ევროპაში ენერგოკრიზისი იწყება, საქართელოში კი - მორიგი გაძვირება

ევროპაში ენერგოკრიზისი იწყება, საქართელოში კი - მორიგი გაძვირება

ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმს მიუახლოვდა - შავი ოქროს ღირებულება 79 დოლარამდე გაიზარდა - ბოლოს ამაზე მაღალი ფასი- 80 დოლარი - 2018 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ეს უკვე კრიტიკული ნიშნულია. ევროპაში საწვავის კრიზისი დაიწყო, ბრიტანეთში ავტოგასამართ სადგურებთან რიგებია, სხვა ქვეყნებში კი მზარდი დაძაბულობა და საოცარი სიძვირე. საქართველოშიც გაძვირებას ელიან, თუმცა ნავთობპროდუქტების დეფიციტს გამორიცხავენ.

ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზია გაზის კრიზისი ევროპაში. მას შემდეგ, რაც ევროპაში გაზსაცავების მარაგები წინა წლებთან შედარებით 30%-ით შემცირდა, ცისფერი საწვავი კატასტროფულად გაძვირდა და ზოგიერთ შემთხვევაში 1000 კუბურ მეტრში 1000 დოლარს მიაღწია. ამან სხვა, საწვავის ალტერნატიულ სახეობებზე, მათ შორის ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.

გარდა ამისა, ბოლო თვენახევრის მანძილზე გაზის ღირებულებაზე წნეხს ამერიკის გაზსაცავებში მარაგების შემცირებაც ახდენს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია - სინოპტიკოსები ევროპაში ცივ ზამთარს პროგნოზირებენ, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება - შესაძლოა, ის დღე-ღამეში 500 000-900 000 ბარელით გაიზარდოს.

საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ნედლეულის ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ჯერ კარი კი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის 1 ბარელი ნავთობი 90 დოლარამდე გაძვირდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი კი 100-დოლარიან ნიშნულსაც ვარაუდობს.

არაა გამორიცხული, რომ ნავთობის გაძვირების და მოთხოვნის ზრდის გამო „ოპეკი პლუსმა“ 2020 წლის მარტში დადგენილ კვოტებს გადახედოს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს სწრაფი პროცესი არ იქნება, რადგანაც კარტელის შიგნით ქვეყნებს სხვადასხვა საკითხებზე ერთიანი აზრის გამომუშავება უწევთ, ეს კი მარტივი ამბავი არაა.

ევროკომისარი შიდა ბაზრების საკითხებში ტერი ბრეტონი აღნიშნავს, რომ ენერგოკრიზისის გავლენა შესაძლოა, საგრძნობი იყოს მთელი ზამთრის განმავლობაში.

„ვფიქრობ, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ეს დაძაბული სიტუაცია მთელი ზამთარი გაგრძელდება და მას აქვს ბევრი მიზეზი“, - განაცხადა ბრეტონმა და დასძინა, რომ აღნიშნული დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიის კრიზისთან, ასევე სანავთობო და გაზის საბადოების დახურვასთან, რომელმაც გამოიწვია წინადადებების შემცირება ენერგომატარებლების ბაზარზე.

„ჩვენ გვაქვს ენერგიის ბევრი განახლებადი წყარო, თუმცა მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ბოლო 6 კვირაა ევროპაში არ ყოფილა ქარი. შესაბამისად, წარმოებულ იქნა ბევრად ნაკლები ელ-ენერგია, ვიდრე მოველოდით“, - დასძინა მან.

მართალია მთლად ევროპული კრიზისის ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ ვითარება არასახარბიელოა საქართველოსთვისაც. ჩვენი ქვეყანა 100%-ით იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული და მზარდი ფასები ნეგატიურ გავლენას აქაც მოახდენს. დარგის სპეციალისტები კრიზისს არა, მაგრამ საცალო ქსელში ფასის მატებას ნამდვილად ელოდებიან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ვარაუდით, საწვავის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა ამას ნახტომისებური ხასიათი არ ექნება.

„ის გარემოება, რომ ნავთობის ფასმა 80-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, იმპორტიორ ქვეყნებში სერიოზულ პრობლემას ქმნის, მათ შორის, საქართველოში. ადგილობრივ ბაზარზე ბენზინიც და დიზელიც საგრძნობლად გაძვირებულია. თუკი პანდემიურ პერიოდში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 2,50 ლარის ფარგლებში იყო, დღეს 3-ლარიან ნიშნულზეა.

შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო ურჩევნია: კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია, თუ ნაკლები შემოსავლები ბიუჯეტში, ანუ ის ფული, რაც ხაზინას აქციზის გაიაფების ხარჯზე დააკლდება. მარტივად არ გვაქვს საქმე, საკმაოდ მძიმე მოცემულობაა, რაც, ჯერჯერობით, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.