4 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციაზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იყო სლოგანი: „თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს“, ასევე ისმოდა მუსიკა „მიშა მაგარია!“ აქციაზე დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავდნენ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეშვილი მიიჩნევს, რომ ამ აქციებს პერმანენტული და მასშტაბური ხასიათი არ ექნება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ქართული ოცნება“ მიუღებელია, კიდევ უფრო მიუღებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი.
„ეს აქცია აქტივისტების მიერ იყო გამართული, მაგრამ ისინი პოლიტიკას არ ჰქმიან. აქტივისტები საზოგადოებას „ახურებენ“ და მუხტს სძენენ. თუმცა, თუკი საზოგადოება არ გამოვა, ეს ყველაფერი ჩაფლავდება. თანაც სიცივე დაიწყო, ცალკე ეს პანდემია. მოქალაქეები, რომელმაც ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას,“ ისინიც კი არ არიან მზად, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. ამიტომ, არ მგონია, რომ ამან მასშტაბური და მასობრივი ხასიათი მიიღოს. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნება,“ კიდევ უფრო მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა.“ ეს ღონისძიებები ჩაფლავდება, თუმცა, მათ უფლება აქვთ ამის გაკეთების, მოვალეობაც კია, მათი ბელადისთვის გაისარჯონ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი სხვა სცენარს განიხილავს, რომელიც მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის შემდეგ გათამაშდება, კერძოდ: ნოემბერ-დეკემბრის თვეში ხელისუფლებამ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინას გადასცეს, როგორც უკირაინის მოქალაქე.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანია ექსპრეზიდენტის საქართველოს ციხეში ყოფნა. მისივე თქმით, თუ რაიმე აქცია დაიწყება ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით იქნება გამოწვეული.
„ვფიქრობ, ეს წავა სხვა მიმართულებით: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოუწევს მიუსაჯოს ყველა ის ცოდვა სააკაშვილს, რაც კი ჩაუდენია, მათ შორის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და უკრაინას გადასცეს ეს პიროვნება, როგორც მისი მოქალაქე. იქ გააფორმებენ ასე, - საზღვრის უკანონო გადაკვეთა და მიუსჯიან ერთ-ორ წელს. სხვა რაღაც ფორმით მოხდეს შემდეგ მისი გათავისუფლება და ორ კვირაში, უკრაინაში გარეთ იყოს. თუმცა, ეს არ მოხდება მეორე ტურამდე. ალბათ, ეს იქნება ნოემბერ-დეკემბერში.
არ მესმის, რატომ არიან ასე გაჯიუტებულები კობახიძე და ღარიბაშვილი. „ქართული ოცნებისთვის“ არამომგებიანია სააკაშვილი აქ ჰყავდეთ წლების განმავლობაში, ციხეში. სხვა ნებისმიერი მოვლენები: პანდემიის მართვა, ეკონომიკური მდგომარეობა, ფასების ზრდა, ლარის კურსის დავარდნა, სიღარიბე, ყველაფერი ეს გამოიწვევს იმას, რომ სააკაშვილის მომხრეები მივლენ სააკაშვილის ციხესთან და დაიწყებენ მის გათავისუფლებაზე ლაპარაკს. ამასთან, მივა ის ხალხიც, ვინც უკმაყოფილო იქნება არა სააკაშვილის ციხეში ყოფნით, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. ჯობია, ის გაუშვან, როგორც დამნაშავე, ბორკილებით უკრაინაში. ის ვეღარ მიიღებს პოლიტიკაში მონაწილეობას დიდი ხანი.
სააკაშვილის ჩამოსვლა იყო სიბერის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ეგოისტია და მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მას უნდა გაექცეს სიბერეს. 2024 წლამდე ვერ მოითმენდა, იქამდე საქართველოში დაავიწყდებოდათ. ამიტომ მოუწია ახლა ჩამოსვლა. კი საუბრობს ვადამდელ არჩევნებზე, მაგრამ კარგად ესმის, რომ არ იქნება ეს ვადამდელი. ის გარბის როგორც ფიზიკური სიბერის წინ, ასევე პოლიტიკური სიბერის წინ. ცუდია, რომ პოლიტიკურ ხავსს ასე ებღაუჭება, მისი დრო წავიდა. თუ საქართველოს ციხეში დატოვებენ, მას გაუხანგრძლივებენ პოლიტიკურ ახალგაზრდობას. ივანიშვილი დაურეკავს ღარიბაშვილს და კობახიძეს, ეტყვის, რომ გაუშვან ის უკრაინაში, რაც მოხდება ნოემბერ-დეკემბერში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იხდის სასჯელს და ამ სასჯელს ის ქართულ საპატიმროში მოიხდის. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილე და ავტორი, რაც ამ ქვეყანაში მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, „როცა მისი ხელმძღვანელობით იგეგმებოდა ეს დანაშაულები“.
„რამდენიმე მათგანი სასამართლოს მიერ მტკიცებულებებით არის დადასტურებული, განაჩენი არის დამდგარი, ის არის მსჯავრდებული, იხდის სასჯელს და ამ სასჯელს ის მოიხდის ქართულ საპატიმროში. ქართული მართლმსაჯულება არავის დევნის, თუ მას არ აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულებიდან ზოგზე აქვს მსჯავრი უკვე დადებული, ის არ არის განსასჯელი, ის არის მსჯავრდებული, მისჯილი აქვს და სასჯელს ამისთვის იხდის.
ასევე, მას აქვს მიმდინარე საქმეები და სწორედ ამ მიმდინარე საქმეებს დაემატა მის მიერ ჩადენილი ახალი სავარაუდო დანაშაული, რომელსაც ჰქვია საზღვრის უკანონო კვეთა. ამ მიმდინარე დანაშაულებზე ის იქნება ობიექტური მართლმსაჯულების ობიექტი, მისი პერიოდისგან განსხვავებით. მაშინ იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, ახლა არის მართლმსაჯულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების ობიექტია, მეორე მხრივ მიესაჯა და მოიხდის ამ სასჯელს. რაც შეეხება პოლარიზაციას, პოლარიზაციისთვის მისმა მედიასაშუალებებმა, თავად მან, როცა ასეთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა, ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
არამკითხე მეამბეები.
ფუნაგორიები.
კარგი რუსული სიტყვაა - словоблуды.