[ნატო გოგელია, გურიიდან]
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია გიორგაძეს სასამართლოში უჩივლეს. სარჩელის ავტორი ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ სიხარულიძეა. სიხარულიძე გამგებელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას ედავება. მის ინტერესებს „ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისი იცავს.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საბავშვო ბაღია და ამ ბაღის აღსაზრდელებს ხშირად სჯიან უფროსები. გიორგაძემ ჩემს გათავისუფლებას ხელი ისე მოაწერა, რომ არც კი იცოდა შიგ რა ეწერა. გუბერნიისგან მიღებული დირექტივები შეასრულა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამორბედივით მწარედ დასჯიდნენ. მედავებიან, თითქოს არ შევასრულე ჩემი მოვალეობები. არადა, ის მოვალეობები როგორ შემესრულებინა, რაც არ მქონდა“ – აღნიშნა პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ვლადიმერ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, სამსახურიდან მოვალეობების შეუსრულებლობისთვის არ გაუშვიათ. იგი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის კანდიდატობისთვის დასაჯეს:
„ძალიან მინდოდა დეპუტატი ვყოფილიყავი ჩემს სოფელში. შევარდნაძის დროს საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. 6 ბრძანება გავუჩერე პრეზიდენტს. მიშა რომ მოვიდა არ გადამდგარვარ, რადგან ამას კანონი არ მავალდებულებდა. ვიცი რას ნიშნავს საკრებულო და როგორ უნდა გამოვიყენო ამ ორგანოში ჩემი ხმა. ისიც ვიცი, რომ მხოლოდ ხელის აწევა და თავმჯდომარის ნათქვამზე თავის დაქნევა საქმეს არ აკეთებს. ამიტომ, ჩემი სოფლის საკეთილდღეოდ, ამათ შევთავაზე, რომ ჩემი კანდიდატურა წამოეყენებინათ. უარი მითხრეს. მეც ავდექი და „ალიანსი საქართველოს“ ოფისს მივაკითხე. მათ ჩემი კანდიდატურა მოიწონეს და წამომაყენეს კიდეც.
გამარჯვება ვერ მოვიპოვე, რადგან ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. არჩევნების შემდეგ ვერ მომხსნიდნენ სამსახურიდან. იცოდნენ ჩუმად არ ვიქნებოდი. ბახმაროს სკანდალი რომ გახმაურდა, როგორც ზედამხედველობის უფროსს ოქმები მომთხოვეს. ბევრი მქონდა დაწერილი, მაგრამ რატომღაც არცერთ მათგანზე რეაგირება არ იყო გაკეთებული. განცხადება დაწერე და სახლში წადიო. არ დავწერე. ჰოდა, ამის გამო, რაღაც უაზრო მუხლი წამომიყენეს“, – ამბობს სიხარულიძე.
როგორც გავარკვიეთ სიხარულიძემ გამგებელს მიმდინარე წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, რამდენჯერმე მიმართა ოფიციალური განცხადებით. რეგისტრირებულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ბახმაროში უკანონო მშნებელობები მიმდინარეობს და მისაღებია ზომები. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დოკუმენტები რეგისტრირებულია, თუმცა არცერთ არ ადევს გამგებლის რეზოლუცია:
„როდესაც სიხარულიძე წერილებს გვწერდა, მე გამგებლის მოადგილე ვიყავი და ვერ გეტყვით, რატომ არ ადევს დოკუმენტებს რეზოლუცია. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ყველაფერი კანონიერად მოხდა“, – გვითხრა გამგებელმა, გია გიორგაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი დოკუმეტი 2 მარტით არის რეგისტრირებული. ეს დღე კი შაბათია – არასამუშაო დღე. როგორც აღმოჩნდა, გამგეობაში არსებულ სამაგიდო კალენდარზე 2 მარტი პარასკევად არის მითითებული.
„კალენდრები აქვთ შეცდომით და ხომ წარმოგიდგენიათ სხვა რამ როგორ იქნება“, – აღნიშნავს სიხარულიძე.
საქმეს ოზურგეთის რაიონული სასამართლო იხილავს. პროცესი რამდენიმეჯერ უკვე გადაიდო. ბოლო სხომაზე, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართა ითქვა, ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი(?!).
იურისტები იმედოვნებენ, რომ მოსამართლე განაჩენს კანონის შესაბამისად გამოიტანს და გია გიორგაძის ბრძანებას, სიხარულიძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გააუქმებს.
„მე ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა. სამსახურში დაბრუნებას არ ვაპირებ. დღეს ხელისუფლებაში უცოდინარი ადამიანები მუშაობენ. მათ ძალიან ბევრი რამე აქვთ სასწავლი. ჩემი გათავისუფლებისთვის მათ ბევრი მიზეზი შეეძლოთ მოეძებნათ, მაგრამ ისეთი ნახეს, რომელიც ყველაზე აბსურდული და რაც მთავარია უკანონოა. ეს ჩემთვის პრინციპის საქმეა და მე ჩემს პრინციპებს არასდროს ვღალატობ,“ – დასძინა სიხარულიძემ.