სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების 2020 წლის ბრუნვის მოცულობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა და საოცარი ციფრებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა. ირკვევა, რომ პანდემიისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რის გამოც ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო დაწესებული, გასულ წელს ამ სექტორის ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე ექვსი მილიარდი ლარით მეტია.
ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ ბიზნესის ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, თუმცა მკვეთრი მატება 2018 წლიდან დაიწყო. 2020 წელს კი, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების, იგივე კაზინოების ბრუნვის მოცულობის მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ გასულ წელს, როდესაც კაზინოებს, როგორც სხვა ბიზნესებს მომხმარებლების მიღება აეკრძალათ, მოქალაქეებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლეს და ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმებს მიმართეს.
მიუხედავად გაზრდილი ბრუნვისა, 2020 წელს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდბ 2019 წელს აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიები 10 816 ადამიანს ასაქმებდნენ, 2020 წელს კი, დასაქმებულთა რაოდენობა 9 864-მდე შემცირდა. ასევე, იკლო საშუალო ხელფასმაც. 2019 წელს სექტორში საშუალო ხელფასები 467 ლარით შემცირდა და 1 599 ლარი შეადგინა.
ეკონომისტები დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან სათამაშო ბიზნესის ასე უკონტროლო ზრდას. თანაც, არაერთი დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებას რაიმე მნიშნელოვანი რეგულაცია მათ წინააღმდეგ არ შემოუღია, მათ შორის რეკლამირების შეღუდვაც კი, რომელსაც წლებია პოლიტიკოსების და ეკონომისტების დიდი ნაწილი ითხოვს.
ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ სწორედ სათამაშო ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭი, რადგან აზარტული თამაშები არის ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს მომიჯნავე სექტორები, რომ განვითარებაში დაეხმაროს.
„ახლა ვართ რეალობაში, როცა ეკონომიკაში თუ რამე ფული ტრიალებს, მას გაიწოვს სათამაშო ბიზნესი სრულად. ეს გასაკვირი არ არის, როცა ისეა მიშვებული ეს სექტორი როგორც ჩვენთანაა. არადა, ძალიან სპეციფიური სექტორია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება მისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური გავლენების გამო.
ახლაც კი, როცა რეალური სივრცის კაზინოები დახურულია, მოგება ისევ დიდი მასშტაბით იზრდება. ყველა მოწყობილობაში, მობილურიდან-კომპიუტერამდე მინი-კაზინოებია ჩართული. ეს სექტორი არ საჭიროებს რეგულაციების დაცვას რომ ჩვეულ რეჟიმში იმუშაოს.
ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკის განვითარების ყველა დიდი მუხრუჭი სათამაშო ბიზნესია. გამომდინარე ერთი, მარტივი ჭეშმარიტებიდან - ზრდა რომელიც ამ სექტორს აქვს, სხვა სექტორებიდან არის მიღებული, რომელიც რაღაცას ქმნის. სათამაშო ბიზნესი კი არ ქმნის არაფერს, ამ რეალობაში არც სამუშაო ადგილებს, რადგან თამაშები ონლაინაა.
ეს არის ერთადერთი სექტორი, რომელიც არცერთ მომიჯნავე დარგს არ აფინანსებს. არც კი ჰყავს ასეთი დარგები. ამიტომ მე გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ამ პირობებში რა პირობებითაც დღეს აზარტული თამაშების ბიზნესი ფუნქციონირებს, იქნება ასე ან ამაზე უარესად“, - განაცხადა ზურა კუკულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისი აზრით, შეზღუდვა სწორედ ონლაინ კაზინოებს უნდა შეეხოს, რადგან მიწის კაზინოში უმეტესად ის ადამიანები თამაშობენ, რომლებსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.
შეგახსენებთ, სათამაშო ბიზნესი პანდემიის დაწყებიდან სრულად ონლაინ სექტორშია გადანაცვლებული და შეზღუდვების მოხსნის არც ერთ ეტაპზე არ გახსნილა.