ოპერის „მოყვარულ“ კეზერას ვერც ჯარის გადამეტებული „სიყვარული“ აპატიეს და „მასზე დახარჯულ“ 5 მლნ „სჩემტას“ ედავებიან

ოპერის „მოყვარულ“ კეზერას ვერც ჯარის გადამეტებული „სიყვარული“ აპატიეს და „მასზე დახარჯულ“ 5 მლნ „სჩემტას“ ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლო არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოსდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო. თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის -5 060 000 ევროს ანაზღაურება.

თავდაცვის სამინისტროს მიმართვა სასამართლოსადმი, რომ დაკომპენსირდეს დავით კეზერაშვილის მიერ უწყებისთვის მიყენებული ზიანი, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს უკავშირებს ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებში 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას ასეთი დაჩქარებული ტემპით მიეტანა ახალი შეტევა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე.

გუმბარიძის ბრალდებას განცხადებით უპასუხა თავდაცვის უწყებამ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს.

რაც შეეხება საქმის ვითარებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.

აღნიშნული საქმე შეეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა. სისხლის სამართლის საქმე არ გახლავთ მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა, რადგან აღნიშნული თანხა უბრალოდ გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ,

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არ არის მხოლოდ კორუფციული გარიგება, არამედ ეს არის წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან ორგანიზებულად თანხის მიტაცების შემთხვევა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ამტკიცებს, რომ სახეზეა „ფორმულას“ დახურვის განზრახვა და ჩანაფიქრი ნათელია, რომ არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე „სამართლებრივი“ შტურმის.

„ჩემი მოლოდინი გამართლდა. იმთავითვე ცხადი იყო, რა მიზანს ისახავდა ივანიშვილი, როცა თავის „სასამართლო ტროიკას“ დაავალა ორ ინსტანციაში ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენის შემობრუნება და „უზენაესში“ გამტყუნება.

ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა! დღეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჩემ წინააღმდეგ და ვიცით, რომ აპირებენ ტვ. „ფორმულაში“ ჩემი წილის დაყადაღებას!

რა ინფორმაციაც გვაქვს - სახეზეა ტვ. „ფორმულას“ დახურვის განზრახვა! მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე „სამართლებრივი“ შტურმის! ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა „სამართლებრივი“ გზა განწირულია! დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!“, - ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

საქმის პროკურორის განცხადებით, დადგენილია, რომ 2008 წლის 10 იანვარს დავით კეზერაშვილის დავალებით, მისი მეგობრის ოფშორულ კომპანიაში, გაფლანგვის მიზნით, ხუთ მილიონ ევროზე მეტი გადაირიცხა. ბექა კვიციანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მისი მეგობრის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ, თანხის გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და შემოწმების გარეშე გამოსცა ბრძანება აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

„დავით კეზერაშვილმა დაავალა სიტყვიერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ხსენებულ კომპანიასთან უპირობოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე იმავე დღეს ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულის შემდეგ ამ დავალების შესრულება განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების უხეში დარღვევით.

კერძოდ, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შემოთავაზებული საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად, საბანკო გარანტიისა და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე, ასევე სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შესახებ“, - აცხადებს ბექა კვიციანი.

საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური, რომლის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები დევნიან კრიტიკულ მედიას. მისი თქმით, 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„აქ მნიშვნელოვანია და ხელისუფლების მიზანია ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი სარედაქციო პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, დევნიან კრიტიკულ მედიას და ამ საქმესაც იყენებენ, რათა ხვალ და ზეგ მოითხოვონ დაყადაღება, გაჩერება და შემდგომ საერთოდ გააქრონ ტელესივრციდან. ამ საქმის მთავარი მიზანი არის ის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ შეუქმნან პრობლემები, მოხდეს მისი დაყადაღება და შემდგომ მისი გაჩუმება“, - აცხადებს გიორგი გელხაური.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, კეზერაშვილის საქმე მკაფიო მაგალითია, როგორ იფლანგებოდა და ნიავდებოდა თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები წინა ხელისუფლების პირობებში.

„ეს არის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ როგორ ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის დასუსტება, მისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. ამ ყველაფრის ხარჯზე მდიდრდებოდნენ არაკეთილსინდისიერი მოხელეები და მინისტრები, ეს არავის შერჩება და ყველა პასუხს კანონის წინაშე აგებს. მართლმსაჯულებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვის სამინისტროდან გაფლანგულ თანხებზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი პროგრამების დაფინანსებისთვის.

„ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები, ხუთი მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც სერვისი არ იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი და გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

trampi ამათ ეხლა კახურად უნდა ვაგინო

კი მაგრამ კეზერას ამბები მთელმა საქართველომ ზეპირად იცოდა ..და ამათ მხოლოდ ეხლაღა რატო გააახსენდათ? აქამდე სად იყვნენ?????
ან ამ ქარდავას ამბების გახსენება ამ არჩევნებისთვის რა იყო მითომ??
ან ის გარეჯის ამბები შარშანდელ არჩევნებს რომ დააამთხვიეს და მერე მიყუჩდნენ............ ის რაღა იყო??
ვაააა .............. ესენიც დებილებად გვთვლიან??/
ასე გამოდის!!!!!!!!!!!!!!!
ხოოდა ესენი თუ დებილებად გვთვლიან, ანუ შეურაწყოფას გვაყენებენ (ანუ შეურაცხყოფას) მაშინ მეც რომ ეხლა სიტყვიერი შეურაწყოფა მივაყენო, ხო ვიქნები მართალი??
ხოოოდა მდინარაძის(ანუ შევარდნაძისეული ვიტალი ხაზარაძე) თამადობით ყველას რომ კეთილები ვაგინო ხო კარგი იქნებააააა?
ხოოოდა მე ამათი ავი და კარგიც ერთად ქუნემ
(ღარიბაშვილს და წულუკიანს გამოვაკლებდი)
3 წლის უკან