„სააკაშვილი საკუთარი პერსონის რებრენდიგს ცდილობდა და ახალი ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ მაინც არაფერი უშველის, მისი ფაქტორი დასრულდა“

„სააკაშვილი საკუთარი პერსონის რებრენდიგს ცდილობდა და ახალი ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ მაინც არაფერი უშველის, მისი ფაქტორი დასრულდა“

რა ბედი ელის ციხეში მყოფ საქარველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მოხდება თუ არა მისი უკრაინაში ექსტრადირება? საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას სასჯელის ბოლომდე მოხდა საქართველოს ციხეში მოუწევს, რასაც საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბარლდებაც დაემატა. ასევე არაა გამორიცხული, სააკაშვილს იგივე ბრალი უკრაინამაც წაუყენოს, რადგანაც მან უკრაინის საზღვარიც უკანონოდ გადალახა. ახლა მისი გათავისუფლების საკითხის აქტუალიზაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს და მოსახლეობას მასშტაბური აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს. რუსთავის ციხესთან ენმ-მა რამდენიმე ათასიანი აქცია ჩაატარა, სადაც სააკაშვილს სიტყვით მიმართეს და მალევე დაიშალნენ. ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას დაკავების დროს უფრო ერთსულოვანი იყო და მის გათავისუფლებას აქტიურად მოითხოვდნენ. სააკაშვილის შემთხვევაში კი, ასეთი ერთიანები არ არიან.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას ჯერჯერობით არც დასავლეთი და ევროპა არ მოუწოდებს. პირიქით, ევროპარლამენტარებმა ის გააფრთხილეს, რომ საქართველოში არ ჩასულიყო. სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა, რომელიც ჯერჯერობით დიპლომატიური განცხადებით შემოიფარგლა.

როგორ დატოვა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი?

„ოდესაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო“, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი ავრცელებს.

„1-ელ ოქტომბერს საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ძებნა იყო გამოცხადებული და აღიძრა ახალი საქმე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე“, – წერს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საზღვრის გადაკვეთა, შესაძლებელია, საზღვაო ბორნით შეძლო.

ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო, რადგან სააკაშვილის უკრაინიდან გასვლა, ბაზაში არ ფიქსირდება.

ამასთან, Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი წერს, რომ ან ამის გამო, ან სხვა მიზეზით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ოდესის დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტეს.

„უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს, წარუდგინოს ახსნა-განმარტება საქართველს მთავრობას, თუ როგორ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში ისე, რომ ის უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ შენიშნეს?“, - წერს ბუტუსოვი.

საქართველოში კი უკვე გაარკვიეს, რომ სააკაშვილი საქართველოში ტრაილიერის მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ შემოიყვანა, რის გამოც იგი უკვე დააკავეს. თბილისში, სწორედ ცომაიას ბინაში იმალებოდა სააკაშვილი, სადაც იგი დააკავეს.ცომაიასთან ერთად, იგივე ბრალდებით, კიდევ ორი პირი, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები დააკავეს, რომლებიც ფოთის პორტში მუშაობდნენ. სავარაუდოდ, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ მამა-შვილი ელგუჯა ცომაიასთან ერთად, სააკაშვილს გადაადგილებაში ეხმარებოდა.

ცომაიას დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

როგორც ცნობილი ხდება ცომაია წლების განმავლობაში უკრაინა-საქართველოს მარშრუტზე ტრაილერის მძღოლად მუშაობდა და უკრაინიდან საქართველოში მწვანილი შემოქონდა. სწორედ მის ტრაილერში, სავენტილაციო კაბინაში ჰყავდა მესამე პრეზიდენტი დამალული და საქართველოში ამ გზით შემოიყვანა. ხოლო ბათუმიდან თბილისში მისი ტრანსპორტირება სწორედ მამა-შვილმა წოწორიებმა უზრუნველყვეს.

„ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ელგუჯა ცომაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ელის. მისი ადვოკატები კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. ცომაიას ერთ-ერთი ადვოკატი, ბექა ბასილია მიხეილ სააკაშვილსაც იცავს. ბასილია ირწმუნება, რომ ცომაიას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში ბინა დაუთმო, დანაშაული არ ჩაუდენია და მსგავსი ჩანაწერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს.

მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, თხოვნის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ კიევს გადასცეს?

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვაბრუნებ ჩვენს მოქალაქეებს - ეს მიხეილ სააკაშვილსაც ეხება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არსებობს თუ არა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უცნობია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან ამ გადაწყვეტილებას არ ელოდება.

„არ ველოდები, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური სისტემა, ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება ეკითხება. დანაშაულებისა და ფაქტების გაგზავნა უკრაინის პრეზიდენტისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება, შეიძლება. ასეთი რამ ხდება ხოლმე დიპლომატიაში. ასეთ დროს, ვალდებულიც კი ხარ, შეატყობინო იმ ადამიანს, ვინც შეიძლება მას დამცველად დაუდგეს. ყველა შემთხვევაში, მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში მოიხდის სასჯელს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

იურისტი დავით ჯანდიერი იმ პროცედურებს განმარტავს, როგორ და რა ფორმით შეიძლება სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება. ჯანდიერი for.ge-სთან ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსტრადირების პროცედურა გამოყენებული ვერ იქნება. ამის მიზეზი ის არის, რომ ექსტრადირების ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის მხოლოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. ან პირზე, რომელზეც დაპატიმრების ორდერია გაცემული. ასევე საჭიროა პირის გადაცემა სასჯელის აღსასრულებლად.

„ვინაიდან უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერჯერობით საქმე ოფიციალურად აღძრული არ არის და არც იქ არის გასამართლებული, საქართველოს მისი ექსტრადირების ვალდებულება არ აქვს. ახალი ბრალი საზღვრის უკანონო კვეთა არ არის იმ დონის დანაშაული, რომ ამის გამო სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს. ერთადერთი გამოყენებადი კონვენცია მოცემულ შემთხვევაში, სტრასბურგის კონვენცია იქნება, რომელიც გადაცემას ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილის თანხმობა იქნება საჭირო. პროცედურაა ასეთი, როგორც უკრაინის მხარე, ასევე სააკაშვილი იქნებიან უფლებამოსილები, რომ ექსტრადირება მოითხოვონ. თუმცა ამისთვის საჭიროა ყველა საქმეზე განაჩენი იყოს დამდგარი და კანონიერ ძალაშიც შესული. ანუ გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ არსებობდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსტრადირების საკითხზე ყველას შეთანხმება მოხდეს. თუ უკრაინა და საქართველო სააკაშვილის ექსტრადირებაზე შეთანხმდნენ, მაშინ სააკაშვილის თანხმობაც საჭირო იქნება. კონვენცია ამბობს, რომ ყველა განაჩენი გამოტანილი და დასრულებული უნდა იყოს“, - ამბობს ჯანდიერი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მთელი ამ პროცედურის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას საქმის მასალები გააცნოს. იურდიული მომსახურების აღმოჩენის და ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის საკონსულოს მომსახურების უფლება აქვს. თუმცა ჯანდიერი ამბობს, რომ თუკი ქვეყნები შეთანხმდებიან და სააკაშვილიც თანახმა იქნება, კონვენციების მიერ დადგენილი ჩარჩოების დარღვევა და სააკაშვილის ექსტრადირების განხორციელება შესაძლებელია.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მას თავისი პერსონის რებრენდიგი უნდოდა, ამიტომაც იძულებული იყო, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. ის თუ ახლა არ ჩამოვიდოდა, 2024 წლისთვის მის ჩამსოვლას აზრი აღარ ექნებოდა. თუმცა ციხეში მყოფი სააკაშვილი, როგორც „ოცნების“, ასევე „ნაციოანლების“ ამომრჩევლისთვის იმ ეფექტის მატარებელი აღარ იქნება, რაც ადრე ჰქონდა. მისი აზრით, ხელისუფლება მას უკრაინაში გააძევებს და მთელი აურზაური ამ ამბის ირგვლივ დასრულდება. ის იქნება ხელბორკილდადებული და ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, რომლის გარშემოც ყველა მითი დაინგრევა.

„სააკაშვილის ამ ფორმით დაბრუნების ერთადერთი მიზანი იყო, არა ქვეყანა და პარტია, არამედ საკუთარი თავის და სახელის გადარჩენა. ხომ ხედავთ, ახალი ცოლიც კი მოიყვანა. საკუთარი პერსონის რებრენდიგს ახდენს, მაგრამ მაინც არაფერი უშველის. მისი ფაქტორი, როგორც ნაციონალებისთვის, ასევე „ოცნებისთვის“ დასრულდა. ხელისუფლება მისგან ბუას ვეღარ შექმნის, ხოლო ოპოზიცია მხსნელ გმირს. ალბათ, ეფექტური მისი გამოჩენა მოულოდნელად აქციაზე იქნებოდა. მას თუ ვერ დაიჭერდნენ, ჩათვალეთ, რომ ამას „ოცნების“ ხელისუფლების რყევა და საბოლოო დაშლა მოჰყვებოდა. ახლა კი არაფერიც აღარ იქნება. ხალხის რეაქციას ხედავთ? არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვის გამოიყვანენ, რამდენიმე ათას საკუთარ ელექტორატს? მერე, დაიშლებიან და სააკაშვილი ისევ ციხეში იჯდება. ხელისუფლებისთვის, კი ბატონო, სააკაშვილი ციხეში დისკომფორტი იქნება, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის იქნებოდა, თუ მას არ დააკავებდნენ და აქციაზე მოულოდნელად გამოჩნდებოდა. თუმცა მისი საბოლოო ჩანაფიქრი რა იყო, მეც ვერ გავიგე“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას და ხელისუფლებაზე ზეწოლას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რაიმე განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მათი მხრიდან არ უნდა ველოდოთ. სააკაშვილი როგორც ევროპელებმა, ასევე ამერიკელებმა გააფრთხილეს, რომ არ დაბრუნებულიყო, ამიტომაც მის დასახსნელად აქ აღარავინ ჩამოვა.

„დასავლეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული რეაქცია ჯერ არ ჩანს. არ ვიცი, თუ რამის თქმა უნდოდათ, აქამდეც უნდა ეთქვათ. მათ გააკეთეს განცხადება და მოწოდებები, რომ ქვეყანაში არ დაბრუნებულიყო. თუმცა სააკაშვილის ჩამოსვლაზე რა მოლოდინიც იყო, არ გამართლდა. ყევლას ეგონა ქვეყანაში დაპირისპირება და დესტაბილიზაცია დაიწყებოდა, მაგრამ მსგავსიც კი არაფერი ხდება. ამიტომ ეს კაცი არის გაჭრილი კარტი და ახლა საქართველოშიც ასე იქნება. ეს ერთი მხრივ კარგია იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქნება ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი გაირღვეს და რაღაცა ახალი დაიწყოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.