„არავითარი აუცილებლობა, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს არ არსებობს, „ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებას ივანიშვილის გამოჩენაზე მეტად, სააკაშვილის ციხეში ყოფნა ახდენს“

„არავითარი აუცილებლობა, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს არ არსებობს, „ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებას ივანიშვილის გამოჩენაზე მეტად, სააკაშვილის ციხეში ყოფნა ახდენს“

რატომღაც საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ 30 ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილი მეორე ტურისთვის ხელისუფლების მხარდასაჭერ მოწოდებას გააკეთებს. როგორც ჩანს, ეს მოლოდინი ოპოზიციის ზედმეტმა ბაქი-ბუქმა გააჩინა - ოპოზიცია საზოგადოებას ეტრაბახება, რომ მეორე ტურებში ხელისუფლებას 20-ივე დიდ ქალაქში დაამარცხებს. გარდა ამისა, ოპოზიციას თავი სირაქლემასავით ქვიშაში აქვს ჩარგული და ივანიშვილს და ხელისუფლებას, ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილით აშინებს. ასე რომ, მითიური წრეც შეიკრა, რამაც ყალბ მოლოდინს დაუდო საფუძველი - ივანიშვილი საარჩევნოდ ისევ გამოჩნდება!  

ერთია ოპოზიციის რიტოროკა და მეორე რეალობა - ივანიშვილს რაში სჭირდება, ან რა აუცილებლობა დგას, რომ უკან, პოლიტიკაში დაბრუნდეს, ამაზე ოპოზიციას ანალოტიკოსები სცემენ პასუხს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ახლა ამ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის და ისევ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნების აუცილებლობა არ არსებობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად სააკაშვილის ციხეში ყოფნისა და ოპოზიციის მხრიდან მოწოდებისა, რომ მის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი აქციები უნდა გაიმართოს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ფაქტის მიმართ ინფანტილურად არის განწყობილი. ხელისუფლება კი შექმნილ სიტუაციას თავს გაართმევს და არაა საჭირო ივანიშვილმა 2018 წლის მსგავსად მოწოდება ან განცხადებები გააკეთოს.

„არ მიმაჩნია, რომ ახლა ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავ ისეთი სიტუაციაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ან პოლიტიკაში უნდა შემობრუნდეს, ან კიდევ მოსახლეობას უნდა მიმართოს. მერე, რა რომ 20 ქალაქში მეორე ტურებია ჩანიშნული. ეს არაფერს არ ნიშნავს, რადაგნაც როგორც წესი, ასეთ დროს ხელისუფლების ამომრჩეველი უფრო მობილიზებული ხდება, ვიდრე ოპოზიციის. ოპოზიცია ბევრს ვერაფერს იზამს. მან თავისი ხმების მაქსიმუმის მობილიზება პირველივე ტურში შეძლო.

მეორე ტურში მას სხვა რესურსი აღარ აქვს. გახარიას ამომრჩეველი, სახლში დარჩენილი „ანტიმიშა“ ამომრჩეველი და ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლების ბალანსზეა, ამიტომ სულაც არ არის იმის აუცილებლობა, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს. მეორე, სააკაშვილის ციხეში ყოფნა და ოპოზიციის აქტიურობა „ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებას უფრო ახდენს, ვიდრე ეს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით შეიძლება მომხდარიყო. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიში იმდენად მძაფრია ჩვენს საზოგადოებაში, რომ მეორე ტურებში ივანიშვილის მოწოდება საჭირო აღარ არის. ამიტომაც არ ველი, რომ ის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის გამოჩნდეს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია გარკვეული მანიპულაციებით ხალხის ქუჩაში გამოყვანას ცდილობს და მელია საკრებულოებში კოალიციურ მმართველობას აანონსებს, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვერაფერს გახდება.

„მოსახლეობას სააკაშვილის გამო ქუჩაში გამოსვლა თუ უნდოდა, მაშინ მისი დაკავების დღეს გამოვიდოდა. ან კიდევ ციხესთან ისეთ მასშტაბურ აქციებს გამართავდა, რომ ხელისუფლება აქამდე შეშინებული ეყოლებოდა. თუმცა ამას ვერ ახერხებენ, რადგანაც სააკაშვილზე მითი მისი დაკავების შემდეგ დაინგრა და ამ მითს ხელახლა ტყუილების მოგონებით ვეღარ შექმნიან.

არანაირი საჭიროება არ გახდება იმის, რომ ივანიშვილი ისევ უკან პოლიტიკაში დაბრუნდეს. სააკაშვილი ხელისუფლებას პრობლემებს აქამდე შეუქმნიდა და ვიდეოების დადებას არ დაიწყებდა დამიჭირეთო. ეს ცალკე განსახილველი და ამოუხსნელი ამბავია. არანაირი ექსესები, დაპირისპირება და რევოლუცია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხი სჭირდება, ხალხს კიდევ ეს არ უნდა. ამიტომ ოპოზიციას ვურჩევ სიმართლე თქვან და რაღაცის გამოგონებას მოეშვან. ჩარკვიანის განცხადება, რომ სააკაშვილის ლიკვიდაციას რუსეთი გეგმავს და ეს უტყუარი ინფორმაციაა, ცოტა აბსურდია. საზოგადეობა უკვე ძალიან კარგად აანალიზებს რა და როგორ არის. ამიტომ ასეთი ამბების გამოგონება მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

დავით ქართველიშვილი გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან უკან პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან კიდევ მან საზოგადოებას განცახდებით მიმართოს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველო ივანიშვილის სიტყვის ფასს უნდა მიეჩვიოს. რომ არა მართლა ფორსმაჟორული სიტუაცია და ივანიშვილის რეპუტაციის ეჭვის ქვეშ დაყენება, ის გიორგი გახარიასთან დაკავშირებითაც არანაირ განცახდებას არ გააკეთებდა.

„გახარიას პარტიის შექმნის შემდეგ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ლოგიკური იყო. ეს იყო პირდაპირ მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობა, რაზეც მას პასუხის გაცემა მოუწია. ის პოლიტიკას დაემშვიდობა და თავისივე შექმნილი გემი ზღვაში გაუშვა. გააფრთხილა გარკვეული მოულოდნელობის თაობაზე, მაგრამ გაქრა. ის პარტიის შიდა სამზარეულოში მონაწილეობას არ იღებს. არც ამ არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მეორე, აბოსლუტურად არ ვეთანხმება პესიმისტურ შეფასებებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 10%-ის გამოკლებისა, რომელიც გიორგი გახარიას მხარეს გადავიდა, ხელისუფლების რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შენარჩუნდა და არ დაკლებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ის ძველი გვარდია დაუბრუნდა, რომელიც 2012 წლიდან ჰყავდა. მათ ირაკლი ღარიბაშვილის სახით იმედი დაინახეს. ამიტომ სააკაშვილის უმტკივნეულოდ დაკავებამ და ციხეში გამწესებამაც კარგად აჩვენა, რომ ახლანდელი ხელისუფლება თავს ძალიან კარგად ართმევს გამოწვეულ პროცესებს და სულაც არ არის საჭირო, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს. სააკაშვილის ჰერაკლეზაცია დასრულდა. ის თეთრ ცხენზე ამხედრებული თავის სექტანტებს ვეღარ წარუძღვება. ის არის ლიდერი, რომელიც ქვეყანაში ქურდულად შემოიპარა და სადღაც ჯურღმულში დააპატიმრეს. ამიტომაც ყველაფერი დასრულდა“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

Goliaff გამოჩნდება თუ დაბრუნდება აი დარდი. მაგარი შეუგნებელი ხალხი გავხდით, 2022 წლისთვის ჩუმად გამოგვიცხადეს რომ დენის ტარიფის სუფსიდირება მოიხსნება, გაზი ევროპაში გაძვირდა, დოლარი ნელნელა მიცოცავს ზემოთ, ხორცი გაძვირდებაო იმპორტიორებმა გვახარეს და ამ გამოთაყვანებულ ხალხს ის აინტერესებს მიშა რას ჭამს ციხეში და ბიძინა თუ გამოჩნდება. მიდით, იალაპარაკეთე ათას სისულელეზე, იმ ხელისუფალის ღირსი ხართ რასაც იმსახურებთ თქვენი შეგნებით.
3 წლის უკან