საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, უკრაინის ხელისუფლებიდან და უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მხრიდან მკაცრი განცხადებები მოჰყვა. ნიშნავს ეს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები შესაძლოა, დაიძაბოს? ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დაძაბულია.
„ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მოითხოვა სააკაშვილის, როგორც დამნაშავის გადმოცემა, თუმცა, უკრაინამ ამაზე რეაქცია არ მოგვცა. ასევე, ჩემთვის უცნობია სააკაშვილს უკრაინაში რა ძალები მფარველობენ, ან უკრაინის გარეთ. ერთი რამ ფაქტია, რომ მომხრეების გარდა, მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს, თან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები. ამ დროს, უკრაინის პრეზიდენტი ასეთ განცხადებას ავრცელებს. დასაფიქრებელია, რომ ეს განცხადება ვიღაცისთვის არის განკუთვნილი. ზელენსკის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ვიღაცას ეუბნება: „ნახეთ სააკაშვილის მიმართებაში რა კარგად ვიქცევი“. ასევე, საინტერესოა, უკრაინაში შიდა პოლიტიკური ძალების გადანაწილება როგორია? უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც არიან. როგორ დალაგდება მთლიანად ეს ძალები, ამის მიხედვით შესაძლებელია, რომ უკრაინასთან გამწვავდეს ურთიერთობები. შეისაძლებელია ისიც, რომ ზელენსკიმ სააკაშვილთან მიმართებაში საკუთარი თავი გადაირჩინოს. ძნელი სათქმელია, რომელი პროცესები აღმოჩნდება უფრო მნიშვნელოვანი და წამყვანი. თუკი გაიმარჯვა იმ ფაქტმა, რომ უკრაინა სააკაშვილისთვის თავის გაწირვას დააპირებს, ეს ახალი არ არის. ამის გამო, ადრეც გაცივდა ურთიერთობები, მაგრამ ამ გაციებით ჩვენ თითქმის არაფერი დაგვკლებია“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.
კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე. ანალიტიკოსი თვილის, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ შესაძლოა, საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობა პოლიტიკურ ასპარეზში დაძაბოს.
„სააკაშვილის დაკავება არ იყო უკრაინის რიგითი მოქალაქის დაკავება. სააკაშვილს დასავლეთის პოლიტიკური წრეებში იცნობენ. გარდა ამისა, სააკაშვილი იყო ოფიციალურად უკრაინის რეფორმატორთა საბჭოს თავმჯდომარე. ანუ, მას უკრაინის ხელისუფლებაში გარკვეული პოზიცია ეკავა. ამიტომ, მის დაპატიმრებას, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტი ვერ „გააპრავებდა“ და რეაქცია აუცილებლად უნდა ჰქონოდა. მგონია, რომ ვალდებული იყო ასეთი განცხადებები გაეკეთებინა. რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, ამან ურთიერთობები ოდნავ შეანელოს, მაგრამ არ მგონია, სერიოზული განხეთქილება მოჰყვეს, ან სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის. იყო პერიოდი, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა, თუმცა ისე, რომ კატასტროფულ ზღვრამდე მისულიყო, ან რომელიმე ქვეყანას ეთქვას - სტატეგიულ ურთიერთობას ვწყვეტო - ასეთი რამ არ ყოფილა. ასე რომ, შესაძლოა, რაღაც ეტაპზე პოლიტიკური და არა ეკონომიკური ურთიერთობები გაცივდეს. თუმცა, ამ ფაქტს მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყვება“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.
ექსპერტი გია აბაშიძე კი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს იცავს და ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე არ აისახება.
„საქართველოსა და უკრაინას აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა - ეს ერთი. მეორე - არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა ზუსტად და დროულად მიაწოდეს სააკაშვილის გადაადგილების მარშრუტი საქართველოს სპეცსამსახურებს. რას იტყვის ზელენსკი და უკრაინის საგარეო უწყება, გასაგებია, ეს უნდა თქვან მათ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მათი პოზიციაა. თუმცა, კულუარებში რა ხდება, არ ვიცით. ფაქტია, კულუარებში ის ხდება, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდეს ინფორმაცია სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადაადგილების შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ ფოთის საბაჟოს სხვადასხვა ჩინოსნები დაკავებულები არიან და ა.შ. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი „გორდიას კვანძი“ და ჯერჯერობით, როგორ და რა მოხდა, არ ვიცით“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.