პატიმარი სააკაშვილი ფსიქოტროპულ საშუალებებს ითხოვს

პატიმარი სააკაშვილი ფსიქოტროპულ საშუალებებს ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა.

საქმის პროკურორის გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა - შალვა და ზურაბ წოწორიებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში.

გარდა ამისა, დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ. როგორც პროკურორი განმარტავს, მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, მას დაემატა კვალიფიკაცია - მიგრანტის უკანონო შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორივე მუხლით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც კი, მტკიცებულებების შეკრება მოხდება, პროკურატურის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს, რომელმაც მსჯავრდებული სააკაშვილი ოდესიდან ტრაილერით შემოიყვანა ფოთში.

ინტერნეტში პოლიციის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 20-წამიან მასალაში ჩანს, როგორ ადებენ მიხეილ სააკაშვილს ხელბორკილებს.

ვიდეოზე აღბეჭდილია საცხოვრებელი ბინის ერთ ოთახში, სავარაუდოდ, სამზარეულოში მიმდინარე პროცესი. მაგიდაზე დევს პური, ხინკალი და არაყი. დაკავების პროცესში სააკაშვილი წყალს ითხოვს. კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია. როგორც for.ge-ს უთხრეს, მიხეილ სააკაშვილი დაკავების მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანილი სააკაშვილი კოვიდთან ერთად, ნარკოტიკებზეც შეამოწმეს.

სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ მძიმედ არის, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, რომლის განცხადებით, ციხიდან უტყუარი ამბავი გამოვიდა, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დღეშია.

„კივის და წივის, ითხოვს ფსიქოტროპული საშუალებების გაძლირებულ დოზას. არ არის ეს თქვენი ბელადი ციხისთვის მზად, სად აქვს მას ციხეში ჯდომის შნო და კაცობა. ევროპულ ციხეზეა საუბარი, თორემ ხომ გესმით, მისივე ციხეში რა დღეში იქნებოდა. თავისიანებს უთვლის ოღონდ აქედან გამიყვანეთ და საქართველოზე ხმას არასოდეს ამოვიღებ, საერთოდ, ვიტყვი, რომ ქართველი არ ვარო. უშველეთ, ხალხი არ ხართ, კედლებს ღრნის! ესეც თქვენი გმირი და სახელმწიფოს შემქმნელი ბელადი და დამფუძნებელი! ღმერთო, ეს კაცი როგორ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

პატიმარ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილებით სააკაშვილს ზარის განხორციელების უფლება არ მიეცემა. როგორც ბექა ბასილაია აცხადებს, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების გამართვაზე უარს ამბობს.

„შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროცესის ჩანიშვნა მოვითხოვეთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ - ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს. ასევე, „პიჯაკების საქმეზე“ მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და პასუხი არ მიგვიღია. დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული. თავად, არც ერთ ბრალს არ აღიარებს და მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სააკაშვილის ბრალეულობის საქმე ამით არ შემოიფარგლება, გამოძიება სხვა ნაწილშიც მიმდინარეობს და ამას ემატება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტი. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც მსჯავრდებული მე-12 დაწესებულებაში მოინახულა, ამბობს, რომ სააკაშვილი ამ დროისთვის პოლიტიკური პატიმარია და ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას, როგორც საკუთარი, ასევე მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რადგან მას დიდი გული აქვს.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის, ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან ვამაყობ მისით, როგორც ადამიანით, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომ მოიგოთ. ბრძოლა მომავლისთვის და ძალიან მინდა, რომ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს.

ამ მომენტისთვის ის პოლიტიკური პატიმარია და ეს მიუღებელია. ეს ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამისთვის საჭიროა ბრძოლა. ამას უკრაინაში ძალიან ვაფასებთ და გვშურს თქვენი, რომ გყავდათ საქართველოში ასეთი პრეზიდენტი. ის ასევე უკრაინელი პოლიტიკოსია და ძალიან გვინდა, თქვენ აქ დაიცვათ. მგონია, რომ ამ დროისთვის ეს საკმარისია“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ციხეში კარგი პირობები ხელისუფლების დამსახურებაა. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას, როგორც კახიშვილი აცხადებს, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების გამოხატულება. წლების განმავლობაში ეს იყო უკიდურესი, ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა.

„ნამდვილად არ მიხარია არავის ციხეში ყოფნა, მით უმეტეს, ამ სისტემის მინისტრი ვიყავი, მაგრამ სხვაობა მინდა ნახოთ. როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს, სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ. მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავდა და რამდენ ბრალს დაუტოვებდნენ და რამდენ ბრალს არა, იმაზე ფიქრობდნენ, ცოცხლები გამოვიდოდნენ იქიდან თუ არა. შეგნებულად ჩასვამდნენ თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან, რომ გადადებოდათ.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც ამ სისტემის და ხელმძღვანელების დამსახურებაა, რადგან ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად და დაკავება არ მომხდარა ღირსების შელახვის საფუძველზე. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ გვახსოვს ღირსების შემლახავი დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალბატონებს ღამე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სააკაშვილი როგორც პოლიტიკური პატიმარი - ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს სააკაშვილის რეჟიმის სიმძიმე. პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიმართავს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი საქართველოში გაასამართლონ. მისი თქმით, ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად შეფუთონ, რადგან უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დამტკიცებულია და რაც კიდევ დამტკიცდება.

„ნამდვილად ველოდებოდი, რომ როდისმე დადგებოდა სამართალი, თუმცა ძალიან დაიგვიანა ამ სამართლიანობის აღდგენამ. მაგრამ, რადგან ეს მოხდა და ვაჟბატონი იმყოფება ციხეში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ემოციურია. ყველას კარგად ახსოვს, 19 წლის უდანაშაულო ბავშვი როგორ მომიკლეს. სააკაშვილი თავის ყველა საქციელზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს იყო სააკშვილის ბრძანებით, ეს იყო დანერგილი, რომ შიშით შეეპყროთ მთელი საქართველო და რასაც ეტყოდნენ, ის შეესრულებინათ.

ჩემს შვილზეც ასე მოიქცნენ, ხმა რომ არავის გაეღო, ბანდიტად გამომიცხადეს შვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერზე აგებინებენ პასუხს. ექვსი წელი არ ვიცი, რა არის, მას იმდენი დანაშაული აქვს. ჩვეულებრივ ციხეში უნდა იყოს, ისეთში კი არა, თვითონ რომ ჰქონდათ და აწამებდნენ ხალხს, მაგრამ არავითარ ფუფუნებაში, ის არის ყველაფრის ღირსი“, - აღნიშნა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ია მეტრეველმა.

2009 წელს მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ხელისუფლებისგან ითხოვს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ძმის მკვლელობისთვისაც გასამართლდეს.

„რაც ეს მაწანწალა დაიჭირეს, გიას სახელს არავინ ახსენებს, მხოლოდ გელაშვილის ცემის ფაქტს ახსენებენ. არადა, მიშას უშუალო ბრძანებით და მითითებით ჩაცხრილეს ჩემი ძმა. მიშას პირველი სიტყვები იყო, მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო. ვითხოვ ხელისუფლებისგან ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებას ჩემი ძმის მკვლელობისთვისაც. მივესალმები მის დაჭერას და ციხეში ყოფნას. მთელი საქართველო გამოვალთ გარეთ, თუ ის სასჯელს არ მოიხდის, ექვსი წელი მიშასთვის არაფერი არ არის. ვანოც იყო დაკავებული და გაათავისუფლეს.

ჩემი ძმის საქმეზე ვანო არ იყო დაკავებული და არც მიშას ასამართლებენ ამის გამო, როგორც ვხედავ. ჩემი ძმა იმიტომ გახდა სამიზნე, რომ არასოდეს ეგუებოდა უსამართლობას. რაც ეს მაწანწალა დაიჭირეს, გიას სახელს არავინ ახსენებს. ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა ამ ბოლო წლებში და მელიას გარდა, არავინ დაუსჯიათ. მიშა რატომ არ ჩაცხრილეს სახლში, ჩემი ძმა ხომ ქუჩაში ჩაცხრილეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლია კრიალაშვილმა.