"ნაციონალების" პროვოკაცია დადგმულია, პრემიერა 19 აპრილს იქნება"

"19 აპრილს პროვოკაციას დიდი ალბათობით ადგილი ექნება, ყოველ შემთხვევაში, იმ მასშტაბისა, რომელიც არაერთხელ იქნება მერე "ნაცმოძრაობის" მიერ გამოყენებული, როგორც ვიდეო კადრების, ასევე საჩივრების სახით, რომელიც დაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოკაცია უკვე რეპეტირებულია, უკვე დადგმულია და მისი პრემიერა შედგება 19 აპრილს და რასაკვირველია, მოქმედნი პირნი და შემსრულებლები, სწორედ საგანგებოდ მოწვეულნი პირები იქნებიან ამ თავყრილობაზე. იმის ნაცვლად, რომ ეცადონ, საკუთარი თავის მქმნელი პერიოდი დავიწყებას მიეცეს, თავხედური აქტივობა ამ კაცთმოძულე პოლიტიკური გუნდისა, რასაკვირველია, მხოლოდ მათ ოპონენტებს გააძლიერებს და მოლოდინიც მხოლოდ ამის მაქვს", - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალების" პროვოკაცია დადგმულია, პრემიერა 19 აპრილს იქნება".

"მე მგონი, სჯობს ვეტო, ვიდრე მუდმივი გეტო. ამიტომ "ნაციონალური" გეტოდან რომ გადარჩეს ქართული სასამართლო, ამიტომ ასეთი ვეტოც გადაილახება და ხელისშემშლელიც გაილახება. ძნელია პროგნოზირება სააკაშვილის ქმედებების. რასაკვირველია, მის ხასიათში დევს ამ საკითხზე ვეტოს დადების სურვილი, მაგრამ ვაითუ გაუნათდეს იმავ მომენტში გონება და გადაიფიუქროს. ალბათობა ამისა მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს. რადგან სულ მალე გაირკვევა ვეტოს რეალური მიზეზი, იმ ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც, ვისაც დღემდე თვალს ლიბრი აქვს გადაკრული და სმენა დახშული. ეს მუდმივად არ გაგრძელდება და როგორც კი ვეტო გადაილახება, ინფორმაცია იქნება სანდო და დამაჯერებელი ასეთი ნაბიჯის ახსნისათვის და შესაბამისად, კიდევ ერთი საერთაშორისო მარცხი დაფიქსირდება სააკაშვილისა და მისი გარემოცვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"თვითონ აშშ-ს ისტორიიდანაც რამდენიმე პრეზიდენტი მართალია იმპიჩმენტის თემაზე, მაგრამ მაინც დაკითხვის რეჟიმში თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ჩვენ მოწმე ვართ, რომ იტალიის ხელისუფლების პირველი პირი, ბატონი ბერლუსკონი მუდმივ კონტაქტშია საგამოძიებო ორგანოებთან, სწორედ დაკითხვის რეჟიმში ბატონი სარკოზიც არის დაკითხული რამდენჯერმე. ისრაელში საერთოდ სასჯელს იხდის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. ამდენად, არაბუნებრივი არაფერია სააკაშვილის დაკითხვაში, მაშინ, როდესაც ის ხელმძღვანელობდა იმ სისტემას, რომელმაც შვა არნახული უსამართლობა საქართველოს ისტორიაში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, თუმცა შედეგის თვალსაზრისით უფრო სკეპტიკური ვარ, რადგან ჩვენთან ძალიან მრუდედ აღიქვეს კოაბიტაციის თემა. თუმცა არავის მიუცია განმარტება დასავლეთიდან, რომ კოაბიტაცია, ეს დამნაშავეებთან და სამართალდამრღვევებთან ჩახუტების რეჟიმი გახლავთ. ერთადერთი, ვინც მოახერხა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კოაბიტაცია, ეს გახლავთ უჩა ნანუაშვილი, რომელმაც შექმნა დოკუმენტი, უკიდურესად სამართლიანი და აღმოჩნდა, რომ ორივე წამყვან პოლიტიკურ ძალას აღშფოთება დაეუფლა ამ დოკუმენტის გაცნობისას და ბოლოს და ბოლოს გაერთიანდა "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება" ომბუდსმენის კრიტიკის თემით. სწორედ ასეთი ომბუდსმენი სჭირდებოდა საქართველოს და ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას, რომ ინსტიტუტი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, სწორედ ქმედითია და სანდო ხელშია", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.