„აშშ ამბობს, ჩვენ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვაკეთებთ შეფასებასო და ვინ არიან ინფორმაციის მომწოდებლები? - ეს არის ცნობილი „ენჯეო“ სამეული“

„აშშ ამბობს, ჩვენ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვაკეთებთ შეფასებასო და ვინ არიან ინფორმაციის მომწოდებლები? - ეს არის ცნობილი „ენჯეო“ სამეული“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, არჩევნები, ზოგადად, კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა, საუბრობს ასევე პოლარიზაციაზე. მათი თქმით, ეს არჩევნები გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა.

ამასთან, განცხადებაში ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს.

ანალიტიკურ წრეებში ევროკავშირის ამ განცხადებას ნეიტრალურს უწოდებენ, სადაც რეალურად არ იკითხება როგორ ჩაიარა საქართველოში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ამ განცხადების მიხედვით გაუგებარია, შესაძლოა თუ არა ამ არჩევნებს მივცეთ ლეგიტიმაცია. ზაალ ანჯაფარიძე ასევე აშშ-ს განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი განაცხადება უფრო გამოკვეთილი და შედარებით ხისტია.

„ევროკავშირის განცხადებაში უფრო შერბილებული ტონებია, რომელიც დიდად არ განსხვავდება წინა განცხადებების შინაარსისა და პათოსისგან. წინა განცხადებებშიც ხაზი იყო გასმული პოლარიზაციაზე. ეს ხაზად გასდევს ყველა დამკვირვებლის შეფასებას. ეს შეფასებები არ იყო ისეთი, რომ მიგვეღო ცალსახა პასუხი - ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ თუ არა?

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში არის ძალიან კარგი ხელჩასაჭიდი მასალა ოპოზიციისთვის, სადაც წერია, რომ დარღვევები და ადგილობრივი რესურსების გამოყენება იყო, რომელიც არჩევნების სამართლიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს. შთაბეჭდილება მექმნება, რომ ისინი პოლიტიკურ რეალობას არ იცნობენ ან საკუთარი მიზნებიდან მოქმედებენ. აშშ ამბობს, რომ ჩვენ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვაკეთებთ ამ შეფასებას. ვინ არიან ინფორმაციის მომწოდებლები? - ეს არის ცნობილი „ენჯეო“ სამეული, - „გამჭირვალობა საქართველო,“ „იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები,“ რომლებიც არაერთხელ არიან შემჩნეული იმაში, რომ ხელისუფლებასთან არიან დაპირისპირებულები“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ პოლარიზაციაზე გარკვეული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მისივე თქმით, როდესაც ვაფასებს საარჩევნო პროცესს, ასევე უნდა განვიხილოთ წინასაარჩევნო პერიოდიც.

„ევროკაშირი მართალია, პოლარიზაციის მაღალი დონე იყო ამ არჩევნებზეც. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას ეკისრება. „სისხლიანი ბანერები“, რომელიც გამოფინეს, ამ შემთხვევაში მმართველ ძალას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. წინასაარჩევნო პერიოდი რომ განვიხილოთ, არათანაბარ პირობებში იყო მმართველი პარტია და ოპოზიცია. „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით მიიღო 7 მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით 6-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად. შემომწირველები იყვნენ მაგალითად ის იურიდიული პირები, რომლებმაც 122 მილიონი ლარის ტენდერი მიიღეს წინა წლების განმავლობაში. აქაც ჩანს, რომ გარკვეული ზეწოლა თუ გარიგება ხდება ბიზნეს ჯგუფებთან.

არჩევნების შედეგები ემთხვევა ეგზიტპოლის შედეგებს და შეიძლება ითქვას, რომ გაყალბების მაჩვენებელი არ იყო მაღალი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ევროკავშირის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე - ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

„ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.

ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს - ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.

„2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა.

ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული - თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და, რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროა უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

trampi გეუბნებით ეგ კაცი არააა მთლად თავისი ნებით ჩამოსული მეთქი ....
ჯერ ესენი მეორე ტურამდე რას იზამენ და ნოემბერში ნახეთ ამათი გნიასი ....არცევნები გაყალბდა..... დემოკრატია ირღვევა...... პუტინი.. და ასე შემდეგ .............................. ,,მიზეზებს,, ბევრს იპოვიან--- ბოლო ბოლო იტყვიან---- არჩევნებზე ხალხს ქუდები რატო არ ეხურათო......მოკლედ პრიჩინებს იპოვიან
აკი პატრონები საელჩოს თამადობით უკვე ფონს უმზადებენ კიდეც


ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადება არჩევნებთან მიმართებაში, იყო სხვა არაფერი თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა
5 ოქტომბერი, 2021

ჯიმ რიში: საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს
3 წლის უკან