„საზოგადოებამ უნდა გაიგოს ინფორმაცია, სააკაშვილმა ქვეყანაში როგორ შემოაღწია - შემოიტყუეს თუ შემოიპარა?“

„საზოგადოებამ უნდა გაიგოს ინფორმაცია, სააკაშვილმა ქვეყანაში როგორ შემოაღწია - შემოიტყუეს თუ შემოიპარა?“

არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელმაც ბათუმში გადაღებული ვიდეო გაავრცელა თბილისში დააპატიმრეს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რატომ დაბრუნდა სააკაშვილი 9 წლის შემდეგ ქვეყანაში და რა განზრახვა აქვს მას? როგორ მოახერხა ქვეყნის საზღვრის ისე გადმოლახვა, რომ მისი დაკავება მაშინვე არ მოხდა? არის თუ არა მისი ნაბიჯი მიზანმიმართული ავანტურა და ემზადება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარისთვის? – ახლა, ყველა ეს კითხვაა აქტუალური.

ომბუდსმენმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

„როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან და სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. როგორც მან მითხრა, დაკავების დროს მარტო იმყოფებოდა და არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად, მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის შიმშილობას აცხადებს და როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას მოითხოვს. შიმშილობას იმიტომ აცხადებს, რომ არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რა პირობებში მოხდა სააკაშვილის დაკავება

ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატებსაც არ აქვთ, თუმცა როგორც სააკაშვილმა დაკავებამდე გავრცელებულ ბოლო ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის უკვე თბილისში იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ყველაზე საინტერესო დეტალი არის თუ რა გზით და საიდან შემოვიდა საქართველოში ძებნილი პრეზიდენტი და რითი მოძრაობდა თბილისამდე? როგორც დადგინდა, იგი თვითმფინავით არ ჩამოფრენილა. ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ მან საზღვაო გზით შემოაღწია ქვეყანაში.

გუშინ და გუშინწინ შტორმის მიუხედავად, ბათუმის პორტმა ორი სატვირთო გემი მიიღო რუმინეთიდან და უკრაინიდან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააკაშვილი სწორედ ერთ-ერთ მათგანზე იმყოფებოდა.

ბათუმში ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ, ძებნილი დედაქალაქისკენ დაიძრა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სატვირთო ავტომობილით გადაადგილდებოდა.  ექსპრეზიდენტის დაკავება კი მოხდა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონის ტერიტორიაზე, ქვიშხეთის ქუჩა N2-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო - შესაბამისი განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

მათივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

მოვლენები კი სააკაშვილის დაკავებამდე ასე ვითარდებოდა:

„დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე - საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაახლოებით დილის 9 საათზე დაწერა. სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს მალევე, მისი მტკიცებით, ბათუმში გადაღებული ორი ვიდეომიმართვაც მოჰყვა. სადაც ექს-პრეზიდენტი საზოგადოებას ჯერ არჩევნებზე აქტიურობისკენ, შემდგომ კი მასშტაბურად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილი იქვე პირობას დებდა, რომ სწორედ ხალხმრავალი ანტურაჟის პირობებში გამოჩნდებოდა.

პარტიის დამფუძნებლის ქმედებებს მალევე გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც საქართველოში იმყოფებოდა და არც ვიდეომიმართვის ლოკაციის აუთენტურობაზე ჰქონდათ კითხვები.

სასამართლოს მიერ, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნობილი ექს-პრეზიდენტის შესახებ დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ სააკაშვილს არც ქვეყნის საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინა დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ჯავშანი ფეისბუქზე 4 დღის წინ გამოაქვეყნა. მაშინ ექს-პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ღამით კიევი-თბილისის რეისით დაბრუნდებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძებნილი სააკაშვილი დააკავეს.

„ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს უწყებებს ჰქონდათ მის გადაადგილებაზე ინფორმაცია დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და ისეთი დრო და ადგილი შეირჩა, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო.

„დღეს ყველა ვხედავთ „ოცნების“ ისტერიასა და ჩამოშლას, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მე-3 პრეზიდენტი დევნილად. მთელს მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.

ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ, ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არ არის პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის. პრობლემა არის, როდესაც ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა. საერთო გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას. ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე“,  - განაცხადა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც.

ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მართალია, სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინ, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია!

ბევრი კითხულობს დღეს: აპირებს თუ არა პრეზიდენტი მის შეწყალებას? პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს! იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც  ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი, სწორედ ამ პიჯაკით, და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.

იმიტომ,  რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო - როცა მოქალაქეობა დატოვა და როცა დღეს, სახელმწიფო საზღვრის დარღვევით  და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშკარად ქვეყანაში შემოვიდა, რათა დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა.

აწი კანონი იკანონებს და იწყება საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის ახალი ფურცელი. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის.

ტყუილად ნურავინ ნუ იმუქრება! არ მოხდება მასიური გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და  სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს.

როგორც დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე: იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება.

დროა, წარსულს ზურგი შევაქციოთ!

დროა, ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში და ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო!“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მოუწვეს კონკრეტულად ახსნა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორ და რა ფრომით მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საკმაუდ გაუგებარი იყო ხელისუფლების ორაზროვანი და მტკიცებულებით ფორმაში გაკეთებული განცხადებები, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ისე გადაადგილდებოდა, თბილისში ჩამოსვლაც კი შეძლო.

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება თავიდან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ის გაურკვევლობა რაც შექმნა, მძიმე სანახავი იყო. სააკაშვილმა ამით აჩვენა, რომ ხელისუფლებაში პრობლემებია. საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით ისევ რაღაცა ე.წ. მწვანე ბილიკები არსებობს, რომლითაც გადმოსვლა შესაძლებელია. ეს ხელისუფლებას ასახსნელი აქვს. ცოტა დამაჯერებლობა აკლია იმ ფაქტს, რომ ისინი მას ამდენი ხნის განმავლობაში მოსდევდნენ და მიზანმიმართულად არ დააკავეს.

კარგია ის, რომ ხელისუფლებამ მისი დაკავება არჩევნებამდე შეძლო და ამით ერთით ერთი გახდა. ახლა უკვე მესამე გადამწყვეტი რაუნდი არჩევნებია. ხელისუფლება ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც სააკაშვილი არ არის ალტრუისტი, რომელსაც თავის გაწირვა ასე გაუაზრებლად შეუძლია. ისაა პრაქტიკოსი ადამიანი და საერთოდ არ მგონია რაიმე გარანტიების გარეშე აქ იყოს. მას სავარაუდოდ, სამი რამის იმედია ქვს. პირველი - ის ალბათ დასავლეთიდან მწვავე რეაქციას ან ჩარევას ელის. მეორე - მას აქვს ამომრჩევლის და ხალხის აქტიურობის იმედი და მესამე - პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინი ჰქონდა. თუმცა ვნახეთ მან რა განცხადებაც გააკეთა. ახლა ყველაფერი არჩევნებსა და მის მეორე დღეზეა დამოკიდებული“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე აზრით, ხელისუფლებამ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაიმე პროვოკაციას არ წამოეგოს. მაგალითად, ქვეყანაში 200-მდე ადამიანი მაინც მოიპოვება, რომელიც მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების დაავალებას შეასრულებს, ამიტომაც, ყველანაირი პროვოკაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული. რაც შეეხება იმას, რა იცვლება სააკაშვილის ციხეში ყოფნით, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი დიდი ვერაფერი შვებაა. ის ყოველთვის თავის ტკივილი იქნება, ამიტომ, ალბათ, როგორც მოვლენები განვითარდება, ხელისუფლებაც ისე იმოქმედებს.

„არ მგონია, რომ დიდი არეულობა და ამბავი წავა და ხალხი ქუჩაში სააკაშვილის გამო რევოლუციის მოწყობას დაიწყებს. თუმცა მისი ციხეში ყოფნა ასე ადვილი საქმე არაა. ეს მუდმივად პრობლემა იქნება და არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში დიდხანს შეიძლება დარჩეს. უბრალოდ, ხელისუფლებამ ახლა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაიმე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონდეს. სხვაგვარად იქნება მისი ამომრჩევლების მხრიდან აქტიურობა, თუმცა არა იმ დოზით, რომ ხელისუფლებას რაიმე საფრთხე შეექმნას. მთავარია თავად „ოცნების“ შიგნით რა ხდება. საინტერესოა, არის თუ არა ეს საბოტაჟი და როგორ მოახერხა მან შემოსვლა? ამაზეც ალბათ ბევრი საფიქრალი აქვს ხელისუფლებას და სწორედ უწყებებში უნდა დაიწყოს კვლევა, რა მოხდა და როგორ მოხვდა ეს კაცი ქვეყნის შიგნით“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფრიძე კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებისგან კონკრეტულად უნდა გაიგოს ინფორმაცია, სააკაშვილმა ქვეყანაში როგორ შემოაღწია - შემოიტყუეს თუ შემოიპარა? ამ კითხვებზე პასუხი საჭიროა და ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში ეს პასუხები უნდა იცოდეს. ანაჯფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის კახა ქემოკლიძის ვერსიაა აზრს მოკლებული, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა ქვეყანაში ყალბი პასპორტით და შეცვლილი გარეგნობით ქვეყანაში შემოღწევა შეძლო.

„სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა და საზღვრის გადმოლახვის ფაქტი ძალიან დიდ კითხვებს აჩენს, რომელზეც პასუხი აუცილებლად გვჭირდება. ხელისუფლებამ ამაზე ახსნა-განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს. ფაქტია, რომ სააკაშვილი გულუბრყვილო და იდიალისტი პოლიტიკოსი არაა. როგორც ჩანს, სააკაშვილს გარკვეული იმედი აქვს, რომ მის გასათავისუფლებლად სახალხო მოძრაობა დაიწყება. ამ ზეწოლას ხელისუფლება ვერ გაუძლებს და მისი გათავისუფლება მოუწევთ.

 ალბათ, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გარკვეული ზეწოლა ევროპიდან მოხდება და ის იძულებული გახდება სააკაშვილი შეიწყალოს. თუმცა იურდიულად როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქის შეწყალება მოხდეს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამ მძიმე ტვირთის აღებას საკუთარ თავზე არ აპირებს. ერთია უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა შეიწყალო და მეორეა სააკაშვილი, რომლის მიმართაც ჩვენს მოსახლეობაში აგრესია ბევრად დიდია. მეორე ვარიანტია ალბათ ის, რომ დასავლეთმა მისი პირობითი გათავისუფლება მოითხოვოს. ხოლო მის მიმართ დემოკრატიული და თავისუფალი სასამართლო წარიმართოს. სავარაუდოდ, კიდევ ერთი ვერსიაა, რომ ენმ მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს დაიწყებს და შესაძლოა, ამით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

რა უნდა ქნას ხელისუფლებამ და როგორ უნდა მოახერხოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება, როცა სააკაშვილი ოპოზიციამ პოლიტპატიმრად უკვე გამოაცხადა? - კითხვაზე ანაჯაფარიძე გვპასუხობს, რომ ხელისუფლება, პირველ რიგში, სააკაშვილის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით იურდიულად უნდა მოამზადოს და იმდენად გამართული უნდა იყოს, რომ ყველაზე მიკერძოვებულ საერთაშორისო სტრუქტურებსაც კი ეჭვი არ შეეპაროთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ წაყენებული ბრალდებები შეკერილია. ამიტომ საქმეების ირგვლივ არც ერთი თეთრი ლაქა არ უნდა არსებობდეს.

Serapina ამ გრძელ თხლეს, როგორც ჩანს ძალიან ეშინია უკვე... და თავს შიგ უფრო დაცულად გრძნობს, ვიდრე გარეთ. თურმე ეხვეწებოდნენ, ჩუმად დაგაბრუნებთ უკრაინაშიო...
აუფ, რა სასოწარკვეთილი უნდა იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის იმედზე იყო დარჩენილი!
ეს იყო სულ, კოჰაბიტაცია....
ამჯერად,იქეთ მიშას აქვს ამათი იმედი და აქეთ ბიძინას!
ამავდროულად,იქეთ მიშამ გაუცამტვერა მითები, აქეთ გახარიამ!
ერთი კარგი არ დავუკარგოთ ოცნებას... როგორც იქნა, მათი მმართველობის 9 წლის თავზე, სააკშვილი ბოლოს და ბოლოს "გაიცნობს" მეგის ქარდავას.

პ.ს. ერთი, რამდენიმე წამიანი ვიდეოა. ახალგაზრდა ქართველი კაცი გემრიელად ამბობს: ახლანდელის ესა და ისაო და რომ მოვა იმისიცო!
3 წლის უკან
Katana . ვახტანგ ძაბირაძე: "ცოტა დამაჯერებლობა აკლია იმ ფაქტს, რომ ისინი მას ამდენი ხნის განმავლობაში მოსდევდნენ და მიზანმიმართულად არ დააკავეს."
:))
ის ფაქტი, რომ მის კონსპირაციულ ბინაში მაშინ შევიდნენ, როცა მარტო იყო სააკაშვილი... გასაღებით გააღეს კარები (!), შევიდნენ, დაადეს ბორკილები , ყოველგვარი ხმაურის გარეშე გამოიყვანეს, ჩასვეს მანქანაში და გააქანეს ციხეში! - ეს არაფერს გეუბნებათ?!
ცუდია, თუ არაფერს გეუბნებათ!
3 წლის უკან