საქართველოს ყველაზე დიდი და მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელი ენერგეტიკაში გააჩნია. დღეს, როცა მთელი მსოფლიო ანვითარებს იმ ბუნებრივ რესურსებს რომელიც მოეპოვება, საქართველო მიზანმიმართულად, ან რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმის გამო ხელს უშლის იმ ერთადერთი რესურსის - ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, რომელიც მოგვეპოვება!
მერამდენე წელია ურა-პატრიოტული მოწოდებებით და გარემოზე უსაზღვრო ზრუნვით გათანგულები ჩვენს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ და არავინ ფიქრობს ქვეყნის მომავალ განვითარებაზე. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავვარდით, სააკაშვილის მთავრობა თუ ერთი ხელის მოსმით ხელაღებით აკეთებდა რაც მას სურდა, ეს მთავრობა, დეკლარირებულად, თუ ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვას იჩემებს და რელურად, პასუხისმგებლობას გაურბის და გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირს, რასაც აშკარად ჩიხში შეყავს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარება და მთლიანად, ქვეყნის საინვესტიციო გარემო.
ეტყობა, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყნის ენერგომომარაგების 60-65% იმპორტზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება ყოველდღიურდ იზრდება.
გარემოს დამცველებს არ აინტერესებთ, რომ ენერგეტიკულ რესურსებში, კერძოდ, ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში შეშას ფაქტობრივად, ჩვენი ჰიდროენერგეტიკული რესურსების შესატყვისი წილი აქვს. არავინ ფიქრობს, რომ ეს ჩვენი ტყეების რეალური განადგურებაა. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის ეს მონაცემი განგაშის ატეხვის საფუძველი გახდებოდა და სულ მცირე გამოსავლის პოვნა იქნებოდა პირველადი პრიორიტეტი, თუმცა, ჯერ, არცერთი სამინისტროს წარმომადგენლისგან არ მომისმენია, თუნდაც, მცირეოდენი შეშფოთება ამ საკითხზე.
ძალიან სასაცილოდ ჩანდა ერთ-ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია ხის საჭრელი საამქროების წინ რომ მიმდინარეობდა და მომიტინგეთა ძირითად მასას სწორედ ხის მჭრელები და ოფიციალური გარემოს დაცვის წარმომადგენლები შეადგენდნენ. რაღაც რთულად მახსენდება გარემოს დამცველების მიერ ორგანიზებული აქციები ხის უკანონო მჭრელების წინააღმდეგ! თუ ინფორმაცია არ გააჩნიათ რა რაოდენობის ტყე იჭრება და რომელ ტერიტორიაზე?! ასევე, ენერგეტიკულ პროექტს აჩერებენ ჯიხვების პოპულაციაზე ფიქრით და მომიტინგეებს შორის ჯიხვებზე მონადირეები არიან უმეტესად.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, გარემოს დამცველები აღნიშნავენ, რომ თითქოს, მათთვის უცნობია რა რაოდენობის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია დასჭირდება ქვეყანას უახლოესი პერიოდის განმავლობაში. იმაზედაც აპელირებენ, რომ თითქოს, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული განვითარების გეგმა არ არსებობს. ყველა დაინტერესებულმა და კვალიფიციურმა ენერგეტიკოსმა, ვინც კილოვატს კილოვოლტისგან ასხვავებს, (ეს, ისე, 500 კილოვოლტიანი ძაბვის ხაზის მშენებლობის პრეზენტაცია გამახსენდა ერთ-ერთ სამინისტროში) ძალიან კარგად იცის, რომ ყოველთვის არსებობდა მოხმარების გრძელვადიანი პროგნოზები. როგორც ბოლო 15 წლის ანალიზი გვიჩენებს, პროგნოზი არ განსხვავდება რამდენიმე წლის შემდეგ რეალური მოხმარებისგან. მაგალითად 2004 წელში გაკეთებული პროგნოზები აბსოლუტურად დაემთხვა დღეს არსებულ მოხმარებას.
კიდევ ერთი მტკივნეული თემა, რაზედაც გარემოს დამცველები აპელირებენ, როცა ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ბლოკავენ საქართველოს ტერიტორიის სეისმურობაზე მიანიშნებენ. ამ არგუმენტის მიხედვით, საქართველოზე ბევრად უფრო სეისმურ იაპონიას საერთოდ არ უნდა განევითარებინა ჰიდროენერგეტიკა. იაპონიის ტერიტორიაზე პატარა მიწის „ნაგლეჯსაც“ ვერ აღმოაჩენთ, რომ კაშხალი და წყასლაცავი არ ჰქონდეთ აშენებული.
ამას წინათ გარემოს დაცვის მინისტრს ვუსმენდი, რომელიც ერთ-ერთი ჰიდრელექტროსადგურის „დაბლოკვის“ მცდელობის შეხვედრას ესწრებოდა, (შეიძლება რამეში ვცდები), ყოველ შემთხევაში, გარეგნულად ასე ჩანდა. შევეცდები გავიმეორო გარემოს დაცვის მინისტრის სიტყვები, რომ ობიექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების კვლევები სიღრმისეული უნდა იყოსო. ქალბატონი მინისტრის გასაგონად, კვლევა შეიძლება იყოს კვალიფიციური და არაკვალიფიციური, კვლევა არასიღრმისეული საერთოდ არ უნდა იყოს!
ცნობილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობა არ არის იდეალური და აშკარად დახვეწას საჭიროებს, რომ დაუახლოვდეს საერთაშორისო სტნდარტებს. ყველა ჰიდროენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა, რა თქმა უნდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების მაღალ კვალიფიციურ დონეზე ჩატარებული კვლევის შემდეგ უნდა განხორციელდეს, სადაც გათვალისწინებული და მინიმიზირებული იქნება ყველა მოსალოდნელი რისკი. სამწუხაროა, რომ გარემოს დამცველების კვალიფიკაცია საქართელოში, ხშირ შემთხვევაში, ვერ აკმაყოფილებს ასეთ მოთხოვნებს და მათი ემოციური არგუმენტები „თერგს ვერ ვაკადრებთ და დარიალის ხეობას ვერ ვაკადრებთ“ აშკარა ნონსენსია, ამავე წარმატებით წალენჯიხის, სამეგრელოს მოსახლეობაც შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ რატომ ვაკადრეთ მდინარე ენგურს და სამეგრელოს ენგურის წყალსაცავი და ამიტომ, ქვეყანა 5,5 მლრდ. კილოვატ საათი ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ?!
სადაა სახელმწიფოებრივი აზროვნება? უნდა მოიძებნოს გონივრული კომპრომისი, მინიმალური ზემოქმედება გარემოზე და მაქსიმალური სარგებელი ჰიდრორესურესების ათვისებიდან!
რჩება შთაბეჭდილება, რომ გარემოს დაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები საერთოდ წინააღმდეგები არიან ნებისმიერი ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელების. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ რამდენიმე რადიკალური მიმდინარეობის გარემოს დაცვის ორგანიზაცია და გარემოს დაცვის სამინიტრო, რომელიც ობიექტურობას უნდა იცავდეს, ერთ პლატფორმაზე დგანან და შეხმატკბილებულად მოქმედებენ. მეტიც, ამ სამინისტროს ხელმძღვანელები სატელევიზიო გადაცემებში არც ერიდებიან იმის გაჟღერებას, რომ ისინი ბავშობიდან ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ებრძვიან, როგორ უნდა მოვთხოვოთ ამ ადამიანებს ობიექტურობა პროექტების შეფასებისას?
ასევე თვალშისაცემია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს დღევანდელი შემადგენლობა ვერანაირ ოპონირებას ვერ უწევს გარემოს დაცვის სამინსიტროს და მათთან ასოცირებულ ენჯეოებს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, გაუაზრებლად მათ თამაშში იღებს მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ეს კვალიფიკაციის დეფიციტის თუ რაიმე სხვა რამის გამო ხდება, მკითხველმა განსაჯოს.
საბოლოოდ კი ვიღებთ შედეგს, რომ ვბრუნდებით 80-ანი წლების ბოლოს, ვტკეპნით იმავე ადგილს, ერთადერთი პლუსი გვაქვს, რომ სამტრედიასთან არ ვბლოკავთ რკინიგზას, რითაც თითქოსდა, დამოუკიდებლობისთის ვიბრძვით! თუმცა, რეალურად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივას ვკარგავთ!
წესით, ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე მომუშავე ენერგეტიკის სამინისტრო უნდა ფიქრობდეს, რომ საქართველოში არსებული მარეგულირებელი ჰესის „ხრამი-1“, „ჟინვალჰესის“ მეპატრონე პირდაპირ რუსები არიან, რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერრაო“ და რუსი ოლიგარქი და ჩინოვნიკი ანდრეი რაპაპორტი, ხოლო ყველაზე დიდი მარეგულირებელი ჰიდროსადგური „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰეს 1“ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ფაქტიურად რუსები აკონტროლებენ.
ვის არ აინტერესებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და საქართველოში ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება? არა მგონია, ამ კითხვაზე პასუხი ძნელად მოსაძებნი იყოს. ნებსით თუ უნებლიედ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია და ზოგჯერ, სამთავრობო სტრუქტურებიც ხელს უწყობენ, რომ საქართველო მუდამ ენერგეტიკულად სხვაზე დამოკიდებული ქვეყანა იყოს!