რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი გაანადგურა. ამის შესახებ მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
„წუხელ, ისლამური საამიროს მოჯაჰედების სპეციალურმა დანაყოფმა ქაბულის მე-17 ოლქში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო მისი ყველა წევრი ლიკვიდირებულია“, - განაცხადა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, იდგაჰის მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.