უცხოური პრესა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ფოტოებით აჭრელდა. უცხოური მედიაში გაჩნდა სათაურები - „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დააკავეს“, „საქართველოს პრეზიდენტი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაიჭირეს“ და ა.შ.
გთავაზობთ უცხოური პრესის მიმოხილვას, ექს-პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით:
„ქართულმა პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამშობლოში დაბრუნდა. სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა, 2018 წელს ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. ამის მიუხედავად, მან კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ სამშობლოში ბრუნდება, რათა თანაგუნდელებს „ქვეყნის გადარჩენაში“ დაეხმაროს.
პარასკევს, სოციალური ქსელით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ფარულად დაბრუნდა. საკუთარ ვიდეო მიმართვაში ის მხარდამჭერებს მოუწოდებდა, რომ ხმა ოპოზიციას მისცენ, ხოლო კვირას დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბონ.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან, ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება უარყო. თუმცა, დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი დააკავეს. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ორ პოლიციელს მომღიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში როგორ შეჰყავთ“, - წერს „როიტერი“.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს“, - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას „ევრონიუსი“.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის ქვეყანაში დაბრუნდა.
საქართველოში დაბრუნებადე, 53 წლის სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ის საკუთარი სიცოცხლით რისკავს სამშობლოში დაბრუნებას. ვიდეო მიმართვაში ის ამბობდა, რომ საქართველოს ზღვისპირა ქალაქში იმყოფებოდა. მხარდამჭერებს კი აქციის გამართვისკენ მოუწოდებდა.
„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ქართულ ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ნიშნავს სიკვდილით დასჯაზე ხელმოწერას. ამიტომ, ჩვენ ყველანი 2 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეთ, რათა საქართველო გადავარჩინოთ. 3 ოქტომბერს კი არჩევნების შედეგების დასაცავად გარეთ უნდა გავიდეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა, სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუკი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დაადგამს, მას მაშინვე დააკავებენ და დააკავეს კიდეც.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2004 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა. ქართულმა სასამართლომ რამდენიმე საქმეში ის დამნაშავედ სცნო, რის გამოც ის უკრაინაში ემიგრანტად ცხოვრობდა“, - ასე ეხმაურება „ევრონიუსი“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება არც „ბიბისის“ გამოჰპარვია და ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობამ ვრცელი მასალა მიუძღვნა.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს“
„პროდასავლური ბატონი სააკაშვილი კავკასიაში მდებარე ქვეყანას 2004 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. თუმცა, მოგვიანებით ის დაუსწრებლად კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს, რასაც ის უარყოფს.
პარასკევს მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის საქართველოში დაბრუნდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია.
თავდაპირველად, ქვეყნის ხელისუფლებამ უარყო ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში შესვლა. მოგვიანებით კი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ციხეში გადაიყვანეს“.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ, მან 2015 წელს ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა. სამი წლის შემდეგ ქართულმა სასამართლომ იგი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო გაასამართლა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი თქმით, ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის. გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მორიგი გამარჯვება მოიპოვა“, - წერს „ბიბისი“.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გერმანული გაომცემლობა „დოიჩე ველმაც“ მიუღვნა სტატია.
„უკრაინული გადასახლებიდან დაბრუნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს და ციხეში გაგზავნეს“, - განაცხადა პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დაპატიმრება მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ყოფილმა ლიდერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა განცხადება მისი დაბრუნების შესახებ. სააკაშვილი, რომელიც ე.წ „ვარდების რევოლუციის“ დროს მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ქვეყნის პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე.
სააკაშვილმა, რომელმაც თქვა: „მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება, რომ დავბრუნდე“, მოუწოდა მის ერთგულ მხარდამჭერებს, გამოვიდნენ ქუჩაში, რათა დაუპირისპირდნენ დღევანდელ ხელისუფლებას.
სააკაშვილის დაკავების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გამოეძახა საქართველოს ელჩი კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომლის მრჩეველიც იყო სააკაშვილი, განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია თბილისიდან გაკეთებული განცხადებების „ტონით“.
სააკაშვილმა საქართველო დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ ქვეყანაში 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში წააგო. 2018 წელს იგი დაუსწრებლად გაასამართლეს და მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. მან გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და თავი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია. ამის შემდეგ, ის გახდა უკრაინის პოლიტიკური ნაწილი გახდა. პირველად მჭიდროდ თანამშრომლობდა ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, სანამ მათი ურთიერთობა დაიძაბებოდა“, - წერს გერმანული გამომცემლობა.