„თუ ვინმემ დააბოლა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილს, ეს ისევ თავისივე ხალხი იქნებოდა, რომლებიც ჰპირდებოდნენ, შენ გელოდება მთელი საქართველო, უშენოდ არაფერი გვეშველება და უნდა ჩამოხვიდეო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
სააკაშვილს წარსულის პოლიტიკოსად აქცევს ციხე, თუ შესაძლოა, ციხემ იგი ისევ მომავლის პოლიტიკოსად მოგვივლინოს და ერთგვარი რეანიმაცია გაუკეთოს მას? ექსპრეზიდენტის ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ როგორ გაგრძელდება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური კარიერა? გადაეკეტება თუ არა დაფინანსების წყაროები „ნაცმოძრაობას“ აქ უკვე პატიმარი სააკაშვილის მხრიდან?
- ვფიქრობ, ციხე სააკაშვილს ერთგვარ რეანიმაციას გაუკეთებს. ხელისუფლება იყო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, მათ არანაირად არ აწყობდათ საქართველოში ჩამოსული სააკაშვილი, ერჩივნათ, სააკაშვილი ყოფილიყო შორს, მისთვის დაეცინათ, ეთქვათ, რა უჭირს, სააკაშვილი ქალებშია, კომფორტულადაა, კარგად ცხოვრობს, მსოფლიოში დასეირნობს, მხდალი პოლიტიკოსია... წარმოიდგინეთ, სააკაშვილმა პოლიტიკურად არც თუ ისე მიმზიდველ გარემოში, ანუ სამშობლოდან შორს, შეინარჩუნა პარტიის მეორე ადგილი, პრაქტიკულად, მან მოახერხა „ნაცმოძრაობის“ წამყვან ოპოზიციურ პარტიად შენარჩუნება მაშინ, როცა აქ არ იყო. სააკაშვილს მეც და ყველაც დავცინოდით, რომ ის საქართველოს გარეთ კარგად ცხოვრობდა და ერთობოდა, „ნაცმოძრაობა“ კი წინააღმდეგობას უწევდა ხელისუფლებას, ახლა კი სააკაშვილი ციხეშია, რითაც გაიზრდება „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის განცდა, რომ ის პარტიაა. თუკი სააკაშვილმა შორიდან შეინარჩუნა საკუთარი პარტია, საქართველოში ყოფნისას უფრო მეტად შეინარჩუნებს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დაფინანსებას, სააკაშვილს თავისი ფული ჰქონდა, რომ ბინებიც ეყიდა და ემოგზაურა, მაგრამ, ალბათ, მის პარტიას აფინანსებდნენ სხვები, ანუ ის ბიზნესმენები, ვინც თავის დროზეც აფინანსებდა „ნაციონალების“ პარტიას, ანუ იქ გარკვეული კარტელი არსებობს, რომელიც აფინანსებს პარტიას. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დაჭერით მისი პარტიის დაფინანსება შემცირდება, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
შესაძლოა, სააკაშვილი ციხეში არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ რომ არ დაეკავებინათ იგი, ეს ხომ ხელისუფლების უსუსურობას გამოამჟღავნებდა?
- ცალსახად, ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“. „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ ჰქონდა, სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაეპატიმრებინა, მაგრამ დაპატიმრებით „ოცნებამ“ გააძლიერა თავისი მეტოქე „ნაცმოძრაობა“. ახლა იძახიან, დეპოლიტიზაციაო, სინამდვილეში, მოხდა უფრო მეტი პოლიტიზირება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა „ქართული ოცნება“ იმით, რომ ხალხს შეეშინდა, არიქა, სააკაშვილი ჩამოვიდაო. პარალელურად, კიდევ მეტად გაძლიერდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმას მისცა იმ ხალხმა, ვისაც უნდა ამ რეჟიმის დემონტაჟი. ამ პოლარიზაციის გამო, ცოტა ხმა აიღეს დანარჩენმა პარტიებმა.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათ სააკაშვილის მარშრუტი იცოდნენ საქართველოში მისი შემოსვლის დღიდან. თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შემოიტყუეს სააკაშვილი? გუბაზ სანიკიძე და სხვები აქტიურად ჩადიოდნენ უკრაინაში, ისინი ტყუილ იმედებს ხომ არ აძლევდნენ ექსპრეზიდენტს, რომ მას ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდა და ესეც შემოტყუების ერთგვარი მცდელობა იყო?
- შემოტყუების ვერსიას არ განვიხილავ. თუ ვინმემ შემოიტყუა სააკაშვილი, ისევ თავისმა ხალხმა, დააჯერეს, თითქოს საქართველოში მას ელოდნენ. მე მგონი, მას გაუცრუვდება იმედი, როცა ნახავს, რომ არ გამოვა იმდენი ხალხი მის გამოსახსნელად, როგორც მას იმედი ჰქონდა. თუ ვინმემ დააბოლა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილს, ისევ თავისივე ხალხმა, რომლებიც ჰპირდებოდნენ, შენ გელოდება მთელი საქართველო, უშენოდ ჩვენ არაფერი გვეშველება და უნდა ჩამოხვიდეო. თუ მას ასეთი განცდა ჰქონდა, მაშინ ძალიან კარგად მოატყუა საკუთარმა ხალხმა, თორემ „ქართულ ოცნებას“ არაფერში არ სჭირდებოდა მისი ჩამოსვლა, დღემდე არ იციან, როგორ შემოვიდა იგი. „ნაცმოძრაობაც“ არ ამბობს, სააკაშვილი როგორ შემოვიდა, „ოცნებას“ კი ვერსია არ აქვს. ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით როგორც კი უნდოდათ თავი გაემართლებინათ, მაშინვე გამოაქვეყნეს მისი მთელი მარშრუტი, ახლაც გამოაქვეყნონ, სააკაშვილი ქუჩებში როგორ დადიოდა, შეიძლება, ოთხი დღის ჩამოსული არცაა და ორი დღის ჩამოსულია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება ჭიანურდება. ამიტომ ლეგენდად მეჩვენება ხელისუფლების ნათქვამი, „ჩვენ ვიცოდით სააკაშვილის ყოველი ნაბიჯი“.
სამართალდამცავებს იმ სამალავი ბინის გასაღები ჰქონდათ, სადაც სააკაშვილი იმალებოდა. ხუმრობენ კიდეც, სააკაშვილმა თვითონ ხომ არ ჩამოუგდო გასაღებიო.
- ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად ხელგაწაფულ ქურდს აქვს ასეთი გასაღებები. ნებისმიერ გასაღების სპეციალისტს, ვინც აყენებს კარზე კლიტეს, შეუძლია, გააღოს კარები. ეს თავმოსაწონი არაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს ასეთი სპეციალისტები.
სააკაშვილის სამალავი ბინის მეპატრონე რომ დაიჭირეს, ამით გავლენ დამნაშავეთა წრეზე? დაადგენენ, ვინ შემოიყვანა სააკაშვილი?
- სააკაშვილს ისე კარგად აქვს დაგეგმილი მთელი გეგმა - ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მეორე ტელეფონიდან გადაღებულია, რათა თავიდანვე ვერ დაეფიქსირებინათ მისი ადგილსამყოფელი. თანაც, ბათუმში ან სხვაგან რომ გადაადგილდება, ისეა გადაღებული, სათვალთვალო კამერები არ ჩანს, ანუ ვერსად დააფიქსირეს, ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა, თბილისში, როგორც ჩანს, დადიოდა, მტკიცებულებებს, ალბათ, მერე წარმოადგენენ. სააკაშვილს სჭირდებოდა ციხე, ამიტომაც გაიშიფრა თავი. სააკაშვილის პრობლემა რა არის? ის მიხვდა, რომ ბერდება და, თუ დარჩა უკრაინაში ან უცხოეთში, საქართველოში აღარავის არ დააინტერესებს. ამიტომ ერთადერთი მისი გამოსავალი ციხეში წასვლა იყო.
ცხადია, სააკაშვილი საკუთარ ციხეში არ შევიდოდა.
- რა თქმა უნდა, თავის ციხეში არ შევიდოდა, ამ ციხეში კი მას თმა არ ჩამოუვარდება თავიდან, იქნება კომფორტულ პირობებში, ვინ რას გაუბედავს, დღედაღამ უფლებადამცველები, დეპუტატები შევლენ მის მოსანახულებლად. ის კომფორტულად მოეწყობა, რაც უფრო დიდხანს იქნება ციხეში, მით უფრო კარგი მისთვის, ვერავინ იტყვის, სადაა თქვენი ლიდერიო, „ჩვენი ლიდერი ციხეშიაო“,-სიამაყით იტყვიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. სარკოზის მიუსაჯეს შინაპატიმრობა, როგორც წესი, პრეზიდენტებს არ სვამენ ციხეში, მით უმეტეს, დიდხანს. ამიტომ სააკაშვილსაც რაღაცას მოუხერხებენ, ერთი ვარიანტია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება, ანუ გამოვიდეს გარეთ, იყოს თბილისში და ხელახლა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის არევა, მეორე ვარიანტია, პატიმარი სააკაშვილი გადასცენ უკრაინის მართლმსაჯულებას, როგორც მათი მოქალაქე. მეგობარ სახელმწიფოსთან - უკრაინასთან აუცილებლად იქნება დადებული ხელშეკრულება პატიმრების გაცვლის თაობაზე, ანუ მე ვასამართლებ ადამიანს, მაგრამ შენ გადმოგცემ. აზერბაიჯანთან, თურქეთთან არის ასეთი ხელშეკრულება დადებული და გადავცემთ ხოლმე პატიმრებს. მათ თავიანთ სამშობლოში უნდა მოიხადონ სასჯელი. თუმცა ისიც შეიძლება, როცა ჩვენ გადავცემთ სააკაშვილს უკრაინის მართლმსაჯულებას, უკრაინელებმა ის შეიწყალონ, ანუ შეიწყალებს არა საქართველოს სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტი, არამედ უკრაინის.
თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ციხეში ჩასაჯდომად ჩამოვიდა, თუმცა არის სხვა ვერსიაც, რომ მას ციხის პანიკურად ეშინია, იქნებ, ის ჩამოვიდა 3 ოქტომბრის არეულობის მოსაწყობად?
- ასე რომ ნდომებოდა, მაშინ უფრო კარგად დაიმალებოდა, ციხეში ჩაჯდომით ტემპერატურის აწევა სურდა. მას კარგად ვიცნობ და ისე იღიმოდა, ისეთი ბუნებრივი ღიმილი ჰქონდა, რომ ბედნიერი იყო ციხეში წასვლის გამო.
იქნებ, რამე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო?
- არ გამოვრიცხავ არც მაგას.
ხალხი არ გამოვა მის დასაცავად?
- არ გამოვლენ. მისი მომხრეები, ცხადია, გამოვლენ, მაგრამ არა მგონია, 5 ათას კაცზე მეტი იყოს. თუ ცვლილებების მუხტი უნდათ, 100 000 აუცილებელი არაა, რასაც ამბობს სააკაშვილი, 50 000-იც საკმარისია.
დასავლელი პოლიტიკოსები მაინცდამაინც არ თანაუგრძნობენ სააკაშვილს, ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა ისიც თქვა, „ქართველმა ხალხმა უნდა დააიგნოროს სააკაშვილი საქართველოში ჩასვლის უპასუხისმგებლო საქციელის გამო, რითაც მას ყურადღების მიპყრობა უნდოდაო“. დასავლეთისთვისაც ამოწურა სააკაშვილის რესურსი?
- სააკაშვილი ყველას ნერვებზე მოქმედებს, ყველასთვის მიუღებელია, ყოველთვის ვგრძნობ ამას, როცა ევროპაში ვარ, ყველასთვის მომაბეზრებელია, არავის არ უყვარს და ყველა ცდილობს, მისგან დისტანცირება მოახდინოს.
ისე შარაშენიძე თითქოს ობიექურად მსჯელობს ...ძაბირაძეც
საყვარელიზე კი ...100%