ექს-პრემიერი გიორგი გახარია „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საკრებულოებში პოლიტიკურ ვაჭრობას იწყებს. ის მათ არა კოალიციას, არამედ დიალოგს და თანამშრომლობას სთავაზობს. გახარიას მიაჩნია, რომ არც ერთ მათგანს უმრავლესობა არ უნდა შეუქმნას, რადგანაც ეს მას პოლიტიკურად დააზიანებს, თუმცა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელ მათგანთანაც იდეოლოგიური თანხვედრა მოხდება, სიტუაციურად იმასთან ითანამშრომლებს. მას ორივე პარტიიდან გამოეხმაურნენ. „ოცნებისგან“ უარი მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა აქვე დაამატეს, რომ გახარიას თუ რეალური ოპოზიციონირება უნდა, მათ ნავში უნდა ჩაჯდეს.
ექს-პრემიერის ამ შეთავაზებას ანალიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მათგანი მიიჩნევს, რომ გახარიამ იჩქარა, რადგანაც ის პროცესების საბოლოო განვითარებას უნდა დალოდებოდა, ხოლო „ოცნება“ და „ნაციონალები“ წინადადებებით მასთან უნდა მისულიყვნენ. მას შეეძლო დრო გაეწელა და მისი მნიშვნელობა ორივე პარტიისთვის უფრო მკაფიოდ ეჩვენებინა. თუკი „ოცნებასთან“ კოალიციას შექმნიდა ეს მას ნაკლებად დააზარალებდა, რადგანაც მისი ამომრჩეველი მაინც ყოფილი მმართველი გუნდის ელექტორატია.
ნაწილი მათგანი კი მიიჩნევს, რომ გახარიამ ორივეს დაასწრო, რადგანაც მათ შორის შეთანხმება არ მოხდეს და ის თამაშგარეთ არ დარჩეს. თუკი ის „ნაციონალებთან“ ვაჭრობას შეძლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებად უმცირესობაში მყოფ პარტიის წევრებს დაანიშნინებს, მისი ამომრჩევლის თვალში წარმატებად ჩაითვლება. ხოლო „ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლა მას საბოლოოდ დაღუპავს.
გახარიას შეთავაზება
პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ. თუმცა, იქვე დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან ფარულ მოლაპარაკებებს ცდილობენ, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დააკომპლექტოს.
„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს. ესაა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ორ ძალას მივცეთ შესაძლებლობა, მოილაპარაკონ. ესაა დავალება, რაც ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვცეს, რომ საკრებულოები იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული. ამ პროცესში არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, უპირობოდ დავეთანხმებით მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს. ხოლო, თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე მონაწილეობის მიღებას არ ისურვებს, ან ამ ფორმატში გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, ჩვენ ვიმოქმედებთ ძალთა ბალანსის პრინციპით, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია და ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება“, - განაცხადა გახარიამ.
როგორც აღვნიშნეთ გახარიამ პარტიების კულუარული მცდელობები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ პარტიები მას სანაცვლოდ „რაღაც სარგებლებს“ ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: „რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში“.
პასუხი გახარიას
„გახარიასთან ჩვენი გუნდიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა“, - იუარა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან იქნება, ვინც საკრებულოებში იმ პოზიციაში არიან, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხის ბედი გადაწყვიტონ.
„საერთოდ, პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები არ არის უჩვეულო ამბავი, მაგრამ უჩვეულოა ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობა. რაც შეეხება საკრებულოებში მისი წარმომადგენლების პოზიციას, ის განპირობებული უნდა იყოს არა მოლაპარაკებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება „ნაცმოძრაობასთან“ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, თუნდაც, ცალმხრივ ფორმატში, არამედ იმ ინტერესებიდან, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია. აქედან გამომდინარე, თემატური პოზიცია უნდა შეარჩიონ მათმა წარმომადგენლებმა, პირადად გახარიაზე განზრახ არ მაქვს საუბარი და გადაწყვეტილება თემატური საკითხებიდან უნდა მიიღონ - რომელი შეთავაზება სჯობს საზოგადოებისთვის, რომელსაც ისინი ადგილზე წარმოადგენენ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები, ან ჩურჩული და კონსპირაცია რასაკვირველია, მისაღები არ იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს და არჩევნების შემდეგ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს ის არის ოპოზიციაში თუ ის არის ივანიშვილის სახელისუფლებო პროექტი“, - გახარიას პროვოცირებას შეეცადა ნაციონალი თინა ბოკუჩავა.
„გიორგი გახარიამ უნდა გადაწყვიტოს ოპოზიციასთან დადგება თუ ხელისუფლებასთან. ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება საკრებულოებში ყველგან, მთელი ქვეყნის მაშტაბით. ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.
საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ამ კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე“ , - განაცხადა ბოკუჩავამ.
პოლიტიკური ვაჭრობა
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ამ შეთავზებით ერთი მხრივ იჩაქრა, მეორე მხრივ კი ცოტა უცნაური შეთავაზებაა, რადგანაც თუკი „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგდებიან, გაუგებარია, ის რაღაში დასჭირდებათ. სალუქვაძის თქმით, პარტიები კოალიციას პროგრამებზე, იდეოლოგიაზე დაფუძნებით ქმნიან და არა მხოლოდ იმ სარგებლით, როგორმე კოალიცია შეკრან და მთავრობა ჩამოაყალიბონ.
„როცა ასეთი სერიოზული გამოცდილების პოლიტიკოსი შეთავაზებას აკეთებს, რომ სამი ყველაზე მსხვილი პარტია, რომელიც არჩევნებში ლიდერობს და ჯამში, ლამის 90%-ს აგროვებს, გახარია მათ სთავაზობდეს 10%-ის წინააღმდეგ პირი შეკრან, წარმოუდგენელი ამბავია. მსგავსი კოალიცია ჯერ მსოფლიოში არ მინახავს. როგორც გახარია ამბობს, დაბალანსებულად თანამდებობის განაწილება მოხდეს, იგივე კოალიციის შექმნას ნიშნავს. თანამდებობების გადანაწილება სხვა აბა რა გამოდის? გახარიას და ნაციონალებს, მაგალითად, ბათუმშიც შეუძლიათ „ოცნების“ გარეშე კოალიცია შექმნან. ამ დროს შეიძლება მერი „ოცნების“ იყოს. ამით ქვეყანა არ ინგრევა და ეს არაფერს წყვეტს. შეიძლება რაღაცა ბიუჯეტის დამტკიცებაზე პრობლემები ჰქონდეთ, თუმცა ესეც ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვიურად მთლიანი ბიუჯეტის ერთი მეორედი დაიხარჯება. ამას, ალბათ, რაღაცა ტენდერებზე გავლენა ექნება, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. შემდგომში არაა გამორიცხული კოალიცია დაიშალოს და „ოცნების“ მხარეს ვინმე გადმოვიდეს და ახლა უმრავლესობა მათ შექმნან. მათი ღირებულებებიდან გამომდინარე გასაკვირი არაფერია“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, გახარიას წევრების და ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნა პრობლემა იქნება. ბევრი მათგანი ამის წინააღმდეგ წავა, რადგან ღირებულებებით და იდეოლოგიით გახარიას ამომრჩეველი ენმ-ისგან რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომაც გახარია ამ შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ცოტა დაიკარგა და პოლიტიკურად არასწორი შეთავაზება გააკეთა.
„ნაჩქარევი წინადადება იყო, მას დრო მეტად უნდა გაეწელა და მისი საჭიროება უნდა ეჩვენებინა. მასთან შეთავაზებებით აქეთ უნდა მოსულიყვნენ და არა პირიქთ. ის რა მოლოდინიც არსებობდა მის მიმართ, ქალაქის მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დაყენების და იმ შედეგების შემდეგ, რაც საბოლოოდ აჩვენა, მოლოდინი გაცამტვერდა. რაც შეეხება იმის შიშს, რომ გახარიას აფილირება „ოცნებასთან“ ან კიდევ ენმ-თან არ მოხდეს, გასაგებია, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის ბრალია და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწესებული სტანდარტია. თუ „ნამდვილი“ ოპოზიციონერი ხარ, მაშინ მათ ფანჩატურში უნდა იყო. თუ მათთან არ თანამშრომლობ მაშინ ოპოზიცია არა ხარ. ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მაგალითებს გადავხედოთ, იგივე ისრაელის მაგალითი ავიღოთ - დღეს შეიძლება ხელისუფლებასთან შექმნა კოალიცია და ხვალ ხელისუფლების წინააღმდეგ. გააჩნია საკითხებს, რაში შეთანხმდები და რაში ვერა. თანამდებობის განაწილება კი არ არის მთავარი, ჯერ სტრატეგიაზე, პროგრამებზე, დაპირებებზე, იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე ლაპარაკობენ“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან და მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკოსი გამოდის და საკუთარ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, მაშინ იმ პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, რომელიც ღირებულებებით უფრო ახლოს არის და ამ თანამშრომლობას ამომრჩეველი მტკივნეულად არ მიიღებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გახარიას უნდა აჩვენოს, რომ არც იქით არის და არც აქეთ, მაგრამ ეს არ გამოუვა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია სწორედ იქცევა, რადგანაც ის ორივე პარტიას სთავაზობს არა თანამშრომლობას, არამედ დიალოგს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გახარია ვაჭრობს და ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც თუკი ამ ვაჭრობაში ენმ აჰყვა, მაშინ ამაში ცუდი არაფერია.
„ოცნება“ თუ გახარიას დიალოგზე უარს ეუბნება, მაშინ ისინი ისევ ემოციაში არიან და „მაღალატის“ კლიშეს ვერ გასცდნენ. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ამიტომაც პოლიტიკაში თამაშია საჭირო. იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარია შეიძლება შეთანხმდნენ და საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას კაცი დაინიშნა, ეს მისი ამომრჩევლის თვალში წარმატებად ჩაითვლება. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილი ნათელაშვილთან რომ შეთანხმდა და საკრებულოს თავმჯდომარეობა დაუთმო.
პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები წინ წავიდა. დაახლოებით ასეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს, ისევ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს ეს არავის აწყობს. მაინც მიმაჩნია, რომ ყველას თანამშრომლობა ურჩევნია. გახარიას მთავარი ამოცანაა, რომ ამომრჩეველი გაამრავლოს. ამიტომ ვაჭრობაში უნდა შევიდეს და გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს. აბა, პოლიტიკოსის მიზანი სხვა რა არის. პირიქით, მისი ამომრჩეველი იტყვის, რომ ყოჩაღ უმცირესობაში ხარ, მაგრამ უმრავლესობის მოპოვებას ცდილობ“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, გახარია ახლა საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობს და აჩვენებს, ორ ყველაზე დიდ პარტიასთან პოლიტიკურად როგორ ლავირებს. ეს მას დამატებით ამომრჩეველს მისცემს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გახარიას ორი ვარიანტი აქვს, ან ეკვრება „ოცნებას“ და იკარგება, რადგანაც იმუშავებს ლეგენდა, რომ ის ისევ ივანიშვილის კაცია, ხოლო თუკი ის ენმ-თან შევა არა კოალიციაში, არამედ ვაჭრობაში, ამით უპირატესობას მოიპოვებს, ის შუაშისტ ამომრჩეველს უფრო დააინტერესებს.
„გახარიამ წინმსწრებად შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, „ოცნებასაც“ დაასწრო და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა იმის, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთში თავადვე შეთანხმდნენ და გახარია სულაც არ დასჭირდეთ, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. გახარიამ ამიტომაც შეთავაზება გააკეთა. მათ შორის შესაძლო შეთანხმებას დაასწრო“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.