„სააკაშვილს არ შეუძლია, რეალურად თავი გაწიროს იდეალებისთვის, უბრალოდ, მას აქვს წარმოსახვები, რომ ის გადარჩება ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა მოხდეს მის გარშემო. ამიტომაც გამოიპარა უკრაინიდან და საქართველოში შემოიპარა. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის აჩრდილი დაძრწის ევროპაშიც და საქართველოშიც და ცდილობს, სამართალი მასხრად აიგდოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
ოპოზიცია ცდილობს, მეორე ტურის დანიშვნა საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს და ყალბი მოლოდინი შექმნას 30 ოქტომბრისთვის. სინამდვილეში, მეორე ტურის ალბათობას გახარიას პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ ხელისუფლებაც არ გამორიცხავდა. რა დააკლო „ქართულმა ოცნებამ“ და, კონკრეტულად, კახა კალაძემ ამ არჩევნებს?
- მეორე ტურის დანიშვნა დემოკრატიაში ჩვეულებრივი ამბავია. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც ჰყავს მხარდაჭერები და ეს არის საკვირველი. მეორე ტურის დანიშვნა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი გახარიას ფაქტორია, მაგრამ მოლოდინი ასეთია, მეორე ტური კახა კალაძის გამარჯვებით დასრულდება. კალაძე აბსოლუტურად უალტერნატივოა. კახა კალაძეს ამ არჩევნებისთვის არაფერი დაუკლია. იმუშავა იმ სცენარმაც, თითქოს ეს ადგილობრივი არჩევნები კი არ არის, არამედ რეფერენდუმია, მელია ამ დროს არა კონკრეტულად მერობის კანდიდატი იყო, არამედ რეფერენდუმის სიმბოლო. მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული აქვს გამარჯვება, რადგან აქ არჩევანი არ არსებობს, წესიერი ადამიანი დედაქალაქში თუ ნებისმიერ რაიონში „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, რადგან ეს არჩევნები კი არ არის, აქ ლაპარაკია ერთ რამეზე - წესიერებას ავირჩევთ, თუ უწესობას, ადამიანურობას, თუ არაადამიანურობას.
სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებზეც ძირითადი არჩევანი გაკეთდა პოლარიზებულად - მიშასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილმა ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა, 9 წელი - ხელისუფლებაში ყოფნისას, კიდევ 9 წელი - უკრაინაში ყოფნისას. თუ ირაკლი კობახიძეს დავესესხებით, გამოდის, სააკაშვილმა მომდევნო წლები ციხიდან უნდა შექმნას პრობლემები და სულ სააკაშვილის გარშემო უნდა ვიტრიალოთ მთელი მეოთხედი საუკუნე?
- სააკაშვილი ვერაფერსაც ვერ მოახერხებს, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივიღებთ სააკაშვილს, როგორც ფაქტორს. შეიძლება დატანჯოს კაცი ამ ფაქტორმა, თუკი ასეთნაირად განეწყობა ადამიანი. ირაკლი კობახიძე ჩვენი მდგომარეობის უტრირებას ახდენს, რაც ჩვენ გვჭირს სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული, 2012-13 წლამდე. ცხადია, ეს არის ტანჯვა, გარკვეულ სოციალურ კლანს, სოციალურ ფენას, ადამიანების გარკვეულ ნაწილს არ სურთ რეალობასთან შეგუება, არადა, რეალობა მარტივია, სააკაშვილის ადგილი თანამედროვე საქართველოში არ არსებობს.
სააკაშვილი პირიქით მიიჩნევს, ის ფიქრობს, რომ მისი ადგილი საქართველოშია და არა უკრაინაში ან სხვაგან. ფაქტია, უკრაინაში ვერ იმკვიდრებს თავს, ვერც სხვაგან მსოფლიოში.
- მისი ადგილი არსად არ არსებობს, ეს არის ფენომენი, რომელიც ხაზს უსვამს წარმოუდგენელ შეუთავსებლობას იმას შორის, რაც უნდა იყოს რეალობაში და რაც მას წარმოუდგენია. სააკაშვილს სურდა ისეთი წესრიგი, სადაც თვითონ იქნებოდა მზე და გარშემო იქნებოდნენ ვარსკვლავები, რაც აბსოლუტური იდიოტიზმია.
საზოგადოება იცნობს მის ფსიქოტიპს, მას არ შეუძლია იდეალისთვის თავი გაწიროს, უფრო პრაგმატული პოლიტიკოსია, ამდენად, საინტერესოა, რისთვის შემოვიდა საქართველოში - არეულობისთვის, თუ ციხისთვის, თუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს?
- ცხადია, მას არ შეუძლია, რეალურად თავი გაწიროს, უბრალოდ, მას აქვს წარმოსახვები, რომ ის გადარჩება ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა მოხდეს მის გარშემო.
გარანტიები ხომ არ მიიღო დასავლეთისგან, ან ვინმესგან საქართველოში?
- არანაირი გარანტიები არ მიუღია, სააკაშვილი თვლის ძალიან მარტივად, რომ იმ აბსურდში, რაშიც ცდილობს, გვამყოფოს, ის იქნება ცენტრალური ფიგურა. აქ სასწორზე დევს, ერთი მხრივ, სააკაშვილის იაფფასიანი პოპულარობა და, მეორე მხრივ, საქართველო.
ციხეში მყოფი სააკაშვილი ტვირთია „ქართული ოცნებისთვის“?
- არანაირი ტვირთი არ არის, ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე. თუ საზოგადოება ისე მიიღებს სააკაშვილს, როგორც მას სურს, მაშინ ის ტვირთად იქცევა ამ საზოგადოებისთვის და ეს არარა ანგარიშგასაწევად იქცევა, ეს დრამაც არ არის, ეს არის აბსურდის ბალაგანი. ისეთი ვითარებაა, როცა სააკაშვილი ღირებულებას არქმევს იმას, რაც არის არარა.
არის ასეთი მოსაზრება, სააკაშვილის დანაშაულები ჯეროვნად რომ ემხილებინა ამ ხელისუფლებას, მეგის ქარდავას მსგავსად, „ნაცმოძრაობას“ შეიძლება მის მიმართაც იგნორირების გზა აერჩია, თითქოს სააკაშვილს არ იცნობდნენ. თქვენ რას ფიქრობთ?
- მეგის ქარდავასგან განსხვავებული ვითარებაა სააკაშვილთან მიმართებით, თუმცა შეუძლებელია „ნაცმოძრაობა“ გაემიჯნოს მეგის ქარდავას ისევე, როგორც შეუძლებელია, გაემიჯნოს სააკაშვილს. არსებითად ეს ერთი და იგივეა, უბრალოდ, გამოხატულების სხვადასხვა ფორმაა. „ნაცობის“ ერთი გამოხატულებაა ქარდავა, მეორე გამოხატულებაა სააკაშვილი. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე რაც კი ნეგატიურად წარმოგვიდგენია, მასში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი - ფლიდობა, პარტიკულარიზმი, სახელმწიფოს მიტაცება. როგორც იკვეთება, გემით შემოვიდა საქართველოში. აქ ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ის შემოიპარა, ე.ი. ლეგალურად საზღვარი არ გადმოკვეთა და მას არასდროს გონებაში არ მოუვიდოდა, ლეგალური გზით შემოსულიყო. მისი ყოფა, არსება, ეგზისტენცია უკანონოა, კანონს ვერ ეგუება. სახარებისეული იგავია, ადამიანი, რომელიც წესიერი მიზნებით მოდის, აუცილებლად კარებიდან შემოდის, წესიერი ადამიანი არ შემოვა ავაზაკისებრი გზით. სააკაშვილი უკრაინიდანაც გამოიპარა და საქართველოშიც შემოიპარა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის აჩრდილი დაძრწის ევროპაშიც და საქართველოშიც და ცდილობს, სამართალი მასხრად აიგდოს. ეს არის „მოვლენა“ არა მარტო საქართველოს, საერთო ევროპული მასშტაბითაც, ადამიანი, რომელიც სამართალს იგდებს მასხრად. მთელი ჩვენი ყოფიერება, როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოსი, დაკავშირებულია სამართალთან. სამართალს თუ მასხრად აიგდებ, არავითარი დასაყრდენი აღარ რჩება საზოგადოებას. ის, რომ მას ზოგიერთები პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, პოლიტიკური სპეკულაციებია. ვითარება ძალიან მარტივია, არავითარი რაციონალური სტრატეგია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს და მიმართავს ამ გზას - სააკაშვილის გამოყენებას. საქართველოს მოსახლეობა ბრმა არ არის. სააკაშვილი ემზადებოდა 3 ოქტომბრის არეულობისთვის, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, მის ავანტურას არავითარი განვითარება არ ექნებოდა. მას სურს, საქართველო გადაიყვანოს აბსურდში, მაგრამ ხალხი მის დასაცავად არ გამოვა. ქართველმა ადამიანმა იცის განსხვავება ბოროტებასა და სიკეთეს შორის.
რისთვის ემზადებიან სააკაშვილის მცირერიცხოვანი მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან - რევოლუციისთვის?
- რესურსები რევოლუციისთვის არ აქვთ. ცოტა ხალხია შეგროვილი სააკაშვილის მხარდასაჭერად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი და, მიუხედავად პოლარიზაციისა და „ნაციონალების“ აქტიურობისა, ისინი ვერასდროს ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შეცვლას. ისინი ვერ შეძლებენ სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალონ სააკაშვილის სასარგებლოდ. დღეს არ არის ისეთი საქართველო, როცა ასეთი ამბები ხდებოდა ხოლმე.