ექს-პრემიერი გიორგი გახარია ახალი დილემის წინაშე დგას. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ორ პოლიიტკურ ძალას შორის შუაშია გაჩხერილი და ზოგიერთ სააკრებულოში შესაძლოა, გახარიას პარტიის მხადაჭერა, როგორც „ოცნებას“, ასევე „ნაციოანლურ მოძრაობას დასჭირდეს, რათა უმრავლესობის შექმნა შეძლონ. ამიტომ ახლა მთელი ყურადღება გახარიასკენ არის გადატანილი - ვის შეუქნის უმრავლესობას და ვისთან ერთად შეიძლება კოალიცია შექმნას? მას შემდეგ, რაც მან უკვე განაცხადა, რომ მეორე ტურებში თავის ამომრჩეველს არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ მხადაჭერისკენ არ მოუწოდებს, დიდი ალბათობით, საკრებულოებშიც იგივე ტაქტიკას აირჩევს. არაა გამორიცხული მან ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიმე ძალას სიტუაციური უმრავლესობა შეუქმნას.
როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, მან თუ ახლა ამ წნეხს ვერ გაუძლო და რომელიმე პოლიტიკური ძალის პოლუსზე მოხვდა, იგივე ბედს გაიზიარებს, რაც მამუკა ხაზარაძეს და მის „ლელოს“ დაემართა. ასე რომ, გახარია ახლა გაძლებაზეა და ცდილობს ნაკლებ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღოს.
2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მართალია რეგიონალური საკრებულოების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. თუმცა ერთ შემთხვევაში - ზუგდიდის საკრებულოში - ადგილების უმრავლესობა უკვე აქვს „ენმ“-ს. გარდა ამისა, არის რამდენიმე ქალაქი და მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ქმნის და საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვანი მუშაობისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს კოალიციური უმრავლესობის ფორმირება.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ „ენმ“-ც და „ოცნებაც“ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და უახლოეს დღეებში ამ საკითხზე თავად გახარია აპირებს საგანგებო ბრიფინგის გამართვას.
რეგიონის საკრებულოები
ზუგდიდის 45-ადგილიან საკრებულოში უმრავლესობა უკვე გარანტირებული აქვს „ნაცმოძრაობას“. აქ „ენმ“-ს 23 წევრი ეყოლება, „ქართულ ოცნებას“ - 18, ხოლო გახარიას „საქართველოსთვის“ - 3. კიდევ ერთი მანდატის ბედი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც „ენმ“-სა და „ოცნების“ კანდიდატები უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ბათუმში 35-კაციან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 16 მანდატი აქვს და უმრავლესობის შესაქმნელად 2 მანდატი აკლდება.
რუსთავის 35-ადგილიან საკრებულოში „ოცნებას“ 15 მანდატი აქვს (12 პროპორციული და 3 მაჟორიტარული), „ენმ“-ს კი 16 (13 პროპორციული და 3 მაჟორიტარული). 3 მანდატი აქვს პარტიას „საქართველოსთვის“. ამასთან, რუსთავის ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ოცნების“ წარმომადგენელი და გახარიას პარტიის წევრი უპირისპირდებიან.
უმრავლესობა ვერ იქმნება სენაკის საკრებულოშიც. 33 მანდატიდან აქ „ოცნებას“ 14 აქვს (9 პროპორციული სიით და 5 მაჟორიტარი), „ენმ“-ს - 13 (9 პროპორციული და 4 მაჟორიტარული), გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი - 4. 2 მანდატის ბედი კი 30 ოქტომბერს მეორე ტურში გაირკვევა, თუმცა „ოცნება“ უმრავლესობას ამ 2 მანდატითაც ვერ ქმნის.
ჯერჯერობით გაურკვეველი სიტუაციაა წალენჯიხაში. პირველი ტურის შემდეგ, 27-ადგილიან საკრებულოში „ოცნებას“ 9 მანდატი აქვს, „ენმ“-ს - 8, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 და „ლელოს“ - 1 მანდატი. 5 მანდატის ბედი კი მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის შემდეგ გადაწყდება და უმრავლესობის მისაღებად „ოცნებამ“ 5-ვე ოლქი უნდა მოიგოს.
კოალიციურ გზაგასაყარზე
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გახარიას გადაწყვეტილება - მხარი არ დაუჭიროს მეორე ტურებში არც ერთ პოლიტრიკურ ძალას, სწორია, რადგან მას რა პოლიტიკური ნიშაც აქვს არჩეული, ის არ უნდა დაკარგოს. ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად გახარიას განცახდებისა, მისი ამომრჩეველი მაინც მხარს „ოცნების“ კანდიდატებს დაუჭერს, ამიტომ მეორე ტურებს ხელისუფლება მოიგებს.
„ლელოს“ და ანა დოლიძის მხარდამჭერების ხმები არა არის ის რესურსი, რომელიც თუნდაც ნიკა მელიას მეორე ტურში გამარჯვებაში დაეხმარება. რაც შეეხება საკრებულოებს და იქ არსებულ სიტუაციას, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ მკვეთრი მხადაჭერა ან კოალიცია არც ერთ მათგანთან არ უნდა შექმნას. მას როგორც და რაც დასჭირდება პოლიტიკურად, ისე უნდა ითამაშოს. სხვაგვარად მის პოლიტიკურ იდენტობას ამომრჩეველი ვეღარ დაინახავს.
„გახარია, ალბათ, საკრებულოებში სადაც შესაძლებელი იქნება, იქ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც ენმ-ს არ აირჩევს. ხოლო კონკრეტული საკითხების მიხედვით შეიძლება ხან მმართველი გუნდის მხარი დაიკავოს, ხანაც ოპოზიციის. სადაც უმარვლესობის ფორმირება ვერ მოხერხდება, გახარია სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს. ასე ცალსახა პოლიტიკურ არჩევანს არ გააკეთებს და ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
გახარიამ 9% იმიტომ აიღო, რომ მას ენმ-ისგან და „ოცნებისგან“ განსხვავებული პოლიტიკური იდენტობა აქვს. დანარჩენ პატარა პარტიებს საერთოდ არანაირი იდენტობა არ გააჩნიათ. მოსახლეობა მათ ენმ-ისგან ვეღარ არჩევს. ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა. ამიტომ გახარამ მხარი რომ ენმ-ს დაუჭიროს, მაშინ ის იმ ელექტორატს დაკარგავს, რომელიც „ოცნებისგან“ წამოიყვანა. ბევრს ის იმიტომ მოსწონს, რომ ამ პარტიას ძალიან ხისტად უდგებოდა. რაც შეეხება „ოცნების“ მხარდაჭერას, მაშინ გამოვა, რომ მართალია და ის „ოცნება 2“-ია, რომელიც ივანიშვილის პროექტია. როგორც კი გახარია რომელიმე მათგანის პოლიტიკურ პოლუსზე მოხვდება, როგორც პოლიტიკოსი მილევას დაიწყებს“,-ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ მისი ამომრჩეველი შეაშინა და რაღაცა ნაწილი ისევ „ოცნებისკენ“ გაიქცა. თუმცა მას აქვს პოტენციალი, რომ ეს გარემოება ისევ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს. მოსახლეობას დაანახოს, რომ ამ პორალიზებულ პოლიტიკურ გარემოში ის ერთადერთი პოლიტიკოსია, ვისაც ორპოლუსიანი პოლიტიკის დასრულება შეუძლია.
„გახარიამ არჩევნების შემდეგ ის კურსი უნდა გააგრძელოს, რომელიც აღებული აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, მან საკუთარი იდენტობა არ უნდა დაკარგოს და საზოგადეობას რაღაცა განსხვავებული უნდა შესთავაზოს. ყველანაირად უნდა ერიდოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არ იყოს. საზოგადოებას არსებული ოპოზიციისგან განსხვავებული სტილი მანერა და მესიჯები უნდა შესთავაზოს. შესაძლოა გახარიას ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ არსებული პოლიტიკური სპექტრისგან ის განსხვავებულს სთავაზობს. მოსახლეობის თვალით ახლა ეს პატარა პარტიები ენმ-ის მსგავსი ოღონდ სხვადასხვა ვარიანტების პარტიები არიან. გახარია თუ ახლა დაარწმუნებს გულგატეხილ ამომრჩეველს, რომ ისაა ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებული და არჩევნების დღეს სახლში არ უნდა დარჩნენ, რეიტინგს კიდევ უფრო გაიზრდის. რაც შეეხება პატარა პარტიებთან ალიანსს, მგონია მას ისინი არაფერში სჭირდება. პირიქით, უფორ დააზიანებენ და არანაირ რეიტინგს არ მოუტანენ“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რისთვისაც გახარიას პარტია ორივე ძალასთან კოალიციაზე უარს ამბობს. საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, გახარია თავის ამომრჩეველთან პასუხისმგებლობის გამო, „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას არ შეკრავს, რადგან ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მას ხმა მისცა, როგორც ადამიანს, რომელიც „ენმ“-ს დაემუქრა - მე თქვენ დაგამთავრებთო.
„მისი ხისტი პოზიციონირება „ნაციოანლებთან“ გახარიას ერთ-ერთი პლუსია, რითაც „ოცნებას“ ელექტორატის ნაწილი წაართვა, ამიტომ ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს არ გაანადგურებს. ეს კარგად ესმის და იმ წითელ ხაზს არ აბიჯებს როომელიც დაღუპავს. რაც შეეხება „ოცნებასთან“ კოალიციას, ამ შემთხვევაში მას ეშინია, რომ „ოცნება-2“ ხარ არ დაუძახონ, რასაც დღეს, მაგალითად, „ნაცმოძრაობა“ აკეთებს. თუმცა, თუ მაინც საქმე ასარჩევად ექნება, გახარიასთვის ამ ორ არასახარბიელო ვარიანტში მე მაინც მგონია, რომ ნაკლები უბედურება „ოცნებასთან“ ალიანსი იქნება. მისი ამომრჩეველი მაინც მმართველი გუნდის ყოფილი ელექტორატია და ამას ასე მწვავედ არ მიიღებს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ საერთოდ კოალიციაზე უარი თქვას. ასეთ შემთხვევაში კი, საკრებულოებში გადაწყვეტილებების მიღება მოხდება კონკრეტული საკითხების მიხედვით. რაღაც საკითხში ვინც ერთმანეთს ეთანხმება, უმრავლესობას ისინი შექმნიან, სხვა საკითხში სხვანაირი კონფიგურაცია იქნება. ანუ სტაბილური უმრავლესობა კი არ იქნება, იქნება უმრავლესობა, რომელიც შეიქმნება სიტუაციის მიხედვით. თუმცა, თუკი კოალიციის არარსებობის გამო საკრებულოებში კრიზისი გაჩნდა, შესაძლოა, კონკრეტულ ქალაქში ახალი არჩევნები დაინიშნოს, სადაც დიდი ალბათობით დეპუტატების ძველი შემადგენლობა აღარ იქნება. ეს კი ახლანდელ დეპუტატებს არ აწყობთ და ამიტომ საყვარელიძის ვარაუდით, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დათანხმდებიან.
„თუ გახარიამ ამ ზეწოლას გაუძლო და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან კოალიციაში არ შევიდა და არც მეორე ტურში ღია მხარდაჭერა არავის მიმართ არ გამოხატა, ის თავის გადარჩენას შეძლებს. თუ ცდუნებას ვერ გაუძლო, მაშინ იმ 9%-საც დაკარგავს რაც აიღო. მას კარგი შანსი აქვს, რომ თავისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის საჭიროება საზოგადოებას დაანახოს. თუმცა მისი ამომრჩეველი მაინც მეორე ტურში მხარს „ოცნების“ კანდიდატებს დაუჭერს. მელია თბილისში მეტი ამომრჩევლის მობილიზებას ვეღარ შეძლებს. კალაძეს კი გახარიას ხმებიც მიემატება და მობილიზებული ამომრჩეველიც, რომელსაც ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნების ყველაზე მეტად ეშინია. ასევე „ოცნების“ ბალანსზე ადმინისტრაციული რესურსიც არის. ამიტომ ოპოზიციის სიხარული, რომ არჩევნები მოიგო, ნაადრევია“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
...თუმცა, გახარიას ნებისმიერი ახლანდელი ნაბიჯი ოცნებისაკენ დაადასტურებს გავრცელებულ აზრს/მითს, რომ ივანიშვილის პროექტია...ხოლო ნაციონალებისაკენ, საერთოდ გაანდაგურებს და ნულს ქვემოთ წაიყვანს. მან, ახლადშექმნილი პარტიის პირობაზე, დადო სერიოზული შედეგი. ქართულ პოლიტიკაში, მან რაღაც შეცვალა და ეს უდაოდ კარგია. ოცნება აქაც დამარცხდა.
ქემოკლიძეს მოვუსმინე რამდენჯერმე. ის ჩამოყალიბებული, ლოგიკურად მოაზროვნე ადამინია,რომელსაც ესმის პოლიტიკა! ტაქტიანად და გონივრულად, მან ,ისე როგორც გახარიამ, ამომრჩეველს გაუგზავნა სწორი პოლიტიკური მესიჯი. ოცნება ამ ნაწილშიც დამარცხდა...
ეს მესიჯი, გამგებმა გაიგო! მხოლოდ ოცნების ბოსებმა ვერაფერი გაიგეს. ..ჭორაობენ უზნეო დედაკაცებივით... თანაც საჯაროდ.
პოლიტიკას ყველაზე უფრო მიზნებისა და სტრატეგიების დასახვა-გაანალიზება სჭირდება. ესენი ცხვირწინ ვერ იხედებიან!
გაჩუმდნენ მაინც, ამდენი სისულელის ლაპარაკს! ურჩიეთ ვინმემ.