ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ახალი საზენიტო რაკეტა გამოსცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფხენიანში აღნიშნავენ, რომ ახალმა საზენიტო რაკეტამ შესანიშნავი საბრძოლო შესაძლებლობები აჩვენა და რომ ის ახალ საკვანძო ტექნოლოგიებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის მეოთხე გამოცდაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
29 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ქვეყანამ ახალი ზებგერითი რაკეტა Hwasong-8 წარმატებით გამოსცადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს გამოცდები არასტაბილურობისა და დაუცველობის უფრო დიდ პერსპექტივებს ქმნის.