საქართველოდან საგანძურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისათვის სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატების გაზიდვამ 2007 წლის შემდეგ მკვეთრად იმატა (ეს კულტურის სამინისტროდან for.ge-სთვის მოწოდებული დოკუმენტების მაგალითზეც ნათლად ჩანს), რაც ჩემი აზრით, პირდაპირ უკავშირდება აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობას - თუ საზოგადოება საგანძურის გატანის შესახებ ძირითადად გურამ შარაძის ხმამაღალი განცხადებებიდან და ქმედითი ნაბიჯებიდან იგებდა, რაც უმეტესწილად შედეგიანი იყო, აკადემიკოსის მკვლელობის (2007 წლის 20 მაისის) შემდეგ ხმის რიგიანად ამომღებიც აღარ დარჩა, აღარც საგანძურის გატანაზე, აღარც ეკლესიის ბულდოზერით დანგრევაზე, აღარც ჩვენი ტრადიციების შეურაცხყოფაზე.
for.ge აგრძელებს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალის გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ 2008 წელს საქართველოდან გატანილი ჩვენი საგანძურისა და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატების ჩამონათვალს. ამ თემაზე პირველი წერილი სათაურით - საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი - პირველი ნაწილი, გამოქვეყნდა 5 აპრილს.
შეგახსენებთ, რომ for.ge-მ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის და კონკრეტულად ჩვენი მკითხველის არაერთი თხოვნის საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, 2004-დან 2012-ის ჩათვლით საქართველოდან გატანილ და უკან დაბრუნებულ ექსპონატებზე, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამ მასალაში წარმოდგენილი ჩამონათვალი სწორედ სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტებს ეყრდნობა.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კულტურის სამინისტროდან მიღებულ 293-გვერდიან დანართში არ არის ერთი ფურცელიც კი, რომელშიც წერია, რომ ქვეყნიდან გატანილი ექსპონატის უკან დაბრუნება მოხდა ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში, რომ ექსპონატის მდგომარეობა და ნამდვილობა შემოწმდა სპეციალისტების, ან რაიმე კომისიის მიერ. გამომდინარე აქედან, ესა თუ ის ექსპონატი როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უცხოეთიდან, ვერც ამ მასალაში წაიკითხავთ და ვერც ამავე თემაზე მომზადებულ პირველ წერილში.
საგანძურის და სხვა ექსპონატების საქართველოდან გატანით დაირღვა თუ არა შესაბამისი კანონი; შესაძლებელი იყო თუ არა ამა თუ იმ ექსპონატის ტრანსპორტირება, მისი სიძველისა და მდგომარეობის გამო; საკმარისია თუ არა ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც საგანძურსა და სხვა ექსპონატებს ქვეყნიდან ქვეყანაში დაატარებდნენ, ეს ცალკე განხილვისა და სტატიის თემაა. ქვეყნიდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალის გამოქვეყნების შემდეგ შესაბამისი დარგის სპეციალისტები თავიანთ პოზიციას for.ge-სთან ღიად თუ დააფიქსირებენ, მოხარული ვიქნებით; თუ არა, მაშინ იძულებული გავხდებით ჩვენი ცოდნისა და მიღებული პრაქტიკის საფუძველზე გაკეთებული ანალიზი შემოგთავაზოთ.
მაშ ასე, გთავაზობთ 2008 წელს ჩვენი ქვეყნიდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალს:
2008 წელი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვისა და კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილის მიერ მიცემული თანხმობის საფუძველზე, 2008 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 21 ივლისამდე დიმიტრი ერმაკოვის 16 ფოტო-ალბომი “ნიდერლანდების ფოტო-მუზეუმში“ გამოსაფენად წაიღეს;
2008 წლის 4 თებერვალს დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს წერილობით აცნობა, რომ 11 მარტიდან ქართული საგანძურის გამოფენა ვაშინგტონიდან გადაინაცვლებდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტში, სადაც ექსპოზიციას დაემატებოდა 2007 წელს ვანში აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების ბრინჯაოს მრავალპატრუქიანი ჭრაქი და ამავე პერიოდის ბრინჯაოს სასაკმევლე. ლორთქიფანიძემ ვაჩეიშვილს სთხოვა ამ ორი ექსპონატის საქართველოდან დროებით გატანის ნებართვა გაეცა სატრანსპორტო კომპანია UMS-სის დირექტორ გიორგი კობერიძეზე. ვაჩეიშვილმა ამ ორი ექსპონატის ამერიკაში გატანის სამთვიანი ნებართვა 2008 წლის 11 თებერვალს გასცა, რის შესახებაც კულტურის სამინიტრომ სამი ფურცელი მოგვაწოდა. ექსპონატების ქვეყნიდან გატანა-შემოტანის ვადა სხვადასხვანაირადაა მითითებული. რამდენად დააზღვიეს, ან საერთოდ დააზღვიეს თუ არა ქვეყნიდან გასული ზემოხსენებული ორი ექსპონატი, არ ვიცით;
2008 წლის 20 ივნისს დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრის მოადგილე დავით ანდღულაძეს პატივისცემით ამცნო, რომ პარიზის მონპარნასის მუზეუმში გაიმართებოდა ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენა, რისთვისაც ლორთქიფანიძემ ითხოვა სატრანსპორტო კომპანია UMS-ზე გაცემულიყო გატანის ნებართვა, ზემოხსენებული მხატვრების 26 ტილოზე და 6 აფიშაზე. ანდღულაძემ ნებართვა გასცა, სადაც გატანა-შემოტანის ვადად მითითებულია - 23.06.08 – 30.10.08. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში დაზღვევის შესახებ არაფერია აღნიშნული;
დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრის მოადგილეს წერილობით აცნობა, რომ 2008 წლის 24 ივლისს ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში დაგეგმილი იყო რომაული პერიოდის ამსახველი გამოფენა, რისთვისაც თურმე “საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ბრიტანულმა მხარემ ითხოვა რომაულ თემატიკასთან დაკავშირებული 4 ექსპონატი“. ლორთქიფანიძემ სატრანსპორტო კომპანია UMS-ზე ექსპონატების საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვა ითხოვა და რა თქმა უნდა, მიიღო კიდეც. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლ. დავითულიანმა ნებართვას ხელი მოაწერა, რომელშიც მითითებულია, რომ 2008 წლის 3 ივლისს ქვეყნიდან უნდა გაეტანათ და იმავე წლის 15 ნოემბერს დაებრუნებინათ: ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, ანტინოეს გამოსახულებიანი ტონდო; ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, ფორტუნას გამოსახულებიანი ტონდო; ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, წვერებიანი კაცის გამოსახულებით და ასპარუგის გამოსახულებიანი ოქროს ბეჭედი. სამინისტრომ სულ ორი ფურცელი მოგვაწოდა და არც ერთზე არ ჩანს რამდენად დააზღვიეს ზემოხსენებული ოთხი ნივთი;
2008 წლის 3 სექტემბერს დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს პატივისცემით მიმართა და საფრანგეთში, კერძოდ, იონის დეპარტამენტის ქალაქ ვეზლეში არსებულ ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 ტილოს გატანის ნებართვა ითხოვა, ნაცნობი დასახლების სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე. ნებართვას ხელს აწერს კულტურის მინისტრის მოადგილე დავით ანდღულაძე, რომელშიც გატანის ვადის გასწვრივ მითითებულია 2008 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 5 დეკემბერი. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში დაზღვევის შესახებ არაფერი წერია;
კულტურის სამინისტრომ წარმოგვიდგინა დავით ანდღულაძის მიერ ხელმოწერილი ნებართვა, რომლითაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან 2008 წლის 9 ოქტომბრიდან 2009 წლის 29 მარტამდე ლონდონში - ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაგეგმილ გამოფენაზე “ბიზანტია 330-1453“ უნდა ემოგზაურა XII-XIII საუკუნეების ვანის სახარებას, 1195 წლის წყაროსთავის სახარებას და XII-XIII საუკუნეების ტბეთის სახარებას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წყაროსთავის სახარებასთან დაკავშირებით გასული წლის 20 სექტემბერს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით, ფასდაუდებელი ხელნაწერები “ნინიას ბაღში“, რომლის მომზადების დროსაც მოვიპოვე გარკვეული დოკუმენტები, მაგალითად, კულტურის იმჟამინდელი მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ბრძანება, რომლითაც ბათილადაა ცნობილი წყაროსთავის ოთხთავის ჩვენი ქვეყნიდან გატანის ნებართვა. კულტურის სამინისტროს მიერ for.ge-სთვის მოწოდებულ დოკუმენტებში ვაჩეიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება N3/207 არ არის, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სამინისტროს ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სრულად არ მოუწოდებია, რისი მიზეზიც ჩვენთვის უცნობია;
2008 წლის 25 სექტემბერს იმჟამინდელ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს დავით ლორთქიფანიძემ პატივისცემით აცნობა, რომ იმავე წლის 2 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 იანვრამდე ქართული საგანძურის გამოფენა აშშ-დან გადაინაცვლებდა ინგლისში, კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში. “შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ვანში აღმოჩენილი ნივთები, მოგზაურობს 2007 წლის მარტიდან. დღემდე იგი წარმოდგენილი იყო გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში“, - წერს ლორთქიფანიძე და ითხოვს საგანძურის ქვეყნიდან გატანის ნებართვის 2009 წლის 19 იანვრამდე გაგრძელებას. რასაკვირველია, სამინისტრომ ნებართვა გასცა, მინისტრის მოადგილე დავით ანდღულაძის ხელმოწერით. for.ge-ს კულტურის სამინისტრომ მოაწოდა ექსპონატების ნუსხა - სულ 141 ექსპონატი, რომელთა გასწვრივ სავარაუდო სადაზღვევო ღირებულებაა მითითებული. მაგალითად, სასაფეთქლეები (2 ცალი) ჭვირული საკიდით, ჩიტების გამოსახულებებითა და მოძრავად დამაგრებული ძეწკვებით, რომლებიც რკოსებური საკიდებით ბოლოვდება და ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით თარიღდება, მილიონ 500 ათას დოლარად ყოფილა დაზღვეული; იმავე პერიოდის ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი იგივე ოდენობის თანხად დაუზღვევიათ; 43 ფოთლისებური საკიდისგან და 84 მილაკისგან შემდგარი ყელსაბამი 800 000 დოლარად; III საუკუნით დათარიღებული ძეწკვი, რქიანი ირმების თავების დაბოლოებებითა და მინის მძივებით 300 000-სად; ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ტორსი 1 500 000 დოლარად; ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული მინის მძივი 2 500 დოლარად. თითოეული ნივთის მონაცემის ქვეშ მითითებული სადაზღვევო თანხა შევკრიბე და გამოვიდა, რომ 141 ნივთი დაუზღვევიათ 59 მილიონ 995 ათასად;
2008 წლის 5 ნოემბერს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ თვალჭრელიძემ კულტურის იმჟამინდელ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს სთხოვა გაეცა ნებართვა სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე, რომელსაც ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში, “ამერიკული მხარის მოთხოვნით“ უნდა ჩაეტანა თრიალეთის ვერცხლის თასი და ოქროს ჰექტორალი. ხუთი დღის შემდეგ დავით ლორთქიფანიძემ საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვის გაცემა ითხოვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელ ზურაბ მახარაძეზე. კულტურის მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გაცემულ ნებართვაში შპს UMS გადაშლილია პასტით და გასწვრივ, ასევე პასტით მიწერილია “ზურაბ მახარაძე“. ხსენებული ორი ექსპონატის გატანის ვადად კი მითითებულია - 12.11.08 – 41.03.09. ჩვენთვის რაიმე სხვა დოკუმენტი არ მოუწოდებიათ;
ფიროსმანის 35 ტილოს ქალაქ ვილნიუსში, კერძოდ ლიტვის სამხატვრო მუზეუმში გამოსაფენად დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს სთხოვა გაეცა ქვეყნიდან დროებითი გატანის ნებართვა სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე. ვაშაძემ ამგვარი ნებართვის გაცემა ვეღარ მოასწრო, რადგან ნიკა რურუამ ჩაანაცვლა. ნებართვას ხელი რურუმ მოაწერა, საიდანაც ჩანს, რომ მან ლორთქიფანიძეს დართო ნება ფიროსმანის ტილოები გაეტანა ვილნიუსში 2008 წლის 18 დეკემბრიდან 2009 წლის 15 ივნისამდე. ფიროსმანის ტილოების ვილნიუსში გამგზავრებაზე რაიმე სხვა დოკუმენტი ჩვენთვის არ მოუწოდებიათ;
2008 წლის 29 დეკემბერს დავით ლორთქიფანიძემ ნიკა რურუას ღრმა პატივისცემით მიმართა და ლოს ანჟელესის პოლ გეტის მუზეუმში ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით დათარიღებული არწივისა და განიმედის გამოსახულებით შემკული ბრინჯაოს სამპატრუქიანი ჭრაქის და ეროსის სკულპტურული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს სამაპტრუქიანი ჭრაქის თავსახურის გამოსაფენად სთხოვა ნებართვის გაცემა სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე. ნებართვა რურუას პირველმა მოადგილე დავით ცხადაძემ გასცა. ვადის გასწვრივ მითითებული თარიღის მიხედვით, ამ ორ ექსპონატს აშშ-ში უნდა დაეყო 9 თვე - 2009 წლის 12 იანვრიდან 2009 წლის 23 ოქტომბრამდე.
აქ მთავრდება კულტურის სამინისტროდან მიღებული საგანძურისა და იმ ექსპონატების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან 2008 წელს გაიტანეს. არც ამ და არც სხვა წლებში გატანილი და შემდეგ უკან დაბრუნებული ექსპონატების მდგომარეობის ამსახველი დასკვნები სამინისტროდან მოწოდებულ დოკუმენტებში არ არის. პირად საუბარში რესტავრატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ჩვენგან შეიტყვეს და დაუშვებლად მიიჩნიეს ზემოთ ჩამოთვლილი ექსპონატებიდან გარკვეული ნივთების ქვეყნიდან გატანა კი არა, გადაადგილებაც კი. ამასთან, მათივე განმარტებით, მაგალითად, ფიროსმანის ტილოებს, ქვეყნიდან ყოველი გატანა-შემოტანის დროს რესტავრაცია უტარდება, რის გამოც ფიროსმანის ნამუშევრებს პირვანდელი სახე დიდი ხანია დაკარგული აქვთ. ჩვენ ვცდილობთ კვალიფიცურმა სპეციალისტებმა გარკვეულ ექსპონატებთან დაკავშირებით კომენტარები ღიად გააკეთონ, რომელშიც ასევე აისახება, როგორც ქვეყნიდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების მიზანშეწონილობა, ასევე ჩამოთვლილი იქნება ის ექსპონატები, რომელთა გატანა კი არა, გადაადგილებაც კი დაუშვებელია.