თეა წულუკიანი ID ბარათებთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას საჯაროს ხდის

თეა წულუკიანი ID ბარათებთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას საჯაროს ხდის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადეს, რომ ID ბარათის ჩიპზე წინა ხელისუფლება დამატებითი ინფორმაციის შენახვას გეგმავდა, რომლის დამადასტურებელ ვიდეორგოლსაც იგი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

მინისტრის განმარტებით, ახალი პირადობის მოწმობების საკითხზე პირადად იგი ჩართული იყო შიდა უწყებრივ კვლევაში და დაადგინა, ყველა ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც დაცულია ID ბარათის ჩიპზე, კერძოდ, საზოგადოებას უთუოდ დააინტერესებს, თუ რა ინფორმაციის მიბმას გეგმავდა წინა ხელისუფლება ID ბარათის ჩიპზე, მაშინ, როცა ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის შეზღუდული ინფორმაცია, რომელიც ID ბარათზე წერია და პლუს მოქალაქის მისამართი და მეტი არაფერი.

„მე უახლოეს დღეებში მივმართავ სინოდს და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, თუ რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ და ყველას აზრის გათვალისწინების შედეგად, ზაფხულისთვის სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ ID ბარათებთან დაკავშირებით თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება „დიდ სიცრუედ და დიდ სისულელედ“ შეაფასა.

მისი თქმით, თეა წულუკიანი „ცრუობს და თავის უცოდინრობას ამტკიცებს კიდევ ერთხელ, როდესაც ამ თემებზე საუბრობს“. ვაშაძისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ID ბარათები უკვე გაცემულია და, ამდენად, გაუგებარია, კიდევ რა მონაცემების დამატებას აპირებდა ყოფილი ხელისუფლება. ვაშაძე აცხადებს, რომ იმ მონაცემებთან ერთად, რაც წულუკიანმა ჩამოთვალა, ბარათზე ასევე შეტანილია ელექტრონული სურათი და ID ბარათს აქვს ელექტრონული ხელმოწერა და ამით ამოიწურება ეს პრობლემა.

რაც შეეხება რელიგიურ კომპონენტებს, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პირადად იმყოფებოდა პატრიარქთან და ამ საკითხზე უსაუბრია კიდეც. უფრო მეტიც, ID ბარათთან დაკავშირებით წმინდა სინოდს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ „ის, რაც ქალბატონ თეას ვითომ აწუხებს, ეშმაკთან ურთიერთობა, არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან“.

ID ბარათებთან დაკავშირებით For.ge უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მიმართავს სინოდს და მათგან მოისმენს კვალიფიციურ აზრს, ID ბარათის ჩიპზე არსებული მონაცემთა ნუსხა რამდენად ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ დოგმებს. თქვენი აზრით, რამდენად საფრთხილო იყო ID ბარათების გამოყენება ნაციონალების ხელში?

- მოდით, ამ შემთხვევაში, თეორიულ შესაძლებლობაზე ვისაუბროთ. ელექტრონული ID ბარათები არის შესაძლებლობა, რათა მოხდეს ადამიანის ტოტალური კონტროლი, მოხდეს მისი ელექტრონული ინფორმაციის გაყალბებაც კი. მოგეხსენებათ, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ინახავს ელექტრონული ჩიპი და რომელზეც დატანილი ინფორმაციის კონტროლი ხორციელდება ერთიანი უწყებიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია. თუკი სახელმწიფოს ექნება ინტერესი კონკრეტული პირის მიმართ, ასეთი პერსონალური ინფორმაციების მონაცემების გაყალბება ყოველთვის შესაძლებელი იქნება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ქართული სამოქალაქო ცხოვრების წინაშე არსებული პრობლემა. მე ვიცი, რომ გერმანიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უკრაინასა და რუსეთშიც იგივე პრობლემები არსებობს, თუმცა საზოგადოება იქ გაცილებით აქტიურია, ვიდრე ჩვენთან. იგივე საბერძნეთის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის სინამდვილეში მიღებულ იქნა ალტერნატიული ფორმები. თუნდაც, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია არ უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც ადამიანების ტოტალური თვალთვალი ლეგალიზებულ იქნება, იმავე ბატონი კემერონის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ პირადობის მოწმობის იმგვარ ფორმას, რომლითაც უხეშად შეილახება ადამიანის უფლებები, ხოლო ჩვენს სინამდვილეში, ისევე როგორც საბერძნეთის, უკრაინისა და რუსეთის სინამდვილეში, ალტერნატიული ფორმების მიღების საფუძველი გახდა სწორედ რელიგიური გრძნობები. ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო და საქართველოში 87 % მართლმადიდებელი აღმსარებლობის მიმდევარია. ჩემს მაგალითზეც მინდა გითხრათ, მე არ მაქვს აღებული ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა, არადა, 2012 წლის 10 ოქტომბერს ამომეწურა ეს ვადა, მაგრამ პრინციპულად არ ვიღებ ახალ დოკუმენტს, რადგან ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებების დაცვის საკითხი მნიშვნელოვანია ჩემთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე სხვის უფლებებს ვერ დავიცავ.

თქვენ ბრძანეთ უცხოეთის ქვეყნების მაგალითი, იქაც ხალხი იმავე დილემის წინაშე დგას, რომ მათ შესახებ ბევრად მეტ ინფორმაციას იგებდნენ ჩიპის მეშვეობით? იქ აკრძალული ინფორმაციების მოპოვებას ცდილობდნენ?

- იქაც საპროტესტო აქციები იმართებოდა, რადგან ერთიანი ელექტრონული ჩიპიზირებული პირადობის მოწმობიდან შესაძლებელი იყო ყველანაირი ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის კონტროლი. ამას ემატებოდა ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შეცვლაც. განსხვავებით უცხოეთისგან, ჩვენთან ყველა ეს მიმართულება, დაწყებული პირის ბიომეტრიული მონაცემებით, დამთავრებული მისი ნასამართლეობით, ადამიანის საბანკო ანგარიშებით, სოციალური დაზვევის თემით, მართვის მოწმობის ინფორმაციით, ყველაფერი ინტეგრირებულია ერთ ჩიპზე და მასზე ოპერირების შესაძლებლობა შეუძლია ერთ უწყებას. თუკი უცხოეთში ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა ამ სფეროებს ჰყავს თავისი წარმომადგენელი შესაბამისი დეპარტამენტებიდან და სამინისტროებიდან, საქართველოს სინამდვილეში, ეს ხდება ერთიანი უწყების კონტროლის საშუალებით, რაც ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა.

ნაციონალების ხელში სამართალდამცავები ისედაც უსმენდნენ მოქალაქეებს და ისედაც მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებული ინფორმაცია არ არსებობდა, მაგრამ აღნიშნულ ელექტრონულ ბარათებზე დამატებითი ინფორმაცია, უბრალოდ, ერთიან ბაზაში თავმოყრისთვის სურდათ, რომ საქმე უფრო გაეიოლებინათ?

- რა თქმა უნდა, ერთია, რომ ამ ინფორმაციის თავმოყრა სურდათ და მეორეც, ადვილად უნდა მომხდარიყო ამ რეესტრის კონტროლი ადამიანის პერსონალურ ინფორმაციებთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ასეთი ინფორმაციის გაყალბება ყოველთვის შესაძლებელი იქნებოდა პიროვნების საზიანოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტოტალურ თვალთვალსა და კონტროლზე, რომელსაც ელექტრონული საშუალებით დააწესებდნენ. მოგეხსენებათ, ელექტრონული მართვის სისტემები მთელ მსოფლიოში ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ ასეთი თვალთვალის შესაძლებობა დროის ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

როგორც ვიცი, ახალი ხელისუფლებაც არ აპირებს უარის თქმას ID ბარათებზე. ამ რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანმაც მისი პრეზენტაცია გამართა და აიღო აღნიშნული ბარათი, მაშინ მან განაცხადა, რომ ამ ბარათის აღების შემდეგ მის რელიგიურ რწმენას და პირად ცხოვრებას არანაირი საფრთხე არ შექმნია და არანაირად არ სურს, დარჩეს ძველ დროში. თუმცა ამჟამად იგი აცხადებს, რომ ეს ბარათი უფრო შეზღუდული ინფორმაციის მატარებელი იქნება, ვიდრე ის, რასაც ნაციონალები გეგმავდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ ბარათებმა, საერთოდ, სასურველია კი მათი დაბეჭდვა?

- თითოეული ადამიანი სჯის და განსაზღვრავს საკუთარი გრძნობებითა და შეხედულებებით, მათ შორის, რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად კანონიერია საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნა, რომელიც აცხადებს, რომ მას არ ესაჭიროება მართვის ელეტრონულ სისტემებს დაქვემდებარებული ჩიპიზირებული პირადობის მოწმობის აღება, რადგან იგი თავისი სამოქალაქო უფლებების განხორციელების თვალსაზრისით, მსგავსი სერვისებით სარგებლობას არ საჭიროებს. ეს არის ძალიან მარტივი და არგუმენტირებული შეხედულება, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია ჩვენს საზოგადოებაში. მათ შორის, არიან ისეთები, რომლებიც რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, პირდაპირ გამოხატავენ პროტესტს, უარს აცხადებენ ასეთი ტიპის პირადობის მოწმობების აღებაზე და ამას აქვს თავისი თეოლოგიური წიაღსვლა, რომლის განმარტების უფლებამოსილება, მე, როგორც ერისკაცს, არ მაქვს. თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი კუთხით უყურებენ ამ საფრთხეებს.

არსებობს კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ მას არ ესაჭიროება მსგავსი ტიპის ელექტრონულ სისტემებს დაქვემდებარებული პირადობის მოწმობით სარგებლობა, ვინაიდან ისინი, უბრალოდ, არ არიან, დაინტერესებულნი 30 ლარის გადახდაში, რადგან არ აქვთ ამის საშუალება. განსაკუთებით, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იმყოფებიან, არიან ღატაკნი და მათი შემწეობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მათ მიერ გასაწევი ხარჯი, რაც ერთჯერადად 30 ლარის გადახდას გულისხმობს. მით უფრო, რომ მაქვს ინფორმაცია, ეს თანხა კიდევ უფრო გაძვირდა.

პირად საუბარში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანის პირადი ინფორმაციის თაობაზე ზედმეტი კუთხით დაინტერესებას რით ამართლებდნენ?

- ID ელექტრონული ბარათების თემას ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში შევეხეთ საქართველოს პარლამენტში. მაშინ კატეგორიულად მოვთხოვე უმრავლესობას, პოლიტიკური დებატების ფორმატში გაეცა ჩვენთვის პასუხი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უალტერნატივო ფორმა (რომელიც უფრო მეტი ღირდა, ვიდრე დევნილი პირის იმდროინდელი დახმარება) ლახავდა თუ არა ადამიანის უფლებას, კერძოდ, პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. მოგეხსენებათ, ამ კითხვაზე პასუხი არამცთუ არ გაგვცა მაშინდელმა უმრავლესობის წარმომადგენელმა, არამედ ბატონი აკო მინაშვილი მაშინ გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყანას თურმე არ გააჩნია იმის ფუფუნება, ალტერნატიული ფორმებისთვის გამოყოს ბიუჯეტიდან სახსრები. იმ დროისთვის ეს სასაცილო იყო, რადგან არაჩიპიზირებული, ჩვეულებრივი ძველი პირადობის მოწმობების თვითღირებულება ერთ ლარსაც კი არ აღწევს. ამ დროს მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობების აღების ვალდებულება, რომელიც პირველი აგვისტოდან იქნა სავალდებულო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ავალდებულებდა ყველა მოქალაქეს ესარგებლა აღნიშნული სერვისით და გადაეხადა 30 ლარი ამ პირადობის მოწმობაში. მაშინ ჩვენ მხოლოდ რელიგიურ თემებს არ ვეხებოდით, არამედ ვეხებოდით ადამიანის სამოქალაქო უფლებებს, რომელსაც 30 ლარი არ გააჩნდა პირადობის მოწმობის ასაღებად. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი სწორედაც საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციის გარეშე დარჩა.

ტრაგედია, რაც ბათუმში განვითარდა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მისმა მშობლებმა ვერაფრით შეძლეს, აეღოთ ელექტრონული პირადობის მოწმობები. ხოლო ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ დღესაც ვამტკიცებთ, ადამიანი, რომელიც იბადება, რომელსაც ენიჭება პირადი ნომერი და სახელი და გვარი, ეს ორი მაიდენტიფიცირებელი ფაქტორი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი სამოქალაქო უფლებები და არ იყოს შეზღუდული. ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები არის ალტერნატიული ფორმა იმ ადამიანებისთვის, რომელებიც არ არიან დაინტერესებულნი, რომ ელექტერონული ფორმით ინტეგრირებული იყოს მის პირადობის მოწმობაში მისი სოციალური დაზღვევა, ჯანდაცვა, მართვის მოწმობა თუ საბანკო ანგარიშები. ამიტომ, მათ უნდა ისარგებლონ ჩვეულებრივი და არა ელექტრონული ფორმით.

სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი ლიდერი კულუარებში ხშირად აღნიშნავდა და არ მალავდა, რომ დიახ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ახალი ელექტრონული ბარათებით ადამიანის უფლებების დარღვევა ხდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს, სახელმწიფო ბიუჯეტის მატერიალური დანახარჯი არ იყო გამართლებული ალტერნატიული ფორმის დასაფინანსებლად, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობების გამოცემით იყვნენ დაინტერსებულნი. ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში დაინტერსებული ჯგუფები შეიქმნა. მე ვიცი, რომ სამრევლო კავშირიც შეიქმნა ამ მიზნის მისაღწევად, მას ხელმძღვანელობს ზაზა ნანობაშვილი, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, გაიმართა პირველი შეხვედრაც ქალბატონ თეა წულუკიანთან და მისასალმებელია, რომ ზუსტად ამ შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანის მხრიდან კეთდება ის განცხადებები, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი ელის და არა მხოლოდ რელიგიური გრძნობებით გამსჭვალული ადამიანები.