„დააბრუნე“ კერძო დეტექტივის სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოდის

„დააბრუნე“ კერძო დეტექტივის სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოდის

წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ბიზნესმენების ასოციაცია „დააბრუნე“ ახალი ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „დააბრუნე“-ს დამფუძნებელმა, მამია სანადირაძემ დღეს განცხადება for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, „დააბრუნე“ გამოდის ინიციატივით, რომ მიღებული იქნას კანონი კერძო დეტექტიური საქმიანობის შესახებ.

„მოგეხსენებათ, ასოციაცია „დააბრუნე“-ში წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ბიზნესმენები არიან გაერთიანებულები, რომლებიც უკვე ხუთ თვეზე მეტია თავიანთი საქმეების გამოძიებას ითხოვენ. მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ წართმეულ საკუთრებასთან დაკავშირებით მის უწყებაში 18 000 საჩივარია შესული. ეს ძალიან დიდი ციფრია, მაგრამ უკვე დროც ბევრია გასული და მიუხედავად ამისა, ამ საქმეებზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პროკურორ - გამომძიებელთა მცირე რიცხვია“, - აცხადებს მამია სანადირაძე.

მისი თქმით, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ პროკურორმა წერეთელმა გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი თავად დაზარალებულები მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რათა ამით გამოძიებას დაეხმარონ. სწორედ მის ამ განცხადებას ეხმაურება ასოციაცია „დააბრუნე“. მამია სანადირაძის თქმით, კერძო დეტექტივები დაეხმარებიან გამოძიებას იმით, რომ მოიპოვებენ მტკიცებულებებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ამას საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება, რასაც პროკურატურა უბრალოდ ვერ უმკლავდება.

„კერძო დეტექტიური საქმიანობის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა პარლამენტში პირველად 1998 წელს გაჟღერდა, მაგრამ ეს კანონი დაიბლოკა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის მიერ. ძალოვანებს ამ კანონის საწინააღმდეგოდ ჰქონდათ არგუმენტი, რომ შესაძლებელი იყო შეიარაღებული დაჯგუფების შესანიღბად ყოფილიყო გამოყენებული. მოკლედ ეს კანონი წლიდან წლამდე იბლოკებოდა, მაგრამ ახლა მოვიდა დრო, რომ კერძო დეტექტიურმა კომპანიებმა ჯანსაღი კონკურენაცია გაუწიონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის გამომძიებლებს“, - აღნიშნავს მოძრაობა „დააბრუნე“-ს დამფუძნებელი.

მისი თქმით, კერძო დეტექტივებს არ ექნებათ იარაღი და მოწმეების არა დაკითხვის, არამედ გამოკითხვის უფლება ექნებათ. ისინი იმოქმედებენ კანონის ფარგლებში და მტკიცებულებებს მოიპოვებენ მხოლოდ მოწმის თანხმობის შემთხვევაში, რითაც ეს პროცესი სახელმწიფო გამოძიებისგან განსხვავებული იქნება. კერძოდ, გამოძიებას უფლება აქვს, მოწმე იძულებით მიიყვანოს საგამოძიებო ორგანოში დასაკითხად. კერძო დეტექტივები კი მხოლოდ იმ მოწმეებს გამოკითხავენ, რომლებსაც თავად ექნებათ ჩვენების მიცემის სურვილი. მამია სანადირაძის განცხადებით, ამ გზით უფრო ადვილი იქნება ათიათასობით საქმის გამოძიება და ეს პროცესი უფრო დაჩქარდება, დროს კი ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სანადირაძის თქმით, ამჟამად ჩამორთმეული ქონებების გასხვისება მიმდინარეობს. ამიტომ „დააბრუნე“ პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, რომ კერძო დეტექტიური საქმიანობის შესახებ კანონი იქნას მიღებული.

ბატონო მამია, თქვენი ინიციატივის თანახმად, კერძო დეტექტივები მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რომლებსაც შემდეგ საგამოძიებო ორგანოს გადასცემენ, რათა ამის გამოძიების პროცესს დაეხმარონ?

- დიახ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მტკიცებულებები აქვთ, მაგრამ ვერ ხერხდება საქმეზე ამ მტკიცებულებების დამაგრება. დეტექტივები კი შეძლებენ ამ მტკიცებულებების სათანადო წესით მოპოვებას და საქმეზე დართვას, რაც შემდეგ სასამართლოშიც იქნება გამოყენებული.

რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან ეს დეტექტივები იმ ფონზე, როდესაც მათ ბიზნესმენები იქირავებენ და ხომ არ შეიძლება, რომ ამ პროცესში გარკვეული მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოხდეს?

- კერძო დეტექტიური საქმიანობა სახელმწიფოს მიერ იქნება დარეგულირებული. მათი რეგისტრირება იუსტიციის სამინისტროში მოხდება და დაწესებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმები, ანუ კერძო დეტექტივებად ვერ იმუშავებენ ნასამართლევი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები და ა.შ. თუ დეტექტივის მიერ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში დაფიქსირდება ვთქვათ, მოწმეზე ზეწოლა, ან მსგავსი რამ, ეს არის დანაშაული და თუ მოხდება დანაშაული, ეს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად იქნება აღკვეთილი. როგორც მოგახსენეთ, მტკიცებულებების მოპოვება, მაგალითად მოწმეების გამოკითხვა მოხდება მხოლოდ მოწმეების თანხმობით.

ბატონო მამია, ორგანიზაცია „დააბრუნე“-ში გაწევრიანებული ბიზნესმენების საქმეებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრალეულობა თუ იკვეთება და ვინ არიან ეს ადამიანები?

- მთელი ეს 18 000 საქმე (შესაძლოა მცირედი გამონაკლისის გარდა) წინა ხელისუფლების თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია. ქონებაჩამორთმეული ადამიანები ადანაშაულებენ წინა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდებით აიძულებდნენ ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთრება დაეთმოთ.

თქვენ როგორ აპირებთ თქვენი ქონების დაბრუნებას და პირადად თქვენს საქმეში ვისი ბრალეულობა იკვეთება?

- ჩემს საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს, თუმცა არა ისეთი ტემპით, როგორც მე მსურდა. ჩემს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მუშავდება. ჩემს საქმეში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო ჩარეული. პირველი იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და მისი უფროსი ჩიქოვანი, რომელიც ახლა გაქცეულია, ჩარეული იყო თბილისის მერია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან როდესაც ჩვენს კაბელებს ჩაჭრიდნენ და ასეთ ადამიანებს ვაკავებდით და პატრულს გადავცემდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათ ათავისუფლებდნენ. ჩემს საქმეში გარეული იყო ასევე საგადასახადო სამსახურიც, რომელმაც 11-მილიონიანი ჯარიმა დამაკისრა იმ მიზეზით, რომ თითქოს ინტერნეტს იაფად ვყიდდი, რაც სინამდვილეში სისულელე იყო. ამ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში 45 დღის შემდეგ მე ციხეში მომიწევდა ჯდომა.

ასევე გეტყვით, რომ ზუსტად ერთ დღეს ყველა სახელმწიფო უწყებამ „კავკასუს ონლაინის“ მომსახურებაზე განაცხადა უარი. რა თქმა უნდა, მათ ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიღებული, თორემ როგორ შეიძლებოდა ერთსა და იმავე დღეს 30 სახელმწიყო უწყებას (სამინისტროებს და ა.შ.) გადაეწყვიტათ „კავკასუსის“ ქსელიდან გამოსვლა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ თითიდან გამოწოვილი მიზეზებით რამდენჯერმე დამაჯარიმა. მაგალითად, იმის გამო, რომ ჩვენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ერთი დღით დავაგვიანეთ, 270 000 ლარით დამაჯარიმა. მთლიანობაში კი, სამი თვის განმავლობაში 760 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დამეკისრა, რამაც კომპანია სრულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამდენად, ჩემს საქმეში მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების ბრალეულობა იკვეთება, რადგან მათ ერთობლივი ქმედებებით მაიძულეს მე ჩემი კომპანია დამეთმო.

ბატონო მამია, „დააბრუნე“-ს ჰქონდა ინიციატივა, რომ წართმეული ქონებების საქმეების გამოსაძიებლად სპეციალიზირებული პროკურატურა შექმნილიყო. ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას?

- ეს საკითხი ისევ დღის წესრიგშია. უბრალოდ კერძო დეტექტივები დაეხმარებიან გამოძიებას, რათა მტკიცებულებების შეგროვება და გამოძიების პროცესი დაჩქარდეს, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დროს ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“