შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან (ვიდეო)

შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი იმყოფება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.თავდაცვის მინისტრმა უცხოელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში და 2014 წლის შემდეგ მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. ირაკლი ალასანიამ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. "სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას და ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებას. ძალიან სასიხარულოა, რომ მომავალ წელს დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ ჩვენი მეგობრები აქტიურდებიან და გვერდში უდგანან საქართველოს, რათა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს ქვეყანამ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციისაკენ" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, ირაკლი ალასანიას სლოვაკეთში ელოდებიან, რათა მან სლოვაკ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები უფრო დეტალურად განიხილოს: "სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი თავდაცვის მინისტრს და დაწვრილებით განვიხილეთ ნატოს სამიტის დღის წესრიგი, ასევე, რა სახით შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ საქართველოს და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ვისაუბრეთ ავღანეთის საკითხზეც, რადგან ორივე ქვეყანა აქტიურადაა ჩართული ISAF-ის ოპერაციაში"-აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს შეხვდა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ დაასრულებს.