უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის დაკავების პირველივე დღიდან გააქტიურდა. უკრაინის პირველი პირები სააკაშვილის მხარდასაჭერად ხშირად იყენებენ გამოთქმას „უკრაინის მოქალაქე“ და სურთ, უკრაინელი მეზღვაურების მსგავსად, ქართული ციხიდან დაიხსნან უკრაინელი სააკაშვილი.
ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ იგი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდამ მუშაობს იმაზე, უკრაინის მოქალაქეები სხვადასხვა შესაძლებლობებით დააბრუნოს სამშობლოში, ეს მიხეილ სააკაშვილსაც ეხება, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ამიტომ ამ საქმეში ჩართულია ყველა ინსტიტუცია, მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო, რომელიც საქართველოში მუშაობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება სააკაშვილს ყველა სახის საჭირო დახმარებას აღუთქვამს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი კი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, იმოქმედოს სააკაშვილის, ამ უდიდესი რეფორმატორის, სწრაფად გასათავისუფლებლად.
უკრაინელებს საქართველოდან პასუხობენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, თუმცა ის ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და მსჯავრს ქართულ ციხეში მოიხდის.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თვლის, რომ დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა.
უკრაინიდან გამოგზავნილმა მესიჯებმა ფრთები შეასხა „ნაცმოძრაობას“. თინა ბოკუჩავა იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი შეიწყალა. ამდენად, სააკაშვილის შეწყალებაც მისი გადასაწყვეტი არ იქნება, ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება.
ეკა ხერხეულიძე კი ირწმუნება, რომ სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს, „როგორ? ყველა ერთად ვნახავთ“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პრინციპული ამბავია, სააკაშვილმა სასჯელი საქართველოში მოიხადოს, რადგან დანაშაულები საქართველოში აქვს ჩადენილი.
„იმის მიუხედავად, ვისი მოქალაქეა ამჟამად, მას საქართველოში აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. ბრალდება წაყენებული აქვს იმ პერიოდისთვის, როცა ის იყო საქართველოს მოქალაქე და საქართველოს სასამართლოს განსჯადია ეს საქმეები. ამიტომ ამის გადატანა პოლიტიკურ განზომილებაში აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერაა მსჯავრდებული, სისხლის სამართლის დამნაშავეა, თანაც ბოროტ დანაშაულებშია მსჯავრდებული. მაშინ უკრაინამ უნდა წარმოადგინოს საკმარისად მყარი მტკიცებულებები, რომ სააკაშვილს უკრაინაში კიდევ უფრო უარესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გადავცეთ უკრაინას, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის აზრით, ის უცხოელი, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას მოგვთხოვს, საქართველოს მიმართ პირდაპირი მტრობის მანიფესტაციას გამოხატავს და საქართველოს მტერი იქნება.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, უკრაინაში ჩასული ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს აუცილებლად დაელაპარაკებოდა ზელენსკის სააკაშვილთან მიმართებით. აუცილებლად ეტყოდა ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ჩვენ არ გვჭირდება სააკაშვილი, გააფრთხილებდა ზელენსკის, რომ მიშას უთუოდ დააპატიმრებდა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში. ამიტომ, გარკვეულწილად, ზელენსკისაც ეცოდინებოდა ამ სცენარის შესახებ.
„შეიძლება, პირდაპირ არ ეთქვა ღარიბაშვილს, არ გამოუშვა სააკაშვილი საქართველოშიო, მაგრამ აგრძნობინებდა ზელენსკის, რომ ერჩივნა სააკაშვილი არ ჩამოსულიყო. ახლა უკვე ნებისმიერ საყვედურზე უკრაინიდან, რატომ დააპატიმრეთ ჩვენი მოქალაქეო, ღარიბაშვილს ექნება უფლება, თქვას ან საჯაროდ, ან დახურულად, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ, ხომ გითხარით, თუ ჩამოვა სააკაშვილი, დავაპატიმრებთ, მით უმეტეს, არჩევნების კონტექსტში. როდესაც რაღაც ხდება ქვეყანაში, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საელჩო აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, გარეთ არ გახვიდეთ, ან თუნდაც ავღანეთში არ ჩახვიდეთ, ირანში არ ჩახვიდეთ, საფრთხე გემუქრებათ, წესით, უკრაინის ხელისუფლებასაც უნდა ეთქვა საკუთარი მოქალაქე სააკაშვილისთვის, არ ვიცით, შენ რას აპირებ, შენი გეგმები რა არის, მაგრამ ჩვენი რჩევაა, როგორც ჩვენი მოქალაქის მიმართ, არავითარ შემთხვევაში, არ ჩახვიდე საქართველოში, რადგან შეიძლება შეგემთხვათ საფრთხე“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას.
ანალიტიკოსს აინტერესებს, გადაეცა კი სააკაშვილს ასეთი გაფრთხილება? თუ არ გადაეცა, ეს კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს უკრაინას, რადგან ასეთ დროს აფრთხილებენ საკუთარ მოქალაქეებს. თანაც, სააკაშვილი უკრაინაში ჩინოვნიკია, სამსახურშია, ამიტომ საინტერესოა, მან აიღო უკრაინაში შვებულება? აცდენს სამსახურს? „მივლინებაში“ საქართველოში ჩამოვიდა? ეს პრინციპულ საკითხად იქცევა, თუკი უკრაინა მკაცრ პოზიციას დაიკავებს საქართველოსთან მიმართებით. მაშინ ქართული მხარე ეტყვის უკრაინას, უკაცრავად, მაგრამ თქვენს მოქალაქეს რა უნდა საქართველოში? რატომ ჩამოვიდა და დაარღვია კანონი? როგორ შემოვიდა? რატომ ერეოდა ჩვენს საქმეებში თქვენი ჩინოვნიკი? ასე რომ, პაატა ზაქარეიშვილი ეჭვობს, რომ უკრაინას გაუჭირდება მკაცრი პოზიციის დაკავება.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, სააკაშვილი უკრაინასაც გადასცენ მათი მოთხოვნის გამო, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას მოითხოვს ევროკავშირი, ამერიკა, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ სააკაშვილი არ შეიძლება დიდხანს იყოს ციხეში.