ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, ჩიუ გო-ჩენმა განაცხადა, რომ ჩინეთთან სამხედრო დაძაბულობა ყველაზე სერიოზულია ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ჩინეთის 148 სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ თუ ტაივანის დემოკრატიასა და ცხოვრების წესს საფრთხე შეექმნება, ტაივანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავი დაიცვას.
„ტაივანი თუ დაეცემა, ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება რეგიონალური მშვიდობისა და დემოკრატიული ალიანსის სისტემისთვის. ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ღირებულებების დღევანდელ გლობალურ შეჯიბრში ავტორიტარიზმი დემოკრატიაზე იმარჯვებს“, - აღნიშნა ტაივანის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს მოუწოდა, ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს.
4 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.