„სააკაშვილის ბილეთი აისბერგის ხილული მხარეა, ის საქართველოში ჩამომსვლელი არ არის, თუმცა ბოლომდე ამის გამორიცხვა არ შეიძლება“

„სააკაშვილის ბილეთი აისბერგის ხილული მხარეა, ის საქართველოში ჩამომსვლელი არ არის, თუმცა ბოლომდე ამის გამორიცხვა არ შეიძლება“

სააკაშვილი ისევ ჩამოდის, ამჯერად უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კიევი-თბილისის რეისის ბილეთი „მოწმედ მოიყვანა“. ამჯერად მაინც თუ არის დამაჯერებელი ყოფილი პრეზიდენტის ეს მცდელობა, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

სააკაშვილი ჩამოსვლას ისევ აანონსებს. იმთავითვე ჩნდება ეჭვი, თუკი ამდენი ჩამოუსვლელობის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას ახლა მაინც აპირებს, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ღამის პერიოდი, საარჩევნო უბნების დახურვის დრო, არეულობისთვის ხომ არ ემზადებიან ნაციონალები, რადგან ტრიუმფალური გამარჯვების იმედი არ აქვთ?

- თუ კარგად ნახეთ ეს ბილეთი, ეს არის გაკეთებული ჯავშანი. ჯერჯერობით რეალური ბილეთი მას აღებული არ აქვს. მე მგონი, ამ ბილეთის გამოქვეყნება არის სააკაშვილის მორიგი პიარსვლა, რომ რაღაცნაირად „ნაცმოძრაობის“ მომხრეებში სტიმული გააჩინოს, რათა უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს, უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში იმ იმედით, რომ სააკაშვილი ჩამოვა და წინ წარუძღვება მათ პროტესტს. ეს ყველაფერი ემსახურება „ნაცმოძრაობის“ და მისი მომხრეების მობილიზაციას. ბილეთის აღება არ არის მყარი ინდიკატორი იმისა, რომ ის ჩამოვა.

მით უმეტეს, ამ ბილეთში სულ რაღაც 50 დოლარია გადახდილი.

- დიახ, ბოლოს და ბოლოს, ბილეთის გაუქმებაც შეიძლება, თუ სიტუაცია ისე არ წავიდა, როგორ ის გეგმავს და, თუ ყველაფერი ისე არ დალაგდა, როგორც მათი გეგმის მიხედვით უნდა დალაგდეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველა დეტალი, შესაძლოა, მათ აქვთ რაღაც გეგმა შემუშავებული, როგორ უნდა შემოვიდეს უსაფრთხოდ, ალბათ, აქვს ნამუშევარი სხვადასხვა სტრუქტურებში, ეს ბილეთი არის აისბერგის ხილული მხარე. მე მაინც უფრო მგონია, რომ ბილეთის აღება მომხრეების მობილიზაციას ემსახურება და ის საქართველოში ჩამომსვლელი არ არის, თუმცა ბოლომდე ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

როდესაც ვერსიებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ არჩევნების წინ სააკაშვილის გაცოცხლება სპეციალურადქართული ოცნებისინტერესს უკავშირდება, მუდამ მოიპოვოს პირველი ადგილი, ამჯერად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს თამაშია ახალი მოთამაშის - გიორგი გახარიას ჩასაძირად, რომ მას ის მომხრეები წაართვან, რომელიც გახარიას უნდა გადაებირებინაქართული ოცნებიდან“?

- საერთოდ, ტურბულენტურ და დაულაგებელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველანაირი კომბინაცია შეიძლება ადამიანმა დაუშვას. ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. ის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა მარტო მისი მომხრეების მობილიზაციას არ მოახდენს, არამედ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც დამუხტავს და ქმედებებისკენ განაწყობს, ეს ყველასთვის ცხადია. ეს ორლესული მახვილია, ერთი მხრივ, სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს ეხმარება მობილიზებაში, მეორე მხრივ, ეხმარება „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ ნაციონალების და სააკაშვილის დაბრუნების საფრთხის მანიპულირებით მოახდინონ საკუთარი პასიური, ან მათზე განაწყენებული ამომრჩევლის თავისკენ თავმოყრა. შეიძლება, ამის გამო ფიქრობდეს ზოგიერთი, რომ ამან შესაძლოა, გახარიას წაართვას ელექტორატი და ეს ელექტორატი მიმართოს „ოცნებისკენ“, რადგან ეს ხალხი მაინც „ქართულ ოცნებაში“ ხედავს სააკაშვილის მთავარ შემაკავებელ ძალას და არა გახარიაში, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს, თითქოს უპირისპირდება ნაციონალებს, მათ დავასრულებო, მერე ამბობს, არავის წინააღმდეგ არ ვარ, ანუ ვერ გაიგო ხალხმა მისი პოზიცია. ამომრჩეველს უყვარს ჩამოყალიბებულობა და გარკვეულობა.

თქვენ ახსენეთ, მაქვს განცდა, კარზე ისევ 2012 წლის არჩევნებია მომდგარი და ხალხმა ისევ უნდა გააკეთოს ისტორიული არჩევანი. რის გამო შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს 2012 და 2021 წლის არჩევნები, არაპროგნოზირებადია ეს არჩევნები გახარიას შემოსვლის შემდეგ?

- არაპროგნოზირებადია, რადგან ოპოზიცია ცდილობს, ეს არჩევნები გადააქციოს რეფერენდუმად. ოპოზიციას ასეთი დღის წესრიგი აქვს და ამის ავანგარდში დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ლიდერების კლიპები და გამოსვლები რომ ვნახოთ, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არ არის ადგილობრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. რეფერენდუმი კი იმას ნიშნავს, ან ჩვენ უნდა აგვირჩიოთ, ან „ქართული ოცნება“, „ჩვენში“ გულისხმობენ საკუთარ თავს და თეორიულად მათზე მიბმულ პატარა სატელიტურ პარტიებს. ამ სატელიტურ პარტიებს ან პოლიტიკური გამჭრიახობა ღალატობთ, ან ალღო არ აქვთ და რატომღაც მოებნენ „ნაცმოძრაობის“ მატარებელს და იქიდან ჩამოსვლა არ უნდათ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სახე შეენარჩუნებინათ. ისინი ერთი ერთში იმეორებენ მათ ნარატივის. შესაბამისად, საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პატარ-პატარა წვრილი პარტიები აღიქმებიან „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად, ერთ კონგლომერატად. ბუნებრივია, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ სურთ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება და მათი რევანში (და რევანში რომ იქნება, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება), ცდილობს, ამას შეეწინააღმდეგოს. ამაზეა სწორედ დღეს გათვლილი „ქართული ოცნების“ მთელი სტრატეგიაც და ტაქტიკაც, რომ როგორმე ერთად მოაყუჩონ, დარაზმონ თავიანთი ამომრჩეველი „ნაცმოძრაობის“ და იმ კონგლომერატის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება სურს. როგორი კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, პოლიტიკური, თუ პოლიტექნოლოგიური კუთხით, თუ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაინც რეალურად „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა საუბარი და ნაკლებად - კოალიციურ მთავრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს მათი დაბრუნება.

სხვათა შორის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობის უპირატესობაზე ისაუბრა, ამან გააჩინა ეჭვი, რის შესახებ მიანიშნა პრეზიდენტმა?

- ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში ორმაგი თამაში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა „ქართული ოცნებიდან“ დისტანცირება, საკუთარი თამაშის დაწყება, ეტყობა, დაავიწყდა ყველაფერი ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მისი გაპრეზიდენტებისთვის. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მას მაინც ევროპასთან აქვს კონტაქტები, კავშირები და სურს, საქართველოში ევროპელების დღის წესრიგი გაატაროს, რადგან ევროპას უნდა, საქართველოში იხილოს კოალიციური მთავრობა, მიუხედავად იმისა, რეალისტურია თუ არა ეს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს არარეალისტურია. სალომე ზურაბიშვილი დღეს გვევლინება შარლ მიშელის და ევროპელი ჩინოვნიკების პოზიციების გამხმოვანებლად, რაც, ფაქტობრივად, ემთხვევა ოპოზიციის დღის წესრიგს. უნდა მას ეს, თუ არ უნდა, ყოველ შემთხვევაში, ასე გამოსდის.