„ოცნება“ დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე გამარჯვებას 30 ოქტომბერს გააფორმებს

„ოცნება“ დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე გამარჯვებას 30 ოქტომბერს გააფორმებს

პირველ ტურში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც 51%-იან ბარიერს გადალახავს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონში მეორე ტური ჩაინიშნება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს. პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში კანდიდატს აღარ აქვს 51%-ის გადალახვის ვალდებულება. გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და ფოთში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება შემდეგ კანდიდატებს შორის:

თბილისი

კახა კალაძე - ნიკა მელია

რუსთავი

დავით კირკიტაძე - ნინო ლაცაბიძე

ბათუმი

გიორგი კირთაძე - არჩილ ჩიქოვანი

ქუთაისი

ხატია დეკანოიძე - იოსებ ხახალეიშვილი

ფოთი

გიგი უგულავა - ბექა ვაჭარაძე

ზუგდიდი

ანზორ მელია - მამუკა წოწერია

თელავი

ლევან ანდროიშვილი - გიორგი ბოტკოველი

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებდა, თუმცა, ბოლო დღეებში პოლიტიკური მოვლენები შეიცვალა და ახლა მთავარია, სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისთვის. ის მზად არის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 48% აიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური იქნება, „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე. რამდენიმე ოლქია, სადაც მეორე ადგილზე „ქართული ოცნებაა“, თუმცა, მეორე ტურები გაიმართება და დაველოდოთ შედეგებს.

„48%-ის მოპოვება 10 წლის შემდეგ არის დამაჯერებელი გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანია. არ დავიწყებ წინასწარ მარჩიელობას, ვინ გაერთიანდება, სად გაერთიანდება. ყველა პოლიტიკური პარტია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას, ამისთვის მზად და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში თბილისი მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში მეორე ტური, მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა.

„ნაციონალური მოძრაობა“, დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. „ქართული ოცნების“ კანდიდატეები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად.

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. ეს დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ვექტორი კალაძის მხარეს გადაიხრება.

„ვფიქრობ, რომ კახა კალაძის გამარჯვება სადავო არაა. რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს სხვა კანდიდატმა საკუთარი შესაძლებლობების პერსპექტივაში, გამორიცხულია, რომ ოპოზიციის მხარეს ვექტორი გადაიხაროს. საარჩევნო კამპანიის დროს მთავარია სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. პულსზე ხელის დადება.

ესაა ერთადერთი სწორი გზა და ვფიქრობ, ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ ნამდვილად გამორჩეულია. ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულება საიდანაც შესაძლოა ვფლობდეთ ინფორმაციას ადამიანების საჭიროების შესახებ, გამოყენებულია სრულფასოვნად, რეალურად არის ამის გაუმჯობესების საშუალება, რასაც მოვახერხებთ კიდეც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რომან გიცირიძე ამტკიცებს, რომ მეორე ტურში, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება ნიკა მელიას. „ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება მეორე ტურებზე. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს. მთავრდება რიგგარეშე არჩევნები „ქართული ოცნების“ სრული კრახით“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს „ლელო“. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მხარს დაუჭერენ ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ.

„ჩვენ კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით. ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით სავსე. სამწუხაროდ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მეორე ტურში არც ერთ კადიდატს არ დაუჭერს მხარს პარტია „საქართველოსთვის“.

კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა შესაძლებლობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქემოკლიძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს საკუთარ ამომრჩეველს მიუთითოს, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში და მისი თქმით, პარტიის ელექტორატი ამას დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

„ის ელექტორალური სეგმენტი, ღრმა ანალიზის დონეზე რომ შევიდეთ, რომელმაც პარტია „საქართველოსთვის“ დაუჭირა მხარი, შინაარსობრივად კარგად ერკვევა არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში. არ დასჭირდებათ ამ ადამიანებს რაიმე ტიპის მოწოდება, რომ ან ერთ მხარეს წავიდნენ ან მეორე მხარეს. ჩვენს ელექტორატს ნამდვილად შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი“, - ამბობს კახა ქემოკლიძე.