„ფაბრიკაცია, შეთქმულება, შეტევა ეკლესიაზე და სახელმწიფოზე“, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მთავარი ადრესატი საქართველოს საპატრიარქო და ის მღვდელმთავრებია, რომელთა პოზიცია პრინციპულად განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიისგან.
რაც შეეხება მოსმენებს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი.
„ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში. რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებს, ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, ამას გარდა, ავთენტურობა უნდა შეისწავლოს, უნდა შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები და ასევე გააკეთოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა - ნამდვილი ჩანაწერი. ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება ანალიზი და საბოლოო პასუხებს გაგვცემს გამოძიება.
ძალიან ბევრმა ადამიანმა მათ შორის უარყო და ძალიან ბევრი იმდენად არასერიოზული, ტყუილის შემცველი ჩანაწერი იყო, მით უმეტეს ვიცით რა სააკაშვილის და „ნაციონალების“ ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სანამ მასალების ავთენტურობა დადგინდება და გამოძიება შედეგებს დადებს, გაჩნდა კითხვა - ვინ დგას სუს-ის ფაილების გავრცელების უკან? სუს-ის ხელმძღვანელი დეტალებზე ღიად არ საუბრობს, თუმცა ფაილების გასაჯაროების საქმეში ოპონენტების კვალზე მიანიშნებს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, გამოძიების შედეგები იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. კითხვაზე - რატომ უსმენენ სასულიერო პირებს? - ლილუაშვილმა აღნიშნა: „გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
როგორც სუს-ის კრებსების მეორე ნაწილიდან ირკვევა, პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, კონკრეტული ჯგუფები ამბოხს ამზადებდა.
„იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია იმ კრებსებს ეყრდნობა, რომელთა ავთენტურობაც დაზუსტებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა სანდო წყარო ირწმუნება, რომ იმ დოკუმენტებიდან არის, რომელთა ნაწილიც ოპოზიციასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაასაჯაროვეს.
სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც აცხადებს, რომ უღირსი მღვდელმთავრებისგან ეკლესიის გაწმენდა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის დახმარებითა და ხელისუფლების ცვლილებით. ბარნოვის გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო საპატრიარქოს შტურმით აღება და მღვდელმთავრების დაპატიმრება, ხოლო ახალი მღვდელმთავრების კურთხევას შეასრულებდა მსოფლიო საპატრიარქოდან მოწვეული 3 ეპისკოპოსი.
მისივე განცხადებით, ეკლესიის სამართავად საკმარისი იქნება 12 მღვდელმთავარი და დიდი ქალაქებისთვის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამხმარე ეპისკოპოსები.
ამავე კრებსის მიხედვით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელიც ძირითადად „ევროპული საქართველოს“ ლიდერთან გიგა ბოკერიასთან და გიგი უგულავასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებულ მედიამენეჯერებთან, მღვდელმთავრებთან და თეოლოგებთან ერთად საერო და სასულიერო ხელისუფლების შეცვლის გეგმებს აწყობდა და განიხილავდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არც ციანიდის და არც უკრაინის საქმე არ იყო პირველადი მნიშვნელობის, ეს ყველაფერი იყო საშუალება იმისა, რომ ეკლესიისთვის როგორღაც ავტორიტეტი შეერყიათ.
„აღმოჩნდა, რომ თურმე გოჩა ბარნოვია ყველა იმ გადაცემის კონსულტანტი, რომელიც ბოლო წლებში ეკლესიის მიმართ მსგავსი შინაარსით კეთდებოდა „მთავარ არხზე“, „ტვ. პირველსა“ და „ფორმულაზე“. ჩანაწერებში საუბარია იმაზე, რომ „ფორმულას“ და აღნიშნულ ტელევიზიებსაც ძალიან ხშირად უწევს კონსულტაციას. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის, რომ ეკლესიას თითქოსდა საყვედურობდნენ ხან ციანიდისა და ხან უკრაინის გამო, თუმცა, სინამდვილეში გეგმა ყოფილა სხვა რამ.
ხშირად გვითქვამს, რომ ერთი და იგივე ხალხი იყო მუდმივად ჩართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დღესაც ერთი და იგივე ხალხი და რესპონდენტები დადიან ამ ტელევიზიებში და ერთი და იგივე პათოსით ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ჩანს, არც ერთი ის თემა არ იყო პირველადი მნიშვნელობის, ეს ყველაფერი იყო საშუალება იმისა, რომ როგორღაც ავტორიტეტი შეერყიათ ეკლესიისთვის. ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით და ეს კრებსები, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა და ბარნოვიც ადასტურებს, რომ ეს ასეა ნამდვილად, ყველაფერ ამას ხსნის დღეს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ბარნოვი ეკლესიასთან დაკავშირებული პირები, თუ პოლიტიკური ძალები, ყოველთვის აკრიტიკებდნენ საპატრიარქოს, რასაც ბარნოვი არც მალავს. როგორც თეოლოგი აღნიშნავს, ეს ჯგუფი ამბობს იმასაც, რომ სინოდი, სინოდი არ არის. ამიტომ, ძალიან გასაკვირი მათი პოზიცია არ არის.
მისი თქმით, თუ იგეგმებოდა ძალისმიერი შტურმი საპატრიარქოსი, ან პარლამენტის, ეს უკვე დანაშაულია, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა.
„ცხადია, რომ საპატრიარქოს მიმართ ისინი არიან საკმაოდ ნეგატიურად განწყობილი. მათ მიაჩნიათ, რომ საპატრიარქო დაღუპულია, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. მესმის, რომ არის პრობლემები. მესმის, რომ არიან მღვდლები, რომლებიც არ არიან პატიოსნები, მაგრამ მოქმედი სინოდი მართლა რომ დავითხოვოთ, ვინ მოვა მერე? - ილია ჭიღლაძე მოვა, პეტრე ცაავა ეპისკოპოსად და ბასილი კობახიძე ჩაიცვამს ისევ ანაფორას და ესენი ააშენებენ ახალ ეკლესიას და მსოფლიო საპატრიარქო გამოგვიგზავნის სამ ეპისკოპოსს?!
17 საუკუნის წინ კონსტანტინეპოლთან ლამის ერთდროულად მივიღეთ ქრისტიანობა და თურმე, 21-ე საუკუნეში მსოფლიო პატრიარქმა უნდა აღადგიონს აქ ქრისტიანობა თავისი სამი ეპისკოპოსით?! სასაცილოა ეს ყველაფერი.
საკითხი უნდა დავყოთ რამდენიმე ნაწილად - ზოგიერთი შეიძლება იყოს კრიმინალი, კრიმინალი რომც არ იყოს, ზნეობრივად რამდენად გამართლებულია, როდესაც არსებობს ასეთი გეგმები, რომ უნდა დაითხოვონ სინოდი? ცხადია, ეს ინტერესის საგანს წარმოადგენს. ძალიან ბევრი საკითხია და ცალ-ცალკე სჭირდება განხილვა. ზოგადად, არ მგონია, რომ ჩვენი მრევლის პოზიციაში რადიკალურად შეიცვალოს რამე. ამ ტელევიზიების მიმართ ნდობა ძალიან მცირეა. ყველას ძალიან კარგად ესმის, როდესაც შენ გყავს სამი ათასი მღვდელი, იქ, ცხადია, არაპატიოსანი მღვდელიც შეიძლება იყოს, მაგრამ რამდენად არის ეს მასობრივი მოვლენა, ამას გამოკვლევა სჭირდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან აბაშიძე.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს შიგნით და მის ირგვლივ, ზოგადად, საეკლესიო სივრცეში, არსებული ველის დანაღმვას არნახული ენთუზიაზმით ჯერ კიდევ ლევან რამიშვილი და მისი „თავისუფლების ინსტიტუტი“ შეუდგა.
„ამის შესახებ დიდი გულისტკივილით ჩემი აწ გარდაცვლილი მოძღვარი ჯერ კიდევ 2004 წლიდან მესაუბრებოდა - გავსებული იქნა „კმარელებით“ სასულიერო სემინარია/აკადემია. შედეგად - მივიღეთ ზოგი მღვდლად, ზოგი დიაკვნად, ზოგი მღვდელმთავრად, ზოგი სტიქაროსნად, ზოგი ე.წ. თეოლოგად. ეს ნაღმები ისეთნაირად იყო განთავსებული ამ საეკლესიო ველზე, რომ მოქმედებაში მოყვანის თავისი დანიშნული დრო და ადგილი ჰქონდა განსაზღვრული.
ის სახელები და გვარები, საიდანაც მხოლოდ „აისბერგის“ ზედაპირს იცნობს საზოგადოება: პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, ბასილ კობახიძე, ბექა მინდიაშვილი, გიორგი ტიგინაშვილი, გოჩა ბარნოვი, ანდრია სარია და ა.შ. მცირე ნაწილია იმ რელიგიურ ტერორისტთა რიგებში, რომლებსაც პირდაპირი კავშირი გააჩნიათ და იმართებიან პოლიტიკური ტერორისტების მხრიდან“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ამ ტანდემს ერთი ნაბიჯიღა აკლია რეალური ტერორის განხორციელებისაგან, ვინაიდან როცა „უფლის სახელით“ პატრიარქისა თუ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობენ, არც პოლიტიკასთან და არც თეოლოგიასთან არაფერი საერთო არ გააჩნია.
„ნამეტანი ლმობიერი და ჰუმანური კანონმდებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ - ჩვენ თვალწინ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფი თავისუფლად და ხმამაღლა გეგმავს და განხორციელების სტადიაზე გადადის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების, სახელმწიფოს ჩამოსაშლელად და ღიად საუბრობენ ამ ინსტიტუტების ლიდერების ლიკვიდაციაზე. ჩვევად შემოაქვთ სახელმწიფო დაცვის ქვეშ კონსტიტუციით აყვანილ დასაცავ პირებზე პირდაპირი თავდასხმა, ხოლო სახელმწიფო საზოგადოებას ამ ტერორის უბრალო მაყურებლებად გვაქცევს.
ეს არანორმალური ვითარება უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას სხვა გამოსავალი აღარ დარჩება, სამოქალაქო წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიტიკურ და რელიგიურ ტერორისტებს, რაც სახელმწიფოს რეალური ჩამოშლის წინაპირობაა, რაც ამ მავნებლების პირდაპირ გეგმებში შედის და რის გამოც, ისინი დაუფარავ და ცინიკურ პროვოკაციებზე გადადიან საკუთარი მიზნების მისაღწევად. უნდა შევიგნოთ, რომ ომში ვიმყოფებით და გაუგებარია, რატომ არ ვიყენებთ ჩვენს ხელთარსებულ სახელმწიფო იარაღს და რატომ ვაღვივებთ საზოგადოებაში „ლინჩის სასამართლოსა“ და პარტიზანულ მოძრაობაზე ფიქრებს?!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თავად სასულიერო პირები ადასტურებენ, რომ სხვადასხვა საუბრების ნაკრებიდან გაკეთებულია საშინელი მონტაჟი, რომელიც მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ. პოლიტილოგი ამბობს, რომ ეკლესიას და ხელისუფლებას ნორმალური ურთიერთობა აქვთ, ცდილობენ ერთმანეთთან დაპირისპირებით საზოგადეობა არ დაანგრიონ, რაც არ აწყობს „ნაცმოძრაობას“, რომელსაც უნდა თავისი ხალხით დაკომპლექტებული ეკლესია, წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩევნია დაანგრიოს ეკლესია.
„დიახ, ეს არის შტურმი ეკლესიის წინააღმდეგ. 90-იანი წლების შემდეგ პატრიარქი მისტირის ქვეყნის ერთიანობას და სულ ამაზე აკეთებს აქცენტს. ამ დროს სააკაშვილმა 2008 წლის ომით საქართველოს მთლიანობა დააზარალა და გამოაცხადა: მერე რა მოხდა, რამდენიმე სოფელი დაიკარგა, ქვების გროვა იყოო. წარმოუდგენელია ეს პოზიცია და პატრიარქის პოზიცია ერთად იყოს.
პატრიარქი მხარს ვერ აუბამს სააკაშვილს იმაში, რომ 2008 წლის ომში „ქვების გროვა“ დაიკარგა. თუ პატრიარქი მხარს ვერ აუბამს და ისევ გააგრძელებს იმის მცდელობას, რომ გამთლიანდეს საქართველო, სააკაშვილისთვის ასეთი პატრიარქი მტერია. იმიტომ, რომ მის გეგმებში სწორედ დაქუცმაცებული, ქართველებისგან დაცლილი და დასუსტებული ქართველებია. გაიხსენეთ, როცა პრეზიდენტი იყო, რამდენი თანხმობა გასცა უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიცემაზე! აშკარა იყო მისი სურვილი - საქართველოში უმეტსეობა ყოფილიყო არაქართველი, რომ მერე მუდმივად სააკაშვილი აერჩიათ. საქართველოში არაქართველების დომინირების იდეა რომელ პრეზიდენტსაც გაუჩნდება, ის პრეზიდენტი პატრიარქთან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჰარმონიული და მისთვის პატრიარქი ძლიერი, ოღონდ ხელისშემშლელი ფიგურა იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.