დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეს პიკასოს 50-მილიონიანი ტილოს მითვისებაში ადანაშაულებენ

დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეს პიკასოს 50-მილიონიანი ტილოს მითვისებაში ადანაშაულებენ

სოსო თოფურიძის, დათა ახალაიასა და იმერეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის, კოტე არჩაიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელია შესული. საქმე პაბლო პიკასოს ტილოს ეხება, რომელიც სამი წლის წინათ, თურქეთის მოქალაქემ, აპო აბდულ რახიმმა საქართველოში ჩამოიტანა და თავის ქართველ ბიზნეს-პარტნიორთან, ნინო ძოწენიძესთან ინახავდა...

"ალიას" ნახატთან დაკავშირებულ ამბებზე საქმის უშუალო მონაწილე, მამუკა ჩ. ესაუბრა, რომელმაც საქმის საბოლოო გამოძიებამდე ვინაობის ღიად დაფიქსირება არ ისურვა:

- ხის გადამამუშავებელი ქარხანა მქონდა ქვიტირში, მინდოდა გამეყიდა. თბილისში ვიყავი, როცა ჩემმა თანაკლასელმა ნანა აბრამიძემ დამირეკა, მითხრა, რომ თურქეთიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებას, აპო აბდულ რახიმს ტერიტორიისა და ქარხნის ყიდვა უნდოდა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს მეორე დღეს შევხვედროდით. მე და ჩემი ძმაკაცი ბორია შევხვდით აპოს და ნინო ძოწენიძეს, რომელიც გამაცნეს, როგორც აპოს ბიზნესპარტნიორი და ნანა აბრამიას ახლობელი. აპომ თბილისი კარგად არ იცოდა და მთხოვა, თავის საქმეზე გავყოლოდი. მე ვერ მოვიცალე და ბორია გაჰყვა. საღამოს ბორია მოვიდა და მითხრა, პიკასოს ნახატი აქვს ჩამოტანილი, ორიგინალი და თუ გავაყიდვინებთ, აპო ამბობს, ფულს მშენებლობაში ჩავდებო. ვნახე, რაღაც ნახატი იყო, მაგრამ პიკასოსი იყო თუ ვისი იყო, აზრზე არ ვიყავი. აპომ მითხრა, ჩემია და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვსო. ორი დღის შემდეგ აპომ დამირეკა და ბათუმში შეხვედრა მთხოვა. ჩავედი. მითხრა, სურათი ბორიას დავუტოვე, რომ გაყიდით, ჩემი წილი შეინახეთ, დამირეკეთ და ჩამოვალ. დროულად მინდა გადავიდე თურქეთში, რომ ქარხნის საქმე მოვაგვაროო. 500 დოლარი მესესხა და წავიდა. გავიდა რაღაც პერიოდი და ერთმა ახლობელმა დამირეკა, დასაჭერად დაგდევენო. მართლაც, რძლის დაბადების დღე იყო. სუფრასთან დავჯექით და კარზე ზარი გაისმა. გავაღე, შემოცვივდნენ, აგვყარეს და წაგვიყვანეს მოდულის შენობაში. შემიყვანეს სოსო თოფურიძის ოთახში და მეუბნებიან, კაცი რომ გყავს მოკლული, სად დამარხეო. ვინ კაცი-მეთქი და სოსო თოფურიძე მისახელებს პიროვნებას, ვისთანაც ჩხუბი მქონდა.

- ვის მკვლელობას გაბრალებდნენ?
- აპო რომ წავიდა, ერთი კვირის შემდეგ დამირეკა ჩემმა თანაკლასელმა, ნანა შევარდნაძემ და შეხვედრა მთხოვა. შევხვდი და მკითხა, აპოს თუ იცნობო. კი-მეთქი. მითხრა, რომ აპომ მის მაზლს, ბუზიაშვილს ჩემი და ჩემი შვილის მკვლელობა შეუკვეთა. ჩამოიყვანა ნანამ თავისი მაზლი. პატარა, შავი ბიჭი იყო. იარაღი მქონდა შენახვის უფლებით და ის მქონდა წამოღებული, თავი რატომ მოვაკვლევინო-მეთქი. წავიყვანე ჩემთან ქარხანაში. ვკითხე, აპოს თუ იცნობდა და კიო... ვცემე რა, მაგრად ვცემე. ცემისას იარაღი გადმომივარდა ჯიბიდან და გავარდა, მაგრამ არავის მოხვედრია. ვუთხარი, გესვრი ტყვიას და რიონში გადაგაგდებ-მეთქი. მერე მომიყვა, ჯარიდან ვარ გამოქცეულიო, თურქეთში უნდოდა გადაპარვა. რომ არ გადავიპარო, დამიჭერენო. აქ შეკვეთებს მაძლევდნენო. მერე დამიბარეს და რომ აღარ მივედიო... ამ დეტალებს იმიტომ გიყვები, რომ ეს ჩემი ნალაპარაკევი დამახვედრეს მოდულის შენობაში და დამიწყეს, სად გყავს მოკლული დამარხულიო.

- ბუზიაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ აძლევდა შეკვეთებს?
- დათა ახალაიაო. მერე მის რძალზე ვუთხარი, ამას კოცნე, აქედან ცოცხალს რომ გიშვებ-მეთქი და გავუშვი.

- მოდული შენობაში რა მოხდა?
- ჩამირთეს და მომასმენინეს გასროლის ხმა, ჩემი ნალაპარაკები. რაც აწყობდათ ამოკრეფილი ჰქონდათ და "მაწვებოდნენ", სად არის მოკლულიო. ამ მომიკლავს-მეთქი, სოსოს ვეუბნები, თოფურიძეს. თუ მკვდარია და მტერი მოცილებული მყავს, ჩემი თავი ტ...ში გაგირჭვიათ-თქო. ადგა და მესროლა ტელევიზორის პულტი. მერე შემოიყვანეს ჩემი თანაკლასელი, ნანა შევარდნაძე. თქვენი მაზლი სად არისო, თოფურიძემ ჰკითხა. ნანამ, მე მამუკასთან მყავდა მიყვანილი, მას შემდეგ არ მინახავსო. მეთქი "ვსიო", ჩაწყობილია ყველაფერი და უნდათ, რომ მკვლელობა შემტენონ-მეთქი. შემოდის დათა ახალაია. ნანამ უცბად ამოიღო ტელეფონი და აკრიფა ნომერი. ახალაიამ ამას აქ ტელეფონი საიდან აქვსო და წაართვა. რომ გავხედე არჩაიას, სახე მოექცა.

- კოტე არჩაიაც ესწრებოდა თქვენს დაკითხვას? კიდევ ვინ იყო ოთახში?
- დათა ახალაია, კოტე არჩაია, სოსო თოფურიძე და ვიღაცები იყვნენ კიდევ, მათ არ ვიცნობ. ახალაიამაც აკრიფა ნომერი და ზარი გადის, "დავაი პადვალშიო", დაიძახა. მეორე დღეს მოიყვანეს ბუზიაშვილი და პირისპირ დაგვტოვეს. ის ისევ უარზე იყო, არ ვაპირებდი შენს მოკვლასო. მერე კი აღიარა, დამავალეს, "მოცელეო". გამომიყვანა არჩაიამ და მეკითხება, ნახატი სად არისო. რა ნახატი-მეთქი? გავიკვირვე. პიკასოსიო. არაფერი ვიცი-მეთქი. ისევ თოფურიძის კაბინეტში შემიყვანეს, უკვე მეორე დღეა. შემოიყვანეს ძოწენიძე და დათა ეუბნება ნინოს, სადაა სურათიო. რომელი სურათიო, ნინომ. ახალაია გადაირია ამაზე, დაიწყო გინება, მერე თქვა ნინომ, სამი თქვე ჩემთან იყო ნახატი, მერე აპო ჩამოვიდა და წაიღოო. უთხრეს, რომ აპო ჩამოეყვანა. ნინოც დაჰპირდათ, რომ ეცდებოდა. ამის შემდეგ გაგვიყვანეს შენობიდან, ჩაგვსვეს მანქანაში. არჩაიაც წამოვიდა და წავედით ქვიტირში. მე და ძოწენიძეს გვითხრეს, რომ ვიმყოფებოდით შინაპატიმრობაში. ვერც გარეთ გამოვიდოდით და ტელეფონებს ვერ გამოვრთავდით. თვითონ წავიდნენ... ორი თვის შემდეგ გაგვათავისუფლეს ამ შინაპატიმრობიდან.

- ამ 2 თვის განმავლობაში თქვენი მეგობრისთვის, ვისთანაც რეალურად სურათი ინახებოდა, არავის მიუკითხავს ან მას თქვენ კონტაქტი არ უცდია?
- ერთი წლის შემდეგ დაიჭირეს ბორია ბერელიძე. მასთან იყო სურათი. სახლში შეუცვივდნენ და წაიყვანეს. ადამიანი დაკარგული იყო, ხუთი დღე ეძებდა ცოლი. მერე გამოჩნდა და ვნახე, კაცი ვეღარ ვიცანი, 20 კილო ჰქონდა მოკლებული. ამ დროში ადამიანის ასე შეცვლა შეუძლებელია. დენზე აერთებდნენ, კაცი დამწვარი იყო დენით. მიყვებოდა, ფეხზე გამახდევინებდნენ, გამაყრევინებდნენ ფეხებს პლასტმასის "რუჩკებიან" "კრესლოში" და შიშველ ფეხებში "დუბინკით" რომ მცემდნენ, თან ამ დროს ყურებში მირტყავდნენ ხელებს, მეგონა ტვინმა გაასხაო. მოდიოდნენ, რას უძლებ, საქონელი ხომ არ ხარ, თქვი, რომ მამუკა ჩ.-სთანაა სურათიო. მაინც ვერ ათქმევინეს... რამდენიმე თვის შემდეგ გულის ოპერაცია დასჭირდა. 3 თვე იცოცხლა ამის შემდეგ. შეეწირა ამ საქმეს ბორია, მანამდე კაცს ცხოვრებაში არაფერი ტკენია.

- ნახატი წაიღეს ბორიას სახლიდან?
- კი, სურათი წაართვეს და აძალებდნენ, ეთქვა, რომ ჩემთან იყო. სახლში არ ჰქონდა, ახლობელთან ჰქონდა მიტანილი და ალბათ, იმან "ჩაუშვა".

- აპოს არ მოუკითხავს ნახატი? საქართველოში აღარ ჩამოსულა?
- კი, ჩამოვიდა. დამირეკა, "ცეხში" უნდა შევხვედროდით. იქ რომ მივედი, შემოცვივდნენ არჩაია და კუდ-ის თანამშრომლები, ახლა აპო მოვა, დაჯდები და დაელაპარაკებიო. ძოწენიძე და აპო ტაქსით მოვიდნენ. ვლაპარაკობდით და ხუთ წუთში შემოვარდა ხუთი ჯიპი, ამოცვივდნენ, სტაცეს აპოს ხელი და წაიყვანეს... თვე-ნახევარი დაჭერილი იყო და გაუშვეს მერე საპროცესო შეთანხმებით. სურათი მოდულის შენობაში დაიკარგა. ერთი ხმა გამოვარდა, რომ არჩაიამ გაიტანა და იტალიაში გაყიდესო.

- საჩივარიც შეიტანეთ პროკურატურაში. რა ეტაპზეა გამოძიება?
- რა გითხრათ, სად სცალიათ ჩემთვის ახლა... აპო მირეკავს სკაიპში და მემუქრება. მას ჰგონია, რომ სურათი მე მაქვს, ან გავყიდე და ფული არ მივეცი. ითხოვს ან სურათს ან მილიონ-ნახევარს. რა ვიცი, რა აქვს ჭკუაში, რომ მემუქრება, ფაქტია...

"ალია" ნინო ძოწენიძესაც დაუკავშირდა:
- ნახატი სამ თვეზე მეტხანს ინახებოდა ჩემთან. უკანა მხარეს მიკრული აქვს ნაბეჭდი ფურცლები ლუქებით თუ ბეჭდებით. ეს არის ამერიკაში გაკეთებული დოკუმენტი. თურქეთშიც ჩატარდა გამოკვლევა. ანკარაში გავგზავნეთ ანაფხეკი, ტილოს პატარა ნაჭერი და მოვიდა პასუხი, რომ ეს იყო ორიგინალი, პიკასოს ნამუშევარი, თუმცა არ არის, ეს ნახატი სახელწოდებით დაფიქსირებული თუა სადმე. აპოს აქვს შეძენილი კანონიერად და არავითარი შავი წერტილი ამ საქმეში არ არის. ეს არის შეტანილი მოპარული ნიმუშების სიაში.

- როგორ გაიგეს, რომ თქვენ პიკასოს ტილოს ინახავდით?
- როგორც მე და მამუკა ვვარაუდობთ, ნანა აბრამიძისგან. მან იცოდა, რომ 50-მილიონიან ნახატს ვინახავდი. რამდენჯერმე, როცა აპომ დამირეკა, მოვდივარო, ვუთხარი, არ ჩამოსულიყო. არ ვიცოდი, რას დამართებდნენ. ამის გამო მიმიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც დამემუქრნენ, მათ დავალებას თუ არ შევასრულებდი, დამიჭერდნენ და ბრალად სამშობლოს ღალატს დამადებდნენ. ვერ აგიწერთ, რას გავუძელი...

- მამუკა ამბობს, რომ აპო ემუქრება მასა და მის ოჯახს. თქვენც ხომ არ დაგემუქრათ?
- მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ჩემი სჯერა. სკაიპით მეკონტაქტება. ვუხსნი, რომ ეს სურათი მამუკას არ აქვს, არც გაუყიდია, რომ ის ამოიღო კუდ-მა. ამ ეტაპზე დეტალებზე არ მინდა ლაპარაკი, გამოძიებას რომ ხელი არ შეეშალოს...

აპო აბდულ რახიმთან საუბარი სკაიპით ვცადეთ, მაგრამ მან საუბარი არ ისურვა.