გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს მოუწოდებენ, ევროკავშირის წესები სრულად და უპირობოდ დაიცვას

გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს მოუწოდებენ, ევროკავშირის წესები სრულად და უპირობოდ დაიცვას

გერმანია და საფრანგეთი პოლონეთს მოუწოდებენ, ევროკავშირის წესები სრულად და უპირობოდ დაიცვას. ამის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობას თან ახლავს საერთო ღირებულებებისა და წესების სრული და უპირობო დაცვა. თითოეულ წევრს და, რა თქმა უნდა, პოლონეთს, რომელსაც ევროკავშირში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამ წესებისა და ღირებულებების პატივისცემა ეკისრება. ეს არ არის უბრალოდ მორალური ვალდებულება. ეს ასევე იურიდიული ვალდებულებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.