[რუსიკო მუმლაძე; თბილისი-კიევი-თბილისი (ნაწილი მეორე)]
ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტის“ მიერ ჩატარებული კვლევებით, საქართველო დემოკრატიის ინდექსით 103 ადგილზეა, რუსეთი კი - 107-ზე. ბრიტანულმა ჟურნალმა ეს მონაცემები ზუსტად იმ დღეებში გამოაქვეყნა, როცა საქართველოში პრესაგე.ტვ-ის სკანდალი მოხდა და ქართული მედიასივრცის ისტორიაც ერთი და იგივე სახელი მქონე ორი გამოცემის გაჩენით შეივსო. მაშინვე ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მომავალი 2011 წელი მედიისა და სასამართლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის წლად გამოაცხადა.
ამ ამბებამდე ერთი კვირით ადრე უკრაინაში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ მიერ ჩატარებულ დსთ-ს, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ჟურნალისტთა მედიაფორუმზე გახლდით... რადგან ძველ პრესა.გე-ზე უკრაინული ამბების მოყოლა არ დამცალდა, ახალ პრესაგე.ტვ-ზე მოგიყვებით დაპირებულ ამბებს რუსული და ქართულ მედიის შესახებ. არც კი ვიცი, დაგვიანებისთვის ბოდიში მოვიხადო თუ არა...
ერთხელ უკრაინაში - მედიაფოუმზე...
„კოლეგებო ერთი თხოვნა მექნება, ვისაუბროთ, მაგრამ ნუ ვიქნებით პარფიონოვები“, -ამ სიტყვებით იქ შეკრებილ ჟურნალისტებს ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, სვეტლანა საროკინამ მიმართა.-შესაბამისად, 300-მდე ჟურნალისტმა მიიღო მესიჯი, რომ რუსი ჟურნალისტივით, რომელმაც თავად მედვედევი-პუტინი ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში, რადგან რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული მედია ამხილა, არავინ მოქცეულიყო..
თუმცა, მწვავე გამოსვლებს მაინც ვერ ასცდა ვერც ფორუმი და ვერც საროკინა. მაგალითად არხ „TVC“-ს პროგრამების ავტორმა, ლეონიდ მლეჩინმა პირდაპირ აღიარა, რომ რუსული მედია არ ამბობს იმას, რასაც არ ეუბნებიან. გაისმა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში რადიო “თავისუფლების’’ საიტზე კომენტარები იფილტრება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ცენზორი უზით, რომელსაც ხუმრობით ”თავისუფლების მორიგე’’ დაარქვეს.
ტაჯიკეთში, საერთოდაც, ერთი-ორი მეტ-ნაკლებად ოპოზიციური გამოცემა არსებობს. ლატვიელი ჟურნალისტის თქმით, მედია არც ამ ქვეყანაშია „ქერის ორმოში ჩავარდნილი“, მაგრამ ბრიტანული ჟურნალის კვლევებით ლატვიელებმა მოახერხეს-და 48-ადგილზე მოხვდნენ დემოკრატიულობის თვალსაზრისით. სხვათაშორის, ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ვიკილიქსის დამფუძნებლის - ჯუკიან ასანჟის დევნის გამო. ბალტიელმა ჟურნალისტებმა, რომელთა ინიციატივა იყო ამ განცხადების მიღება, ხაზი გაუსვეს იმას, რომ ასანჟის დევნა პირდაპირ იქონიებს უარყოფით გავლენას სიტყვის თავისუფლებაზე ევროპასა და მსოფლიოში.
რაც შეეხება მასპინძელი ქვეყნის მასმედიას, უკრაინული ჟურნალისტები, ჯერჯერობით, „ნარინჯისფერი“ ინერციით მოდიან. თუმცა, როგორც უკრაინელი კოლეგები აცხადებდნენ, მალე-პრეზიდენტი იანუკოვიჩი „მიხედავს“ ამ თავისუფალ მედიასაც. - ერთ-ერთმა უკრაინელმა გამომსვლელმა აღნიშნა კიდეც, რომ დღეს მას უკრაინული მედია აგონებს რობინ ჰუდსა და ჰარი პოტერს... საყურადღებო იყო უკრაინელი სოციოლოგების მიერ წარმოდგენილი კვლევა, რომლის თანახმადაც უკრაინაში მედიას გამოკითხულთა 56% ენდობა.
ადრე რუსული ტელეეკრანების ვარსკვლავმა, ახლა კი, უკრაინის ტელეკომპანია ”ინტერის’’ პოლიტიკური გადაცემის წამყვანმა, ევგენი კისილიოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ”წარმოშობით რუსია, მაგრამ უკრაინელი ჟურნალისტია”. მისი განცხადებით, რუსეთიდან ჩამოსული კოლეგები შოკის მდგომარეობაში ვარდებიან, როცა იგებენ, რომ მისი გადაცემა პირდაპირ ეთერშია, წინასწარ არ იწერება კამერით, ხოლო ჟურნალისტები კითხვებს არავის უთანხმებენ.
ძალიან საინტერესო იყო ინტელექტუალი ტელეჟურნალისტის სახელით ცნობილი, ალექსანდრე არხანგელსკის მიმოხილვა რუსული პოლიტიკური გადაცემების შესახებ. არხანგელსკი თავის მიმოხილვაში ბოლო 20 წელიწადში რუსულ არხებზე გასულ, თითქმის ყველა თოქ-შოუს შეეხო - დაწყებული ”ვზგლიადიდან’’, გაგრძელებული - ნიკოლაი სვანიძის საავტორო პროგრამით, პარფიონოვის ”ნამედნით’’, ევგენი კისილიოვის თოქ-შოუთი, შემდეგ –სოლოვიოვის „კვირა საღამოთი’’ და ”პოედინოკით’’ („რომელიც ჯერ არ იყო კლოუნი“, - არხანგელსკის შეფასებაა). - ჟურნალისტმა მიმოხილვა დაასრულა „სრული კლოუნადით“ - სახელწოდებით ”პროჟექტორ პერის ხილტონ’’ (შოუმენების – ურგანტის, ცეკალოს მონაწილეობით).
„ეს კლოუნადა ისევ იმ სამზარეულოში დაბრუნდა, როგორც ადრე ”ვზგლიადი’’ იწყებდა, 90-იანი წლების დასაწყისში. ახლა პოლიტიკაზე კლოუნები ლაპარაკობენ“, - ასეთია არხანგელსკის დასკვნა. მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერალურ არხებს მოხუცი, უფულო, გაუნათლებელი ხალხი უყურებს, ხოლო ”წინ წასული’’, მოდური და ფულიანი ხალხი - პატარა ტელეკომპანიებსა და ინტერნეტს.
პრესაგე.ტვ-ის ბლოგერი ნანა დევდარიანი: „არხანგელსკის გამოსვლა ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმით, რომ მან მედიის მიმოხილვისას პრობლემების სრული წრე შეკრა, კონკრეტული შოუების დასახელებითა და მათი განხილვით. ”პროჟექტორ პერის ხილტონ’’-ს მეც ვუყურებ, მართლაც სრული კლოუნადაა. ვანო ჯავახიშვილის შოუა თავისი სტილით, ოღონდ პოლიტიკაზე. თუმცა, არის სხვა განსხვავებაც, ის გადაცემა რუსეთში კეთდება და შოუს თვალსაზრისით ნიჭიერად არის გაკეთებული, რადგან „ჯავახიშვილის შოუსგან“ განსხვავებით-- იქ ნიჭიერი ხალხიც მუშაობს“.
სხვათაშორის, მედიაფორუმზე ყურადღება დაეთმო ბლოგერების თემასაც. თუმცა, ეს ახალი თემაა და ამ ეტაპზე, რუსეთში ჯერ იმას არკვევენ, არის თუ არა ბლოგერი ჟურნალისტი.
ქართული ინციდენტი რუსულ ფორუმზე
ფორუმზე ქართული მედიის შესახებ გაზეთ ”საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ბონდო მძინარაშვილმა ისაუბრა. თუმცა, როგორც კი მისი სახელი და გვარი გამოაცხადეს, რუსეთის კავშირგაბმლობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ჟაროვი, რომელიც ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გვერდით იჯდა, დარბაზიდან გავიდა. როგორც ჩანს, მისთვის საინტერესო არ იყო ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და სიგარეტის მოსაწევად დროც იპოვნა...
ბონდო მძინარაშვილმა გამოსვლა, ორგანიზატორებისთვის მოულოდნელად,-რეპლიკით დაიწყო და ამის გამო გაღიზიანება შეეტყო კიდეც პლენარული სხდომის მოდერატორს, სვეტლანა სოროკინას.
”დღის წესრიგში წერია: ”მედია დსთ-ის და ბალტიის სივრცეში – წარსულის ხელახლა გააზრება, მოლოდინი და შესაძლებლობები”. აქ არსად არ არის ნახსენები საქართველო. როგორც ჩანს, მომიწევს საუბარი დსთ-ს და ბალტიის შესახებ, თქვენ კი საქართველო იგულისხმეთ”, - ხაზგასმით აღნიშნა ქართველმა ჟურნალისტმა.
როდესაც იგი კონვერგენციის მნიშვნელობაზე საუბრობდა, მოულოდნელად სვეტლანა სოროკინამ სიტყვა გააწყვეტინა: „კონვერგენციაზე ჩვენ სპეციალურ სხდომაზე ვისაუბრებთ, ახლა კი საქართველოში არსებულ ვითარებაზე გვიამბეთ. გვაინტერესებს, რა ხდება საქართველოში... მე, მაგალითად, 3 წელია, იქ არ ვყოფილვარ“.
ბონდო მძინარაშვილი მოდერატორს მიუბრუნდა და მიმართა: „მერედა, რა გიშლით ხელს? ჩამოდით და საკუთარი თვალით ნახავთ, რაც ხდება... საუკუნენახევრის წინათ პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი ჩამოდიოდნენ... ახლა სობჩაკი, სოკოლოვა, ნოვოდვორსკაია ჩამოდიან და შემდეგ კითხულობთ, – რა ხდება საქართველოშიო... რასაკვირველია, მათი შედარება არ შეიძლება, მაგრამ ჩამოდით და საკუთარი თვალით იხილეთ!“
დარბაზში გაისმა ტაში და სიცილი. აუდიტორიის დაწყნარებისთანავე, სოროკინამ მართვის სადავეები დაიბრუნა:
„უფრო კონკრეტულად? სიტყვის თავისუფლებაზე რას იტყვით?“. „საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არავინ ზღუდავს. ერთი ეგაა, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართულ გაზეთებს არ კითხულობს, ტელევიზიებს კი უყურებს. და არამარტო უყურებს, აკონტროლებს კიდეც. სხვათა შორის, სააკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო პიარშიკია პრეზიდენტებს შორის და კარგად ესმის მედიისა თუ ინტერნეტის მნიშვნელობა. იგი ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია და უცხოურ პრესას მისი საშუალებით ეცნობა.
მინდა საინფორმაციო ომების შესახებ ვისაუბრო. შეიძლება? – მიუბრუნდა ბონდო მძინარაშვილი სვეტლანა სოროკინას. მოდერატორი დაეთანხმა და ჟურნალისტმა განაცხადა:
”ახლა ხშირად გვეკითხებიან: გვჭირდება თუ არა საინფორმაციო ომი? რასაკვირველია, არ გვჭირდება და ჩემი აზრით, შეკითხვა არაკორექტულია. ომი ჟურნალისტებს არ გვჭირდება, ამ ომს, ისევე, როგორც სისხლიან ომებს თავს გვახვევენ პოლიტიკოსები, რომელთაც თავიანთი არსებობის გამართლებად მიაჩნიათ ადამიანების ბედით თამაში.
ჟურნალისტები იძულებით ვერთვებით ასეთ ომებში და გვიწევს ძირითადი სვლების გაკეთება შავი ფიგურებით. ეს კი ყოველთვის აისახება პროფესიონალიზმზე, რადგან საინფორმაციო ომი, პირველ რიგში, ნეგატივიზმს გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი პიროვნების ფსიქიკაზე ახდენს გავლენას. ამასთან, საინფორმაციო ომის დასრულების შემდეგ, ისევე, როგორც საერთოდ ყველა ომის, რჩება ომისშემდგომი სინდრომი, რომელიც ადვილად არ იკურნება და ადამიანები იწყებენ თავიანთი ”სიმართლის” დამტკიცებას მაშინაც კი, როცა ამას არავინ ითხოვს მათგან”.
ქართველმა ჟურნალისტმა თავისი გამოსვლა ასე დაასრულა: ”ვისურვებ, რომ თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვეყოს გამბედაობა, გამოვიჩინოთ ლოიალობა საკუთარი სამშობლოს, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ და იმავდროულად პატივი ვცეთ სხვათა ეროვნულ გრძნობებს. ამით დავამტკიცებთ, რომ წარსულიც გავიაზრეთ და ჩვენი შესაძლებლობებით უკეთესი მომავლის მოლოდინიც გავაჩინეთ საზოგადოებაში”.
ისევ საქართველოში და ისევ - ქართულ მედიარეალობაში...
ვიჯექი დარბაზში ვისმენდი რუსი თუ ტაჯიკი-ჟურნალისტების ჩივილს მათ ქვეყნებში-საინფორმაციო საშუალებების აუტანელი ყოფის შესახებ... გულში ვფიქრობდი, საქართველოში მთლად ასეც არ არის. სასტუმროდან გამოსვლის წინ ძველ საიტზე შევედი და შევიტყვე, რომ „აიტივი“ რამდენიმე ჟურნალისტს დაუტოვებია. გულმა რეჩხი მიყო, თვითმფრინავში ჩემს კოლეგებსაც მოვუყევი ეს ამბავი მრავალმნიშვნელოვნად და მათაც უკომენტაროდ დამიქნიეს თავი - ასევე მრავალმნიშვნელოვნად. მერე რაც მოხდა იცით... და ყველაფერი იმ ორშაბათს მოხდა, როცა ეს სტატია ძველ პრესა.გე-ზე უნდა დაედოთ...
ძველ პრესა.გე-ზე არეულობა კი თურმე ასე დაიწყო: ამ „ნიუსის“ გამშვებს,-ჩემს კოლეგას, გოჩა ჯელიას დე-ფაქტო გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე „შეუვარდა“ სამუშაო ოთახში და ეჩხუბა, მე გენერალური დრექტორი ვარ და ჩემს გარეშე როგორ დადეთ ეს ინფორმაციაო. „პრესაგელებმა“ კაპანაძე საკდრისი პასუხით გარეთ გაუშვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძველი პრესა.გე დატოვა ძველმა შემადგენლობამ და იქაურობას დღემდე სამსახურში ოფიციალურად გაუფორმებელი „დრონი.გე-ს“ მეპატრონე კაპანაძე ბატონ-პატრონობს, შესაბამისად - ახალი შემადგენლობაც ახლებურად შეუდგა მუშაობას.
პრესაგე.ტვ უკვე წერდა, რომ ბრიტანული ჟურნალის კვლევებში 167 სახელწიფო დაყოფილია ხელისუფლების რეჟიმის ოთხ ტიპად. პირველი - სრული დემოკრატია, მეორე - არასაკმარისი დემოკრატია, მესამე - ჰიბრიდული რეჟიმი, მეოთხე - ავტორიტარული რეჟიმი.
რეიტინგში საქართველო მესამე სახეფურზე - ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოხვდა. საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: მოზამბიკი, უგანდა, ლიბერია, ვენესუელა, რომლებიც ასევე ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოხვდნენ.
ჰიბრიდული რეჟიმების ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ჰონკონგი (მე- 80 ადგილი). ამავე ჯგუფში მოხვდნენ ყირგიზეთი (106-ე) რუსეთი (107-ე), სომხეთი (109-ე). ჰიბრიდული რეჟიმებს შორის ბოლო ადგილზე და საერთო რეიტინგში 111-ეზეა ერაყი.
ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში მოხვდა ყახაზეთი (132-ე), აზერბაიჯანი (135-ე), ჩინეთი (136-ე), უზბეკეთი 9164-ე) და თურქმენეთი (165-ე).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო პოზიციაზე – არასრული დემოკრატიის ქვეყნებს შორის იმყოფებიან ესტონეთი (33-ე), ლიტვა (41-ე) ლატვია (48-ე), მოლდოვა (64-ე) და უკრანია (67-ე).
საინტერესოა, რა განსხვავებაა ჩვენსა და რუსეთს შორის მედიათავისუფლების თვალსაზრისით? მხოლოდ 4 ადგილი, თუმცა, პრესაგე.ტვის ინციდენტი შემდეგ, ჟურნალისტურ წრეებში ხუმრობდნენ, ახლა რუსეთიც კი გვისწრებსო.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ალბათ, გასაკვირიც არ არის, თუ უცებ უკრაინელი ჟურნალისტისგან შეიტყობ ასეთ ახალ ამბავს შეიტყობ:
„იუშენკოს დროს, რომ თქვეს საქართველოს დღეები ტადება უკრაინაშიო, იცით, თქვენ, რომ არცერთი ღონისძიება არ ჩატარებულა. უბრალოდ - გამოაცხადეს და მორჩა... არცერთმა უკრაინელმა არ იცოდა, რა ტარდებოდა. ჩემი მეგობარი ჟურნალისტი მეუბნებოდა, რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოს დელეგაცია და ისინიც საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და ასევე ქართული მხარის დაფინანსებით ჩატარდა რამდენიმე ღონისძიებაო. წარმოგიდგენიათ?“, - ქართველ ჟურნალისტებს-უკრაინელი კოლეგიის ნამბობზე,-უბრალოდ - „პირი ღია დაგვრჩა“ და თვალწინ წარმოგვიდგა ქართული ტელევიზიების გაპიარებული „საქართველოს დღეები უკრაინაში“.
ამის შემდეგ უკვე აღარც ის გაგვკვირვებია, როცა ბანკეტზე უკრაინელები მოლდოვური „საფერავით“ გაგვიმასპინძლდნენ. დელეგაციის წევრმა, გოჩა გვარამიამ, რომელსაც ამ „საფერავის“ აღმოჩენა ეკუთვნის, უღო და უღო სურათები ღვინის ბოთლს, რომელშიც ესხა ეს „ღმერთების სასმელი“ და რომელიც არაფრით ჰგავდა ქართულ „საფერავს“.