„თბილისში ველოდებოდი, რომ ასე იქნებოდა. ზოგადად, დიდად არ გამაოცა არჩევნების შედეგებმა. ის, რომ „ქართული ოცნება“ მინიმუმ მეორე ტურში გავიდოდა, ეს ჩემთვის არ არის ახალი - ან იგებდა „ქართული ოცნება“ ან გადიოდა მეორე ტურში. უფრო იმას არ ველოდებოდი, რომ „ოცნება“ მიიღებდა 47%-ს ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობდი, რომ მას პრობლემა ექნებოდა 43%-თან“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში და ჩვენთან საუბარში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა.
ვახტანგ ძაბირაძე: აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამომრჩევლის აქტიურობამ. არ მახსენდება არჩევნებზე ასეთი რაოდენობის ამომრჩეველი მოსულიყო. ეს დაახლოებით ის რაოდენობაა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მივიდა 2019 წელს. ეს არჩევნები უპრეცენდენტო მოვლენაა. როგორც ჩანს, ამან განაპირობა ის რომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა 43%-იანი ზღვარი. თბილისში მოსალოდნელი იყო მეორე ტური, მას შემდეგ, რაც გახარიამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.
თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 45,5 % მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34, 13 %-ით. პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გახარიამ ხმების 8, 97 % მიიღო. შესაძლოა ვთქვათ, რომ სწორედ გიორგი გახარიამ წაართვა კახა კალაძეს ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი, რის შედეგადაც დედაქალაქში იქნება მეორე ტური? როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში?
- მეორე ტურში, ყველა შემთხვევაში, კალაძე გაიმარჯვებს და დიდი ალბათობით, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გაიმარჯვებს ოპოზიცია, ეს შეიძლება ერთ-ორ ოლქში. დანარჩენ ოლქებსა და თბილისში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება.“ გახარიას ამომრჩეველი მიბრუნდება ისევ კალაძესთან და „ოცნებასთან,“ ის არ წავა მელიასთან. არა მარტო გახარიას ამომრჩეველი, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციის ამომრჩეველი, წვრილი პარტიების ამომრჩეველი. ამ შემთხვევაში კალაძე უპირობოდ იქნება გამარჯვებული მეორე ტურში.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 48.17 %; „ქართული ოცნება“ - მამუკა წოწერია - 40.01%; ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება - დავით კირკიტაძეს ამ დროისთვის 44.53%, ნინო ლაცაბიძეს კი 44.34% აქვს. თქვენი აზრით, შესაძლოა ამ ორ ქალაქში ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს?
- დიდი სხვაობაა ზუგდიდში მელიას სასარგებლოდ. ამიტომ, არის ალბათობა იმისა, რომ მელია გაიმარჯვებს. რაც შეეხება რუსთავს, არ მგონია, რომ კირკიტაძემ შეძლოს გამარჯვება. კირკიტაძე რომ ყოფილიყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და სხვა ოპოზიციურ კანდიდატებსაც ჰყოლოდათ იქ თავიანთი კანდიდატები, ამ შემთხვევაში მიეღო მას ხმების ის რაოდენობა, რაც მიიღო, შეიძლება გვეფიქრა, რომ ოპოზიციური ხმები წავა კირკიტაძესთან. ანუ მან ამ არჩევნებში მიიღო ხმების მაქსიმალური რაოდენობა, დამატებითი ხმები საიდან უნდა მიიღოს, არ ვიცი. თანაც, მეორე ტურში ამომრჩეველი არ იკლავს თავს აქტიურობით.
რა გავლენა იქონია ამ არჩევნებზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ და მისმა დაკავებამ? უნდა ითქვას, რომ ეს მოხდა არჩევნების წინა დღეს...
- კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, არის და პასუხები უნდა გაეცეს. მან გარკვეული გავლენა მოახდინა, მაგრამ უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება გამოიწვია ამან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თუ საფრთხეს არ იგრძნობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაკარგოს ძალაუფლება და არ მარტო დაკარგოს, არამედ ძალაუფლება ნაციონალებმა ჩაიგდონ ხელში, მანამდე მაინცდამაინც თავს არ მოიკლავდა ამ არჩევნებით. ამიტომ ვამბობ, რომ ის აქტიურობა, რაც გამოჩნდა, მოულოდნელი იყო, ეს მის ჩამოსვლას უკავშირდება, თუმცა, ამან ოპოზიციისთვის საპირისპირო შედეგი გამოიღო.
ზოგადად, ძალიან უცნაური იყო ყოფილი პრეზიდენტის ასე ჩუმად შემოსვლა საქართველოში, მისი დაპატიმრება. ეს ხომ არ აჩენს ეჭვს იმისა, რომ საარჩევნოდ გარკვეულ გარიგებას ჰქონოდა ადგილი ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის?
- სანამ სააკაშვილი არ იტყვის, თუ რა გეგმა ჰქონდა, რომ არ დაეკავებინათ არჩევნების წინა დღეს, რას აპირებდა, ეჭვები ყოველთვის იქნება და კითხვებს პასუხის გაცემა უნდა.
ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში...
- მისი მოქმედება არის ალოგიკური და გაუგებარი. არ ვიცი რას აპირებდა. ამიტომ ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს ნაწილი რაღაც გარიგების, კითხვა ჩნდება და ამას უნდა უპასუხოს სააკაშვილმა.
ოპოზიცია ამბობს, რომ მალე ექსპრეზიდენტი საპატიმროდან გათავისუფლდება, თუმცა, კონკრეტულად რა გეგმა აქვს ოპოზიციურ სპექტრს, ცნობილი არ არის. რა ბერკეტები არსებობს ამისთვის? პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს და არ მოხდება ამნისტია. დაიწყება თუ არა საპროტესტო გამოსვლები?
- კრიტიკის თვალსაზრისით ყველაზე სუსტია ის, რომ სააკაშვილი გადაცენ ისევ უკრაინას, რადგან უკრაინის მოქალაქეა. მის დაპატიმრებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მას, დიდი ალბათობით, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება. საპროტესტო აქციები შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ეს აქციები არ იქნება ისეთი მასშტაბის, რომ მან რაღაც შედეგი გამოიღოს.
ხელისუფლების ერთადერთი ნაბიჯია, თუ ამას მოინდომებს, აქციების ხარჯზე კი არა, უკრაინის მოთხოვნის ხარჯზე გააბრუნოს სააკაშვილი უკრაინაში, მაშინ ეს ამყარებს ეჭვს, ხომ არ იყო ეს გარიგების შედეგი, მისი ჩამოსვლაც და ისიც, რომ ის უკრაინას გადასცა უკან - წინასწარ ხომ არ იყო შეთანხმებული? სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა მისთვის რთული იქნება.
მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
- ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს, მაგრამ არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზე, ოღონდ ეს გამოწვეული იქნება სოციალური მდგომარეობით, რომელიც ძალიან მძიმეა ქვეყანაში. ამ ვითარებას ხელისუფლება რამდენად გაართმევს თავს, ამაზეა დამოკიდებული. ასე რომ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სოციალური პროტესტი და არა პოლიტიკური. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს სწორედ აქედან გამომდინარე, სხვა მხრივ არ ველოდები.