გამოიყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას არჩევნების შემდეგ მესამე ძალად და, ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდისგან განსხვავებით, ფსონს დადებს თუ არა ყოფილ პრემიერზე?
ცალკეულ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, გიორგი გახარია ყალიბდება მესამე ძალად, მან თავისი შესაძლებლობები ბიძინა ივანიშვილის წინაშე კარგად წარმოაჩინა და არჩევნების შემდეგ გახარიას ფიგურა უფრო მძლავრად გამოიკვეთება ქართულ პოლიტიკაში, აწ უკვე ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან მიმართებით შეიძლება დავეყრდნოთ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა არ დამალა, „მოვა დრო და „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, რადგან „ქართული ოცნება“ მუდამ ვერ იქნება ხელისუფლებაში, მას მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა.
„ბიძინა ივანიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში მოსულიყო არა „ნაცმოძრაობა“, ან კიდევ კვაზი პარტიები, რომლებიც ახლა არიან, არამედ ახალი, ჯანსაღი ოპოზიციური ძალა. სად არის ასეთი ძალა? ასეთ ძალად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, იკვეთება სწორედ გიორგი გახარია და მისი პარტია. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად ასპარეზზე სხვა ასეთ ძალას ვერ ვხედავ. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს რაღაცნაირად უკავშირდება ამ გეგმას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გახარია ყველანაირად ცდილობს, მოიშოროს ის როლი, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია და თამაშობს ოპოზიციონერობას, ჯერჯერობით ასე მოსჩანს“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, გახარია უკვე მესამე ძალაა. მისი რეიტინგი თუნდაც გიორგი ვაშაძის რეიტინგს რომ შევადაროთ, რომელიც ოფიციალურად საკუთარ თავს მესამე ძალას უწოდებს, მაღალია. გახარია არის უსიამოვნო სიურპრიზი „ქართული ოცნებისთვის“. პოლიტოლოგი გახარიასთან მიმართებით არაფერს გამორიცხავს, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, მაგრამ მაინც ეჭვობს, რომ გახარიას ფაქტორი ივანიშვილს უკავშირდებოდეს.
„მაშინ გამოდის, კობახიძე და მისი გუნდი, რომელიც ხან ნარკომანს ეძახის გახარიას, ხან რას, ბიძინას უპირისპირდება? კი, ლოგიკით არასოდეს არ მოქმედებენ ჩვენი პოლიტიკოსები, მათ შორის, არც „ქართული ოცნების“ ლიდერები, მაგრამ რატომღაც ისინი დარწმუნებულები არიან, მოსახლეობასაც არ აქვს ლოგიკა. შეიძლება, ამაში მართალიც არიან, რადგან ჩვენთან დიდი ხანია, ხალხი ბრბოდ იქცა. ბრბოს კი ლოგიკა არ აინტერესებს, ბრბოს ინსტინქტი აინტერესებს, მას აინტერესებს ბანერზე სისხლიანი ბოკერია, მოღალატე გახარია, ყველაზე ცუდი ისაა, როცა ხალხი ბრბოდ იქცევა, ეს ტალღისებურადაა. ჩვენი ხალხი მიჩვეულია ასეთ მდგომარეობას, ბრბოდ რამდენჯერ იქცა ჩვენი ხალხი, ჯერ „ზვიადი, ზვიადის“ იძახდნენ, მერე სასიკვდილოდ გაიმეტეს, შევარდნაძეს დაუჩოქეს, მერე რა დღეში ჩააგდეს, „მიშა-მიშაო“ და ქვეყნიდან გააგდეს, შემდეგ „ბიძინა-ბიძინაო“, ბიძინაც ამბობდა, ჭარბი ავტორიტეტი მაქვსო და დღეს უკვე ჭარბი ლანძღვა აქვს“, -აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, საქართველოში რაც ხდება, ეს უკვე პოლიტიკა არ არის, ჩვენთან ნამდვილ პოლიტიკოსს ვერ ვხედავთ, არც გახარიაა პოლიტიკოსის სტანდარტი, მაგრამ არც ოპოზიცია არ არის პოლიტიკის სტანდარტი, ვინაიდან ოპოზიციას გახარია ღმერთმა საჩუქრად მოუვლინა. ნაცვლად იმისა, ოპოზიციამ გახარიას მიმართ მოქნილი პოლიტიკა გამოამჟღავნოს, არც ძალიან აქონ და არც ძალიან ლანძღონ იგი, გახარიას ლანძღვაში ამოსდით სული და „ოცნებას“ ეჯიბრებიან ამ საქმეში.
„აქ უკვე ზომიერების გრძნობა აღარ არის. ამიტომაც არჩევნებმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა, ტერმინი „არჩევნები“ უკვე შეურაცხმყოფელიც კია, არჩევნები სხვა იყო, რა არსიც ჩადეს ჯეფერსონებმა და სხვებმა, ამერიკის მამებმა პირველ არჩევნებში და სულ სხვაა, რაც ჩვენთან ხდება. ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ პარტიები მაინც იმარჯვებენ, ეს ნონსენსია, შეუთავსებლობაა, როგორ შეიძლება, ხალხი კმაყოფილი იყოს, როცა ტოტალური შიმშილი და გასაჭირია ქვეყანაში, მაგრამ მაინც მმართველი პარტია იმარჯვებს, შეჩვეული ჭირის პრინციპით. ჭირში ცხოვრება ურჩევნიათ, სიახლის ეშინიათ, აღარ ენდობიან სიახლეს. ამერიკა როგორ გახდა ამერიკა? სიახლის ძებნით. ამერიკელები როდესაც დასხდნენ თავიანთ ფურგონებზე, ცხენები შეაბეს, იარაღი აიღეს, დაიწყეს ტერიტორიის ათვისება, იცოდნენ, რა იქნებოდა ველური დასავლეთი? მიდიოდნენ უცნობის აღმოსაჩენად, რომ ახალი რაღაც შეექმნათ. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენში არჩევნები მთავრდება ისე, როგორც აქამდე მთავრდებოდა, ანუ მმართველი გუნდის გამარჯვებით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრობლემას „ქართული ოცნება“ არა მარტო იმაში ხედავს, მესამე ძალა შეიძლება იყოს თუ არა გახარია, არამედ იმაშიც, რომ გახარიამ, პირველ რიგში, ხმები არ წაართვას „ქართულ ოცნებას“. ნიკა ჩიტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ბევრმა მომხრემ სწორედ გახარიას ხათრით მისცა მმართველ გუნდს ხმა. ანუ გახარიასთვის ხმის მიმცემი ადამიანები „ქართული ოცნების“ ყოფილი მომხრეები არიან, ვისაც არც ნაციონალები უნდა და „ოცნებაც“ მობეზრდათ.
„გახარიასთან მიმართებით რთულია იმის თქმა, რომ ის მესამე ძალაა, უბრალოდ, მას შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. ჯერჯერობით გახარიას არ აქვს ისეთი რეიტინგი, კონკურენცია გაუწიოს თუნდაც „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლებაში თვითონ მოვიდეს“,-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.