რუსმა ჯაშუშებმა Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმულა მოიპარეს, რომელიც Sputnik V-ის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა The Sun-ი იუწყება, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მინისტრებს, სავარაუდოდ, მოახსენეს, რომ მყარი მტკიცებულება აქვთ იმის თაობაზე, რომ აგენტმა ფარმაცევტული კომპანიის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოიპარა.
2020 წელს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების სამიზნე დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის არ გააკეთებს კომენტარს იმ მასალებზე, რომელიც სპეცსამსახურის მუშაობას უკავშირდება.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ მასალას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ ბრიტანული მედიის ბრალდებებს სერიოზულად არავინ მოეკიდება.