განათლების სამინისტროს არჩევანი - გამომცემლები, თუ სკოლის მოსწავლეები

განათლების სამინისტროს არჩევანი - გამომცემლები, თუ სკოლის მოსწავლეები

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებამ სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნების უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ოჯახებს მოეხსნათ ის ტვირთი, რაც იყო სასექტემბროდ სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, ოთარ აბესაძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, ამ ინიციატივამ გამოიწვია გამომცემლების უკმაყოფილება და ითქვა, რომ თითქოს, განათლების სამინისტრო საგამომცემლო ბიზნესს ებრძვის, რაც აბესაძის განცხადებით აბსოლუტურად არასწორია. განათლების მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებზე 16 გამომცემელი მუშაობდა, რომელთაგან 13 გამომცემელი 2010-2011 წლებში კონკრეტულად ამ წიგნებისთვის იყო შექმნილი, მხოლოდ მათ ბეჭდვაზე მუშაობდა და სხვა შეკვეთა არ ჰქონიათ.

„ამ გამომცემლებს პრეტენზია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მათ აღარ კვებავს. ამ გამომცემლებისთვის ბიზნესი არავის აუკრძალავს. პირიქით, როგორც გამომცემლები, ისინი გარკვეული საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობენ. ამიტომ მოიძიონ მწერლები, შეფუთონ პროდუქტი და ისაქმიანონ. ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ არასწორია, რომ სახელმწიფომ ეს გამომცემლები კვებოს, ხოლო ამის გამო მოსწავლეების მშობლებმა სახელმძღვანელოებში საკმაოდ სერიოზული თანხები იხადონ“, - აცხადებს ოთარ აბესაძე.

მისი თქმით, აქამდე განათლების სამინისტრო 10 მლნ ლარს ხარჯავდა სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სასკოლო სახელმძღვანელოებით მომარაგებაზე, ხოლო ახლა სამინისტროს მთელი საქართველოს სკოლის მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით მომარაგება 12 მლნ ლარი დაუჯდება.

გამოდის, რომ გამომცემლები ამდენს უგებდნენ სახელმწიფოს?

- დიახ, საუბარია დაახლოებით 60-70 მილიონიან ბაზარზე.

ეს ყველაფერი სახელმძღვანელოების ხარისხზე ხომ არ აისახება?

- ხარისხს რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ გამომცემლები ამ წიგნებს ბეჭდავდნენ თურქეთში, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებებით ხდებოდა მათი დამზადება. დღეს კი წიგნები დაიბეჭდება საქართველოში, რაც ადგილობრივ ბიზნესსაც წაახალისებს და ასევე მასალებთან დაკავშირებით არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც სტამბები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა ეს შეკვეთები მიიღონ.

ვინ დაბეჭდავს ამ წიგნებს?

- საუბარია ძალიან დიდი ოდენობის, დაახლოებით 4 მლნ წიგნზე. ამიტომ რომელ სტამბასაც ექნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ისეთი, რომ შეძლებს ამ რაოდენობის წიგნების დაბეჭდვას, მასთან გაფორმდება ხელშეკრულებები.

როგორც ცნობილია, რამდენიმე სტამბა, კერძოდ, „24 საათი“, „ფავორიტი“, „ენვეპედასეზანიაცხადებენ, რომ მათ სამინისტროსთან უკვე აქვთ სიტყვიერი შეთანხმება და სახელმძღვანელოები მათთან დაიბეჭდება. გამოდის, რომ მხოლოდ ოთხი სტამბა დაბეჭდავს ამ წიგნებს?

- სიტყვიერი მოლაპარაკება მიდის ყველასთან, ვისაც აქვს ტექნიკური საშუალებები, რომ ამ ხარისხის და რაოდენობის წიგნები დაბეჭდოს. განსაკუთრებულ პირობებში არც ერთი გამომცემლობა არ იქნება ჩაყენებული.

განათლების ყოფილი მინისტრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი შედეგი არ ექნება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯება

- განათლების სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 30 მილიონით გაიზარდა. როგორც მოგახსენეთ, აქამდე სამინისტროს სოციალურად დაუცველებისთვის სახელმძღვანელობის დაბეჭდვა 10 მილიონი უჯდებოდა, ახლა კი მთლიანად ეს პროექტი 12 მლნ დაჯდება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წიგნები გადაეცემა სკოლას, რომელიც ამ წიგნებს ბავშვებს ათხოვებს და შემდეგ ისევ იბრუნებს. სახელმძღვანელოების დაზიანებისა და ცვეთის გათვალისწინებით, შემდეგ წელს მათი დაბეჭდვა დაახლოებით 3-4 მლნ დაჯდება.

დღეს, როდესაც გამომცემლები ამბობენ, რომ მათ ავიწროვებენ, ეს ხომ არ არის თავის გადარჩენის მცდელობა, რათა პრესასთან ურთიერთობაში ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მისცენ? სასწორის ერთ მხარეს არიან გამომცემლები, რომლებსაც სახელმწიფო კვებავდა, მეორე მხარეს კი არის 660 000 ბავშვი, რომელთაგან ნახევარს მშობელი ჰყავს უმუშევარი, ზოგს საერთოდ საშუალება არ აქვს, რომ სახელმძღვანელო იყიდოს. სახელმწიფომ ეს ოჯახები დააკმაყოფილა, რითაც 13 გამომცემელია უკმაყოფილო, რადგან სახელმწიფოსგან გარანტირებულ შეკვეთას აღარ იღებენ.

გამომცემლები ამბობენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ რეფორმის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია.

- ხუთი თვეა ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, რისი მომსწრეც პირადად გახლავართ, მაგრამ გამომცემლებმა ფასი არ დააგდეს. მათ ფასის ისეთი მიზერული კლება შემოგვთავაზეს, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ ფასის ფარგლებში თანამშრომლობა. სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან თქვენ არ გინახავთ სოფლებში, მაგალითად, კარტოფილში რომ ცვლიდნენ სასკოლო წიგნებს, ან სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში, რადგან მოსახლეობას წიგნების შესაძენი ფული არ ჰქონდა.

წიგნების შინაარსის შეცვლა თუ იგეგმება?

- ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელო გადაეცეს. შემდეგ დრო გვიჩვენებს, რა იქნება საჭირო. ისე, ზოგადად რომ ვთქვათ, ამ ექვსი თვის განმავლობაში სკოლის პედაგოგებს 70 ლარით გაეზარდათ ხელფასები, უმაღლეს სასწავლებლებში 17 ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის სწავლა უფასო გახდა, ამასთანავე ტექნიკურ უნივერსიტეტს აგრარული ფაკულტეტები დაემატა, დოქტორანტები ფინანსდებიან და ამას ემატება უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები. ამდენად, რაღაც დონეზე განათლების რეფორმა უკვე შედგა.

კერძო სკოლებზე რატომ არ ვრცელდება ეს შეღავათი?

- კერძო სკოლა არის ბიზნესი. სახელმწიფო კერძო ბიზნესში არ ერევა და კერძო სკოლა თვითონ გადაწყვეტს, რომელი სახელმძღვანელო გამოიყენოს. ამასთანავე, მათ თავად შემოაქვთ სახელმძღვანელოები და ამიტომ მათთვის ესეც ბიზნესია. შესაბამისად, სახელმწიფო ამაში მათ ხელს ვერ შეუშლის.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტ-საბჭოს მდივნის მრჩეველი, გიორგი სიგუა კი აცხადებს, რომ 660 000 მოსწავლე სწავლობს საქართველოს სკოლებში და თითოეული მათგანის სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექტის შეძენა ყოველწლიურად საშუალოდ 150 ლარი უჯდებოდა. შესაბამისად, სიგუას განცხადებით, საუბარია დაახლოებით 100 მლნ ლარზე, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებზე საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან იხარჯებოდა.

„გამოდის, რომ სამინისტრო დახარჯავს 12 მლნ ლარს, რომელშიც შედის ის 10 მლნ ლარიც, რომელსაც შაშკინი და დეკანოიძე ხარჯავდნენ, ვითომ, სოციალურად დაუცველებზე. სინამდვილეში, ორლარიან წიგნებს ათ ლარად ყიდულობდნენ და ამ ფულის დიდ ნაწილს ჯიბეში იდებდნენ. ამ ფულს დაემატება 2 მლნ ლარი და მთელი საქართველოს მოსწავლეები სასკოლო წიგნებით დაკმაყოფილდებიან. ის 100 მლნ ლარი კი, იმის ნაცვლად, რომ დეკანოიძეეების, შაშკინების, სააკაშვილების, მერაბიშვილების და მათ კლანის ჯიბეებში წასულიყო, დარჩება ხალხის ჯიბეში. სწორედ ამიტომ მათთვის ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი აქვს. გული მწყდება, რომ იმის ნაცვლად, ეს ადამიანები საბრალდებო სკამზე ისხდნენ და პროკურორს და მოსამართლეს ჩვენებას აძლევდნენ, კიდევ ბედავენ და ამბობენ, თითქოს, ცუდია, რომ ეს 100 მლნ ლარი გაჭირვებული მოსახლეობის ჯიბეში რჩება“, - აცხადებს გიორგი სიგუა.

სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი?

- დიახ, სწორედ ასეა.

სად მიდიოდა ეს ფული?

- აქ საუბარია იმ 10 მლნ ლარზე, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების სასკოლო წიგნების შესყიდვაზე იხარჯებოდა. ეს არის დანაშულებრივი სქემა, რადგან რეალურად, ამ წიგნების ღირებულება გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც მასში იხდიდნენ.