ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებზე უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იაქტიურებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“. მისი შეფასებით, შესაძლებელია 20-ვე მუნიციპალიტეტში ვერ გაიმარჯვოს „ოცნებამ“, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მოგებული აქვს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც შუაშისტის სტატუსით სარგებლობს, არჩევანს „ქართული ოცნების“ სასრგებლოდ გააკეთებს, რადგან აშკარაა, ერთ მხარეს არის სიკეთე, მეორე მხარეს - ბოროტება.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
ძალიან ბევრ ქალაქში ლიდერობს მმართველი გუნდი, მაგრამ არის ქალაქები, სადაც დამარცხდა. საინტერესო შედეგი დაიდო თბილისში - კახი კალაძე, რომელიც უპირობო ლიდერია, კრიმინალ მელიასთან მეორე ტური დასჭირდა. კალაძე ამბობს, რომ არჩევნებს რაღაცა დააკლო. როგორ ფიქრობთ, რა დააკლო კალაძემ არჩევნებს? პროცესებს რომ ვაკვირდებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია და სააკაშვილის ჩამოსვლით დადატურდა, რომ გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ. როგორ ფიქრობთ, „ნაცმოძრაობის“ პასიურობამ გაათამამა მმართველი გუნდი?
დავით ზარდიაშვილი: არა, ვერ ვიტყოდი ამას, რომ კახი კალაძე რაღაცამ გაათამამა. ის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა ამ საარჩევნო კამპანიის დროს. თუ გახსოვთ, რამდენიმე სერიოზული პრეზენტაცია ჰქონდათ სხვადასხვა მიმართულებით.
ამის მიუხედავად ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კრიმინალს, ვიდრე განვითარებას. ამას როგორ ხსნით, კრიმინალი მოსწონთ?
- არა, კრიმინალი არ მოსწონთ, ეს ხომ აღქმის საკითხია. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამომრჩეველთა მესამედმა და ცოტა მეტმა მიიჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის ამოცანა არის უმნიშვნელოვანესი, არაფერს არ მიაქცია ყურადღება, არც იმას, რომ მელია კრიმინალია, უინტელექტოა, მისი პოლიტიკური წონა მხოლოდ ქუჩაშია და, რომ პარლამენტში მისი პოლიტიკური წონა არის ნული. იმიტომაც დატოვა ის პარლამენტი - აი, ამას მისცეს ხმა, ანუ ხელისუფლების ცვლილებას. ეს არის მთელი ლოგიკა ამ ამოცანის.
გასაგებია, რომ ხელისუფლების ცვლილებას მისცეს ხმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გაკეთდეს უკეთესს ალტერნატივაზე. ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა საპირისპირო არჩევანი გააკეთა - განვითარებას უარი უთხრა და ხმა მისცა კრიმინალს? ამომრჩევლის ამ გადაწყვეტილებაზე „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლებამ თბილისი დაკარგა...
- არაფერი არ დაუკარგია. ძალიან მარტივია - არჩევანი არსებობდა განვითარებასა და ქაოსს შორის, მაგრამ ამომრჩეველმა, რომელმაც ქაოსს მისცა ხმა, თავისი ლოგიკა აქვს - გონებას არ მოუხმო და ნაციონალურმა პროპაგანდამ ემოციებზე და გრძნობებზე ითამაშა. პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს, აფექტებს იწვევს, ემოციებზე და გრძნობებზე თამაშობს, აქედან გამომდინარე, მათ არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების ცვლილების სასარგებლოდ. მათი მიზანი იყო - რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, შეეცვალათ ხელისუფლება.
და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ მოვიდა ხელისუფლებაში?
- მთელი უბედურება ის არის, რომ ამას უკვე აღარ მიაქციეს ყურადღება, არც კი დაფიქრებულან ამაზე. ოღონდ ესენი წავიდნენ, ცხრა წელი იყვნენ ხელისუფლებაში, მორჩა, ეყოფათ და უნდა წავიდნენო. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების ცვლილება არჩევნებით ფუნდამენტური პრინციპია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ უნდა შეიცვალოს უკეთესით. ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა არსებობს უკეთესის ალტერნატივა, როცა უარესის ალტერნატივა თვალსაჩინოა, ასეთ შემთხვევაში ცვლილება არ უნდა მოხდეს.
რაც შეეხება გაბრაზებულ ამომრჩეველს, რომელიც ასევე არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ამომრჩევლის რა კატეგორიამ დაუჭირა მხარი მელიას?
- აშკარაა, რომ პოლარიზაცია გახდა კიდევ უფრო გამოკვეთილი, ანუ შუა გაკრეფის პრინციპი, რაც 2012 წლიდან ამუშავდა, როცა მოსაშორებელი იყო სააკაშვილის რეჟიმი, ამის მერე მუშაობს ეს პრინციპი. ორი პოლუსია, მკვეთრი პოლარიზაცია, ორპარტიული დომინაცია გახლავთ და, რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო კიდევ გახარიას გამოჩენამ.
როგორ შეუწყო ხელი გახარიამ?
- წვრილ-წვრილმა პარტიებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებელი ნიშა მოეპოვებინათ პოლიტიკაში. მათი ხმები დიდწილად შეისრუტა ან გახარიამ, ან ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღს დაუბრუნდნენ. ეს მოხდა, სხვა, პრინციპული არაფერი. ეს არის დაახლოებით იგივე შედეგი, რაც გვქნოდა 1 წლის წინ. დიდად ამომრჩევლის განწყობა არ შეცვლილა. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, ის იქცევა ისე, როგორც „გადაწყვეტილი“ ამომრჩეველი. ამიტომ, ეს - გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ყურით მოთრეული პრობლემაა. ეს არის გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელიც არ მიიჩნევს საკუთარი პოზიციის გამოხატვას მნიშვნელოვნად, რაც ძალიან ცუდია. მათ გარკვეული რწმენა დაკარგული აქვთ, როგორც პოლიტიკის, ასევე პოლიტიკოსების მიმართ. მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც და არ სჯერა, რომ რამის შეცვლა შეუძლიათ. სამწუხაროდ, ქვეყანა ვერ ახერხებს, უუნაროა გამოვიდეს ამ პოლარიზაციიდან.
რეალურად, პოლარიზაციიდან გამოსვლა შესაძლებელია ორი გზით - ერთი, რომ ნაცების პოლიკური გზა დასრულდეს და წერტილი დაესვას ამას, რაც არ ვიცი, როგორ მოხდება და ცოტა რთული წარმოსადგენია. მეორე - თვითონ საზოგადოებამ მოახერხოს და ნაცებს შეუქმნას ალტერნატივა. დააკვირდით აქ რაზეა საუაბრი - ქართული საზოგადოება უუნაროა და ოპოზიციურ ფლანგზე ნაცების ალტერნატივას ვერ ქმნის, არ შეუძლია ამის გაკეთება და ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. იმედია, რაღაცა შეიცვლება, მაინც ფინიშში ვართ გასული - სააკაშვილი ციხეშია, პოლიტიკური ტემპერატურის ზრდა, ხელოვნურად პოლიტიკური დაძაბულობა, პარლამენტის შტურმი და ასეთი რამ მოსალოდნელი აღარ არის. შეიძლება, რომ პოლიტიკური პროცესი გაუმჯობესდეს და შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა.
გახარია შეიძლება იყოს პოლიტიკური ალტერნატივა?
- იცით, გახარიას ნაბიჯს მოღალატეობრივი ჰქვია სინამდვილეში, მაგრამ მაინც აქვს შანსი გახარიას პარტიას, რომ საბოლოო ჯამში ძლიერ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს, თუ გააანალიზებს ამ პროცესებს და სწორ დასკვნებს გამოიტანს. შევხედოთ, ვნახოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს უპრესპექტივო გზა - ორპოლუსიანობის დასრულდება და დასრულდება ისე, როგორც ამას ელოდება ამომრჩევლის უმრავლესობა, ანუ - ნაცების დასრულებით.
როგორ ხსნით იმას, რომ რეგიონებშიც მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
- იგივე ფაქტორია. სამეგრელოს ფაქტორმა იმუშავა. დიდ ქალაქებში იმან, რომ არა რეალური ინტერესები იქნა გაცნობიერებული, არამედ პოლიტიკური დრამატურგია, რაც ნაცებმა შექმნეს რეფერენდუმის ძახილით და ის, რომ ეს არის ხელისუფლების შეცვლის აქტი.
ფაქტია, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ხელისუფლების შეცვლის სურვილი და არჩევანი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთდა. იქნება დავინახოთ აქ ხელისუფლების ბრალეულობა, ძალიან გათამამებული არიან ამ 9 წლის ძახილით, რამაც, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ დაუკარგა ამომრჩეველი?
- მე ვერ ვიტყოდი, რომ დაუკარგა. საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებს რომ შეხედოთ 47%-აინი მხარდაჭერა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ერთი წლის წინ და თუნდაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუნდაც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში.
ეს გასაგებია, მაგრამ 2021 წელს ვნახეთ, რომ კლებადია მმართველი გუნდის ამომრჩეველი, ეს პრობლემა არ არის?
- ამიტომ მეტი მობილიზაციაა საჭირო, იგივე 9 წლის ძახილი არ არის საჭირო. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ქცევას, რომელიც იგივეა, რაც იყო იმ 9 წლის განმავლობაში. როგორც იქცეოდნენ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ისე იქცევიან ახლაც - არც არაფერი დავიწყებიათ და არც არაფერი უსწავლიათ. მათი გზა არის უკანონობის გზა, რაც წარმატების მომტანი არ არის. ეს უნდა დასრულდეს, ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ქართული პოლიტიკის წინაშე დგას და მე მგონია, რომ ამ ფინიშის გზაზე გავდივართ.
ეს არის ბოლო არჩევნები, რომელიც ამ პოლარიზაციის ბოლო ეტაპს წარმოადგენს და ეს უნდა შეიცვალოს. როგორ მოხდება ეს, ამას ჩვენ ვნახავთ. სააკაშვილი, როგორც მთავარი პოლარიზატორი, ციხეშია. მას შეზღუდული აქვს თავისულება, აღარ შეუძლია აკეთოს ის, რაც მოეპრიანება, უპრაგონოდ ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში, ცვალოს ვითარება საკუთარი ხუშტურების მიხედვით და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე ფაქტორია ის, რომ მათი რესურსი მილევადია.
რას ელოდებით 30 ოქტომბერს? მეორე ტური ტრადიციულად არ გამოირჩევა ამომრჩეველთა აქტიურობით...
- ველოდები „ქართული ოცნების“ მდგორმარეობის გამყარებას. უფრო მეტად იაქტიურებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, აი, ამას ველოდები. ის ხალხი, ვინც იყო შუაშისტი, არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებს, რადგან აშკარაა, ერთ მხარეს არის სიკეთე, მეორე მხარეს - ბოროტება. არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. შესაძლებელია 20-ვე მუნიციპალიტეტში ვერ გაიმარჯვოს „ოცნებამ“, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მოგებული აქვს. თბილისზე ლაპარაკი არ არის, აქ სხვა ალტერნატივა არ არსესობს. ყველაზე ცუდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენ მელიას მოგებას.