სოციალური შემწეობა თუ სამსახური და შემოსავალი – მოსახლეობა დასაქმებას გაურბის?

სოციალური შემწეობა თუ სამსახური და შემოსავალი – მოსახლეობა დასაქმებას გაურბის?

საქართველოში სიღარიბის მკვეთრი ზრდა, ძირითადად, სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირდება. მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 22 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.

გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი 1 054 567 იყო, ივლისში კი 1 059 422 შეადგინა.

საარსებო შემწეობაშეჩერებულ ადამიანებს სხვა მხრივაც ექმნებათ პრობლემა და ეს პირველ რიგში, მათ მენტალობაზე მოქმედებს. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ სოციალური შემწეობების გამო ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც, ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

„ქალაქში თუ ადამიანს აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. არაფრის კეთებით კი ფულს იღებს. მართალია, შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ.

ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სოციალური დახმარება რაღაც ეტაპზე კარგია, მაგრამ ოჯახის უმცროსმა შვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება თავი დამცირებულად იგრძნოს. ოჯახი თუ ცხოვრობს სოციალურ სახლში, შვილმა შეიძლება იქ დარჩენა არც მოინდომოს, მენტალიტეტი ხელს შეუშლის. მთლიანობაში, ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას. არის სამუშაო, დასუფთავებაში და სხვა, სადაც 200-300 ლარით მეტი შეიძლება გააკეთო, მაგრამ ამ ფასად შეღავათის დაკარგვა არ უნდათ.

საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ვიღაცა თუ დაგწყვეტს, რომ შეურაცხმყოფელია სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა და თავისი საქმე დაიწყოს, გადამზადების კურსი და სხვა შესაძლებლობებია, მონდომებულ ადამიანს წინ ვერაფერი აღუდგება და სწორედ ეს უნდა დაანახოს მათ სახელმწიფომ“, - განაცხადა პაატა აროშიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, აგრონომები, დარგის ექსპერტები, ტექნოლოგები თუ სხვა მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური აგროპროექტების მენეჯერების, სპეცტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება. შესაბამისად, წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება სერიოზული გამოწვევაა სოფლის მეურნეობაში.

შესაბამისად, მსხვილი, საშუალო და მცირე მეწარმე, კომპანიები, ფერმერული მეურნეობები – ყველგან, სადაც კი პროდუქტი იქმნება, მუშახელის არნახულ დეფიციტს განიცდიან.

ვითრებას ართულები ისიც, რომ პანდემიის პირობებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან რთული ამოცანაა. თანაც, თანდათან კადრების დეფიციტის წინაში დგება ქვეყანა. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ ამ დროს დიდი როლი აკისრია ინვესტიციებს. რაც ურო მეტი უცხოური კაპიტალი შემოვა ქვეყანაში, მით მეტი ადამიანი დასაქმდება.

„კრიზისების დროს სამუშაო ადგილების შექმნას ვინ ჩივის, რაც არის, ისიც იკარგება. ალბათ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება, ეკონომიკურმა ზრდამ რამდენად აღადგინა ზოგიერთი სამუშაო ადგილი, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ასე მოხდეს, რადგან ბევრი მაჩვენებელი იმაზე უფრო მიუთითებს, რომ ზრდაც ნამდვილად ვერ იქნება, თუნდაც - ინვესტიციების გამო. ამ მხრივ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ინვესტიციებია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას აჩქარებს და ეს თუ არ გვექნა, იმედიც არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მომცელიძემ.

რაც შეეხება სოციალურ შემწეობას და დახმარების კატეგორიებს: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია: ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.