საქართველოში სააკაშვილის იდუმალმა შემოსვლამ კითხვა გააჩინა, რამდენად დაცულია ჩვენი საზღვრები და, თუ არსებობს ისეთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომლის მთელი პერიმეტრიც უნაკლოდაა გაკონტროლებული?!
სააკაშვილის გამოჩენამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა: „სააკაშვილი საქართველოშია, ბადრი ესებუა კიევში“; „ხომ არის ღირსი მდინარაძე, ამ საღამოს შინ მისულს სახლში დახვდეს სააკაშვილი?!“ „სააკაშვილი საკუთარი თავის სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთო“...
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ქვეყანა ნინიას ბაღს დაემსგავსა, მუხთარლი გაიტაცეს, ესებუა გაიქცა, სააკაშვილი კი საქართველოშია. ამდენად, ანა დოლიძეს აინტერესებს, აკონტროლებს თუ არა ვინმე საზღვრებს?!
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ბადრი ესებუა ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა“.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ფაქტია, ხელისუფლებას ჩაუვარდა სააკაშვილის შემოსვლისა და გადაადგილების მარშრუტი. კი იძახდნენ, არ ჩამოვუშვებთ სააკაშვილსო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა. ჯერ მოხდა ფაილების გავრცელება სასულიერო პირებთან მიმართებით, როცა სუს-იდან ვიღაცამ გამოიტანა ამდენი რაოდენობის ფაილი და კიდევ არ ვიცით, რა არის იმ ფაილებში. ამას დაემატა სუს-ის უსუსურობა, რომ კაცი არა მარტო შემოვიდა საქართველოში, გადაადგილდებოდა კიდეც. საკმარისია, „ნაცმოძრაობამ“ დღეს გაავრცელოს სააკაშვილის ფსევდო, მათ მიერვე მოგონილი მარშრუტი, რომ ამ ანკესზე წამოაგონ „ქართული ოცნება“ და მათ ათქმევინონ, ჩვენ ვიცოდით, ამ მარშრუტით შემოვიდოდა სააკაშვილიო და მერე უთხრან სინამდვილე, რომ სააკაშვილი თურმე სულ სხვა მარშრუტით შემოსულა საქართველოში.
„სააკაშვილის ხალხმა იცოდა ჩვენი საზღვრების ეს ხვრელები, იცოდნენ, რომ დაუცველია, ამიტომაც შემოვიდა სააკაშვილი. ახლა ამბობენ, ესებუას მაგალითმა გაათამამა სააკაშვილიო, ესებუა, ალბათ, გადასულია ტყეებით აფხაზეთის მხარეს, იქ უფრო შეუძლებელია სრული კონტროლი, არა მარტო ესებუა, ბევრი ადამიანი გადადის და გადმოდის, რუსეთშიც მიდიან ე.წ. „სტალკერები“, ანუ მეკვლეები, ვისაც გადაჰყავს და გადმოჰყავს ხალხი, მაგრამ სააკაშვილი გაქრა რაღაც პერიოდი უკრაინაში და ვერავინ დააფიქსირა, ვერავინ განგაში ვერ ატეხა. „ტრუსკავეცი- ტრუსკავეციო“, გაიძახოდნენ. როგორ, ამხელა საფრთხის მომცველი ადამიანია, როგორც ეს ხელისუფლება იძახის, და შენ არ გყავს ვინმე, ვინც დააკვირდება სააკაშვილის გადაადგილებას, მათ შორის, უკრაინაშიც და, თუ მიწამ ჩაყლაპა, გამცნობს, რომ სააკაშვილი მიწამ ჩაყლაპა?! ისე გაქრა უკრაინაში, ვერავინ გაიგო, რომ გაქრა, მერე ამოყვინთა საქართველოში“,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის დარტყმა „ქართულ ოცნებაზე“ და, ვისაც ჭკუა მოეკითხება, უნდა დაფიქრდეს, რატომ არ იცოდნენ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი მაშინ, როცა ძალიან ეფექტურად მოხდა ფაილების გავრცელება?! ანუ მათ იციან, რომელი მღვდელი ვისთან წევს და რომელი დიპლომატი რას ლაპარაკობს და ამ დროს მათი მთავარი მეტოქე შემოდის, სისხლის სამართლის დამნაშავე და არ იციან. ხომ შეიძლებოდა, მკვლელი შემოსულიყო და განეხორციელებინა საშინელი მორიგი სისხლის სამართლის დანაშაულებები, ვერც გაეგოთ და გაპარულიყო?! უბრალოდ, სააკაშვილმა თვითონვე გაშიფრა თავისი თავი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ჩვენი საზღვრები დაუცველი არაა. მისი აზრით, სააკაშვილს დე იურედ უკრაინის საზღვრები არ დაუტოვებია, მას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს, როგორც ამას გააკეთებდა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, უბრალოდ, სააკაშვილი იქიდანაც გამოიპარა და აქაც შემოიპარა.
„ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი საზღვრები დაუცველია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 24 საათის განმავლობაში საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთოს, მაგრამ ის აუცილებლად დაკავებულ იქნება. რასაკვირველია, ფაქტობრივად, შესაძლებელია საქართველოს საზღვრის დარღვევა, მაგრამ მთავარია შედეგი, ანუ მისი დაკავება. თუ ვინმე დააპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ბოროტი განზრახვით, მას დააკავებენ. შეუძლებელია, მთელი საზღვრის პერიმეტრი სრულყოფილად ვაკონტროლოთ. ცხადია, არ ვამართლებ უშიშროების სამსახურს, მათ უფრო ეფექტურად უნდა ემუშავათ, მაგრამ ეს არ არის ისეთი გადაცდომა, ჩავთვალოთ, რომ უშიშროების სამსახური ჩამოიშალა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
?
რაღაც ვერა აქვს რიგზე ამ კაცს!..
ვინ და როდის თქვა, არ შემოვუშვებთო?! პირიქით, მთელი წლები იმას არ ითხოვდა ხელისუფლება, გადმოგვეცით დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი, რომ გავასამართლოთ და ციხეში ჩავსვათო?!.