე ტურები და პარალელურად გამართოს საპროტესტო აქციები, რომელიც როგორც ადამიანურ ასევე ფინანსურ რესურს მოითხოვს. ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ენმ-ს ჯერ მეორე ტურები უნდა ჩაეტარებინა და საპროტესტო აქციები თუკი საჭირო გახდებოდა, შემდეგ ჩაეტარებინა. ახლა ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა შიდა დაპირისპირება გაღრმავდეს, რადგან მათივე ამომრჩეველი ქუჩის აქციების მომხრე არ არის.
„რა თქმა უნდა, ნაციონალებს რუსთაველზე მარტო დგომა არ აწყობთ, მაგრამ ჩიხში შევიდნენ და სხვა გამოსავალი არ აქვთ. საქმე ისაა, რომ თუკი თავად ენმ-ს სააკაშვილის ციხეში ყოფნაზე რეაქცია არ ექნება, მათივე ამომრჩევლის ნაწილი ამას ვერ გაიგებს. ხოლო თუ აქცენტი მხოლოდ არჩევნებზე ექნებათ, ამასაც ვერ გაიგებენ. ანუ მათ ძალიან სპეციფიური ამომრჩეველი ჰყავთ. თავად პარტიის შიგნითაც, როგორც გარედან ჩანს, აზრი ორად იყოფა. ერთი ფრთა, რომელიც მიშას ძველი მებრძოლები არიან, რა თქმა უნდა, ქუჩის აქციების მომხრეები არიან. ცდილობენ, მხოლოდ სააკაშვილს ასიამოვნონ. მათ ნიკა მელია ლიდერად არ მიაჩნიათ. არის ახალი ფრთა, რომელიც პირიქით მიიჩნევს, რომ ჯერ არჩევნები აქვთ მოსაგები. პოლიტიკური თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ფაქტია, ჯერ მეორე ტურები უნდა ჩაატარონ და აქციებზე მერე იფიქრონ, თუკი ეს საჭირო გახდა. თუმცა აქაც საქმე რთულად აქვთ - მათ კი ჰყავთ 30%-მდე ამომრჩეველი, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა ნაწილ მათგანს უნდა და ნაწილს - არა.
ამიტომ ამ გაუგებრობაში მარტო დარჩენილი ნაციონალების საქმე კიდევ უფრო გართულდება. ალბათ, ჯობდა ისევ მცირე პერმანენტული აქციები რუსთავის ციხესთან ჩაეტარებინათ. ახლა რუსთაველზე ბევრი ხალხი რომ არ მივიდეს, დასავლეთის ყურადღებას ამით ვერ მიიქცევენ. ისინი ჩათვლიან, რომ ეს მხოლოდ პარტიის ელექტორატია და საზოგადოების დიდ ნაწილს სააკაშვილი არ ადარდებს, რაც რეალობაშიც ასეა. ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ აქციაზე თბილისელების რა ნაწილიც მივიდა ხომ ვნახეთ. ეს იყო ძალიან მცირერიცხოვანი აქცია, ამიტომ ამით საქმეს მგონია კიდევ უფრო ირთულებენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიციას უნდა ქმედუუნარიანი გახდეს, მაშინ ისინი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტას საბოლოოდ უნდა ჩაეხსნან. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები 14 ოქტომბერს დანიშნული ენმ-ის აქციასთან დაკავშირებით კი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მართალია, პატარა პრტიები ამას გვიან მიხვდნენ, მაგრამ კარგია, რომ მიხვდნენ. იქნებ, ამან როგორც ჩვენი პოლიტიკური ველი შეცვალოს, ასევე მათი რეიტინგიც გაზარდოს.
„ოპოზიცია სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტას აუცილებლად საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს და ამის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ. თუკი ენმ სრულიად მარტო დარჩება, როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ, ყველა კარგად დაინახავს როგორია მათი რეალური მიზნები. დასავლეთმა უნდა ნახოს, რომ ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომლის დღის წესრიგი ხელისუფლებაში ყველაფრის ფასად დაბრუნებაა. რაც შეეხება თავად პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციას, არსებული რყევები ძალიან თვალში საცემია. არ გამოვრიცხოთ, რომ უახლოეს მომავალში ის ისევე დაქუცმაცდეს, როგორც „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და „სტრატეგია აღმაშენებილი“ გამოეყო. არ არის გამორიცხული, ნაციონალების ნამსხვრევებზე სხვა პატარა პარტიები აღმოცენდეს. მე მგონი პარტიის შიგნითაც კარგად ათვიცნობირებენ, სააკაშვილს ციხეში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს და მისი ექსტრადირებაც გამორიცხულია. რეალურად უკრაინიდან მას არც არავინ ითხოვს. უნდა მიხვდნენ, რომ სააკაშვილის ირგვლივ ტრიალი პოლიტიკურად დამღუპველია“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.