რატომ დაკარგა თბილისზე კონტროლი ხელისუფლებამ და რა მიიღო გახარიამ მეორე ტურის დანიშვნით?

რატომ დაკარგა თბილისზე კონტროლი ხელისუფლებამ და რა მიიღო გახარიამ მეორე ტურის დანიშვნით?

თბილისში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და უმრავლესობა საკრებულოში - ეს არის ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად შერაცხა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში მეორე ტურებია დანიშნული, ოპოზიციის გეგმები „ოცნებას“ 43% ვერ აეღო, არ გამართლდა. მათ არც მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლამ და მისმა დაკავებამ უშველა. პირიქით, ოპოზიციამ არჩევნები აღიარა და სააკაშვილის მიერ 3 ოქტომბერს დაანონსებული აქცია რუსთაველზეც ჩაშალა.

ახლა ყველას ინტერესი და ყურადღება დედაქალაქისკენ არის მიმართული, სადაც ხელისუფლების პოლიტიკური ცენტრია. ფაქტი კი ერთია, ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას მერობისთვის ბრძოლამ კალაძე მეორე ტურისთვის გასწირა. მან ამომრჩევლის ელექტორატის ნაწილი წაიყვანა და კალაძეს ზუსტად ის ხმები დააკლდა, რითაც პირველივე ტურში გამარჯვებას შეძლებდა. სავარაუდოდ, ისევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი სცენარი გათამაშდება - „ოცნება“ ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს, რათა ნაციონალების უკან დაბრუნების შიშით კალაძემ გაიმარჯვოს. ამიტომ ხელისუფლება თვლის, რომ მეორე ტურები მოგებული აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქის 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 740-ში. ამ მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 44.96%

ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 33.94%

გიორგი გახარია - „საქართველოსთვის“ - 9.33%

ანა დოლიძე - 4.64%

ანა ბიბილაშვილი - 2.53%

თბილისის მერობის სხვა კანდიდატების რეიტინგი კი 1 პროცენტზე ნაკლებია.

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, მანდატების უმრავლესობას აიღებს. დედაქალაქის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 621 უბანი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული. „ნაციონალური მოძრაობა“ - 13 მანდატი, გახარია „საქართველოსთვის“ - 4 მანდატი, „ლელო“ - 2 მანდატი, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 1 მანდატი, ანა დოლიძის პარტია - 1 მანდატი.

კახა კალაძემ მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით განცახდება უკვე გააკეთა და საკუთარ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა.

„შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში... მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გულწრფელად ეგონა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, თუმცა დარწმუნებულია, თბილისელების დახმარებით შეძლებს გამარჯვებას.

განაპირობა თუ არა გიორგი გახარიას ფაქტორმა თბილისში მეორე ტურის დანიშვნა და რას უნდა ნიშნავდეს ეს, როგორც კახა კალაძისთვის ასევე „ქართული ოცნებისთვის“?

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გასაკვირია როცა კალაძეს მეორე ტური გაუკვირდა და იმედი ჰქონდა გახარიას გამოჩენის შემდეგ პირველივე ტურში მაინც გაიმაჯვებდა. მისი თქმით, ამას ყველა ანალიტიკოსი ხვდებოდა და ნებისმიერი კვლევის დროს ეს კონტურები იკვეთებოდა. შესაბამისად, კალაძე ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებულიყო.

„აშკარად ჩანს შემდეგი რამ, რომ მან პარტიის შიგნით მათი პოზიციები წააგო. ირაკლი კობახიძეს არც აცია და არც აცხელა, პირდაპი თქვა, რომ მეორე ტურები იქნება ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში, მაგრამ განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია თბილისში მეორე ტურის დანიშვნა. კალაძე სწორად არ მოიქცა, როცა თავი ჩაღუნა და ბოდიში მოიხადა. მეტის გაკეთება შეგვეძლოვო, რაღაცა დავაკელიო. არადა არაფერი დაუკლია. ოპოზიციამ რაც არ უნდა თქვას, ის ნამდვილად ღირსეული მერია და თბილისელებსაც უყვართ. მელიას რეიტინგი რაც მან ახლა აიღო, ეს მისი რეიტინგი არა არის. ეს არის სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც ჩამოსვლით და ციხეში ჩაჯდომით მას წაეხმარა. კალაძემ თბილისელების სიყვარული ნამდვილად დაიმსახურა.

მა, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ბოდიში მოიხადა მგონია არა ხალხის წინაშე, არამედ პატიის წინაშე. მას თბილისელებისთვის არ მგონია საბოდიშო ჰქონდეს. მე მგონი კალაძეს ჰქონდა ამბიციები, რომ დამოუკიდებლად გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებდა. საარჩევნო ბილბორდებზეც ასე ეწერა, კალაძის გუნდით საკრებულოში მერად. ამიტომაც ახლა ის „ოცნების“ ტყვედ არის ქცეული და მას მეორე ტურს მუდმივად დააყვედრებენ. რა თქმა უნდა, ის გაიმარჯვებს, მაგრამ ეს პარტიის შიგნით გარკვეულ პოზიციებს დააკარგვინებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილს ეგონა, რომ მისი ჩამოსვლით „ოცნება“ ჩამოიშლებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა, ის უფრო გამყარდა. ამიტომ, კალაძის პირველ ტურში მარცხი მისი პირადი მარცხი არაა. ეს არის როგორც გიორგი გახარიას ფაქტორით გამოწვეული, ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით.

„მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინაში დეპორტაციას გაუკეთებენ და ხელბორკილებით ალბათ ქვეყნიდან გააძევებენ. ის ქვეყნიდან შეწყალებული და გამარჯვებული ვერ წავა. ამიტომ, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის პროცესი. სააკაშვილის ფაქტორი ვეღარ იმუშავებს და ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია ეს ორპოლუსიანი გარემოც გაირღვეს. აი, გიორგი გახარია უკვე აქ კარგ დროს და კარგ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს. მე ძალიან მიკვირს მისი ქცევა და განაწყენება. ზუსტად თქვენთან საუბარშიც ვამბობდი, რომ მისი მაქსიმუმი 8% იქნებოდა. კი ბატონო, ალბათ, სააკაშვილის დაბრუნებამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ არა ისეთი, რომ სურათი რადიკალურად შეცვლილიყო. ახლა, როგორც ნაციონალები, ისევე „ოცნება“ მეორე ტურში მისი მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.

თუმცა მან როგორც მესამე ძალაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსმა არც ერთ მათგანს მხარი ღიად არ უნდა დაუჭიროს, საერთოდ უნდა გაემიჯნოს. რა თქმა უნდა, მისი ამომრჩეველი მხარს კალაძეს დაუჭერს, მაგრამ ჯობია, ღია მოწოდება არ გააკეთოს. ამ სიტუაციაში ყველაზე გამარჯვებული გახარიაა. ასე, ორ-სამ თვეში პარტია შექმნა, პატარა პარტიების ელექტორატი მიითვისო და ქვეყანაში მესამე ძალა გახდე, გამარჯვებაა აბა რა არის. ამიტომ თუ მას 2024 წლისთვის უფრო გაძლიერება უნდა, გონს უნდა მოვიდეს და ამომრჩევლის წინაშე მხნედ გამოჩნდეს“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

იყო თუ არა გახარიას კანდიდატურის თბილისში დაყენება „ოცნების“ დასჯა და გამოუვიდა თუ არა?

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ელემენტარული არითმეტიკაა საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ, რეალურად გიორგი გახარიას განზრახვა რა იყო. ზუსტად მის მიერ აღებული ხმები დააკლდა კალაძეს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად მეორე ტურში კალაძე-მელიას გადასვლისა, თბილისის არჩევნებში მოგებული გახარიაა.

„გახარიას მიზანი რაც იყო პირნათლად არის შესრულებული. მან მერობის კანიდიდატად თბილისში თავისი თავი იმიტომ დააყენა, რომ კალაძისთვის ხმები წაერთმია და მელია მეორე ტურში გადასულიყო. არ ვიცი, ეს რატომ გააკეთა. გარიგება აქვს ნაციონალებთან, ამის გამო ფულადი სარგებელი ნახა, თუ პოლიტიკურად საკუთარი რეიტინგის გაზომვა უნდოდა და საჭიროების ჩვენება, ვერ გეტყვით. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ფაქტია, რომ მოგებული ახლა ისაა, თუმცა თბილისელების მისდამი განწყობაც კარგად გამოჩნდა. უბრალოდ, საწყენი იმ თბილისელებისგან არის, რომლებმაც მელიას ხმა მისცეს. როგორ შეიძლება ასეთი დაბოღმილი და გაბოროტებული იყო, ვერ ხედავდე დღევანდელ ქალაქის მერსა და მელიას შორის განსხვავებას?! კაცს, რომელსაც თბილისის არჩევნები სულაც არ ანაღვლებს და ამბობს, რომ ეს რეფერენდუმიაო, ქალაქის განვითარებაზე ერთი სიტყვა არ დაუწერია, თავად ეს თბილისელებიც, ვინც ხმა მისცა, დიდად არ ანაღვლებს. უბრალოდ, გახარიას ამომრჩეველი დარწმუნებული ვარ, ხმას კალაძეს მისცემენ, მაგრამ გახარია თავად რას იზამს, ამის თქმა მიჭირს. ეს არაა კალაძის წაგება, ეს არის გახარიას კიდევ ერთი ღალატი, რომელიც არ მგონია, რომ ბოლოს ძვირად არ დაუჯდეს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ არჩევნებით ერთი მნიშვნელოვანი რამ გაირკვა, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ ყალბდება და არც 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ოპოზიციამ უკვე აღიარა და ამიტომ ქუჩაში გამოსვლას თუ კიდევ გაბედავენ, მათი საქმე საბოლოოდ წასულია. რაც შეეხება პატარა პარტიების ბედს, ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ მათი ელექტორატი საერთოდ გადაყლაპა, ამიტომ, დიდი ალბათობით, 2024 წლისთვის ისინი კიდევ უფრო დასუსტდებიან. ხოლო ის ფაქტი, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში მეორე ტურებია დანიშნული, არაფერი კატასტროფა არ არის. ეს არის დემოკრატიის ნიშანი და იმის ფაქტორი, რომ მეორე ტურს „ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს. ხოლო თბილისის საკრებულოში აღებული უმრავლესობა უკვე იმის წინა პირობაა, რომ კალაძე მეორე ტურს მოიგებს.

რას იძლევა პოლიტიკურად დედაქალაქში დანიშნული მეორე ტური?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა მეორე ტურში ნაციონალები და „ოცნება“ ერთმანეთს უპირისპირდებიან, უკვე მე-9 წელია მოსახლეობა ნაცების ხელისუფლებაში არდაბრუნების შიშით მობილიზებას ახდენს და ისევ მმართველი გუნდის კანდიდატი იმარჯვებს. ასე მოხდა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც და ამიტომ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ როგორც გიორგი გახარიას ამომრჩეველი, ასევე „ლელოს“ და ანა დოლიძის ამომრჩეველიც ხმას კალაძეს მისცემს.

„რა თქმა უნდა, როგორც კი გიორგი გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, გასაგები იყო, რომ ხმებს კალაძეს წაართმევდა. ამიტომ მეორე ტური გასაკვირი არ არის. თუმცა როცა მეორე ტურები იმართება, ყოველთვის ხმას მმართველ გუნდს აძლევენ. გახარიამ თავის ამომრჩეველს რომც არ მოუწოდოს, კალაძეს მხარი დაუჭირეთო, ისინი ხმას მეორე ტურში მაინც კალაძეს მისცემენ. რაც შეეხება ოპოზიციის განცახდებას, რომ თუ გახარია რეალური ოპოზიციონერია, მან თავის ამომრჩეველს მელიას მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდოს აბსურდია. გახარიას, რა თქმა უნდა, პატარა პარტიების მხარდამჭერებმაც მისცეს ხმა, მაგრამ მისი ელექტორატი მაინც „ოცნების“ ნაწილია.

ამიტომ გახარია თუ ამას იზამს, რაშიც ეჭვი მეპარება, ის იმ მხარდაჭერას დაკარგავს, რაც მოპოვებული აქვს. პირიქით, მას თუ მესამე ძალად ჩამოყალიბება უნდა, საერთოდ არც ერთის მხარი არ უნდა დაიკავოს. რაც შეეხება რეალობას, რაც პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში და ქვეყანაში მივიღეთ, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - გახარიამ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ ელექტორატთან ერთად სხვა პატარა პარტიების ხმებიც წაიღო. ფაქტობრივად ოპოზიციის ნაწილი თამაშგარეთ დარჩა.

ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ისინი 2020 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აჰყვნენ. ამ არჩევნებით დადგინდა, რომ არჩევნები არ ყალბდება და არ ხდება ის კატასტროფა, რასაც ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხატავდნენ. ამიტომ მათზე გაბრაზებული ელექტორატი გახარიასთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წავიდა. პოლიტიკური ველი ისევ პოლარიზებულია და ისევ ორ პარტიას შორის გავიჩხირეთ. თუმცა გახარიას მესამე პარტიად ყოფნა იძლევა შანსს, რომ 2024 წლამდე ის მესამე ძალად ჩამოყალიბდეს. მას ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს. თუმცა მერის არჩევნებში ისევ კალაძე გაიმარჯვებს. საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი სცენარი განმეორდება“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

Katana . დავით ქართველიშვილი: "როგორ შეიძლება ასეთი დაბოღმილი და გაბოროტებული იყო, ვერ ხედავდე დღევანდელ ქალაქის მერსა და მელიას შორის განსხვავებას?!."
*
ძალიან მძიმე სურათია!..
არა მხოლოდ დედაქვეყანაში, სადაც სააკაშვილის დროინდელი 300 000 პრობაციონერის ოჯახი ცხოვრობს (რომ არაფერი ვთქვათ ექსპრეზიდენტის მიერ ქვების გროვად შერაცხული ტერიტორიებიდან მისი წყალობით ლტოლვილებად ქცეულ ათიათასობით ადამიანზე, ქონებაწართმეულების, სახლ-კარგაყიდულებისა და ქუჩაში გამოყრილების ოჯახებზე)... ელექტორატის ერთ მესამედზე მეტი კიდევ მაგათ რომ უჭერს მხარს, ეგ რაღაც ისეთი ფენომენი მგონია, რომელსაც სათანადო დარგის მეცნიერები (ვთქვათ, ფსიქოლოგები, სოციოლოგები) უნდა სწვლობდნენ და იკვლევდნენ...
გამაოგნებელია!
3 წლის უკან
ლაზი ერთის მხრივ, რამაც გატკინოს იმან მოგარჩინოსო. დასრულებით ემუქრებოდათ და რეინკარნაცია გაუკეთათ.
მეორის მხრივ, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო.
3 წლის უკან
Katana შესწ.: არ ვიცი, რა ხდება, გამოიქცა დაუმთავრებელი ტექსტი. ზემოდან -5 სტრიქონი უნდა იკითხებოდეს ასე: "არა მხოლოდ დედაქალაქში, მთლიანად ქვეყანაში," - დანარჩენი, როგორც ექსტშია.
3 წლის უკან
Serapina სწორს ამბობს ზაქარეიშვილი კალაძესთან მიმართებაში. ყველაზე მეტი კალაძემ გააკეთა! პოლიტიკის რომ არაფერი ესმის,ეს ამ არჩევნებზეც დაადასტურა...ადამიანურად და გუწრფელად... ლამის შემეცოდა. არადა, თავის დროზე ის, გახარიას შემდეგ ყველაზე მაღალი რეპუტაციის პირი იყო ოცნებაში.
ბატონი დ.ქართველიშვილის ელემენტარული არითმეტიკა ცოტა მიამიტური ხომ არ არის, რბილად რომ ვთქვა ?!
ზოგადა, ოცნებამ ბევრს,მათ შორის განსაკუთრებით თბილისელსაც რომ იმედები გაუცრუა, ესეც ხომ ელემენტარული არითმეტიკაა! გამოდის, ლამაზი ქუჩები და სკვერები, განახლებული ტრანსპორტი და ა.შ. ვერ შეიქნა იმის საპირწონე რასაც ხალხი ელოდა. ...და რას ელოდა და ითხოვდა ხალხი???
-იმ დაპირებების შესრულებას, რითაც ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა.
ამის შესრულება იყო პოლიტიკა და ამას უნდოდა ნიუანსების ცოდნა... და არა, დაპირებულის სანაცვლოდ "-გაგილამაზებთ თბილის"!!! ამ კრიტერიუმით, განა სააკაშვილმა ოცნებაზე ნაკლები აშენა და ფასადები კრასკა?!
ანალიტიკოსობის და ექსპერტობის არსი საკითხის მრავალმხრივი ხედვაა... მე ასე მასწავლეს ევროპელებმა.
რატომ გგონიათ, რომ გახარიამ ხმა მაინცა და მაინც კალაძეს წაართვა... ოცნების მიერ იმედგაცრუებული ამომრჩეველი, საერთოდ არ მივიდოდა არჩევნებზე, რომ არა გახარიას ისეთი ფორმით გამოჩენა და მაშინ,ოცნებისათვის უფრო მეტი სამარცხვინო ციფრები დაიდებოდა როგორც თბილისში, ისე სხვაგან.
3 წლის უკან