ოპოზიციაც და მმართველი გუნდი, ორივე მეორე ტურების მოლოდინშია, მხოლოდ, ორივე საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული

ოპოზიციაც და მმართველი გუნდი, ორივე მეორე ტურების მოლოდინშია, მხოლოდ, ორივე საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული

მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთ კვირაში, თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება და როგორც მერებს, ასევე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ავირჩევთ.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ოპოზიცია for.ge-თან მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლებზე საუბრობს. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და მეორე ტურს გამორიცხავენ. მეორე ტურის გამართვას მმართველი გუნდიც გამორიცხავს, რადგან საკუთარი გუნდის გამარჯვებაშია დარწმუნებული და  წინასაარჩევნო გარემოს მშვიდს უწოდებს.

„ამ არჩევნებზე ოპოზიცია დამაჯერებლად რომ იმარჯვებს, ყველასთვის ნათელია და ეს დაადასტურა გუშინ გამოქვეყნებულმა კვლევამაც. ამ კვლევებში პირდაპირ არის დადასტურებული, რომ „ქართული ოცნება“ 43%-თან ახლოსაც ვერ მიდის, რაც არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები დაინიშნოს. ვვარაუდობ, რომ მაჟოიტარულ ოლქებში და სადაც მერობის კანდიდატებს ვირჩევთ, ბევრ ოლქში მეორე ტური იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რაც შეეხება, წინასაარჩევნო გარემოს, იგი არაფრით განსხვავდება არც 2018 წლის და არც 2020 წლის გარემოსგან. სამი ძირითადი იარაღი უჭირავს დღეს „ქართულ ოცნებას“ ხელში - ეს არის მოსყიდვა, დაშინება და კრიმინალების მობილიზება. „ოცნება“ წარსული მეთოდებით ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მეთოდებით და ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით 43%-ს ვერ მიუახლოვდებიან“ - გვითხრა „ნცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვაზე კი საუბრობს, მაგრამ დადასატურებელი ფაქტები არ აქვს.

„რთულია დამადასტურებელი ფაქტებით საუბარი, რადგან ადამიანი ვინც ფულს იღებს, ბუნებრივია, ამის შესახებ არ ისაუბრებს. მაგრამ, ჩვენ ხომ ვხედავთ კარგად, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანები ჩემოდნებით ხელში გამოდიან, ქუჩა-ქუჩა დადიან და ფულს არიგებენ, ყიდულობენ ხმებს. ასევე, კარგად გვახსოვს წინა არჩევნებზე პირადობის მოწმობებს როგორ ბეჭდავდნენ და ამ ნაცად მეთოდებს ახლაც აქტიურად იყენებენ. ყველას მოვუწოდებ, თუკი ვინმეს რამეს შესთავაზებენ, აიღონ ფული, ოღოდ როდესაც საარჩევნო უბანზე მივლენ „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მისცენ“ , - გვითხრა ზაალ უდუმაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კი თვლის, რომ წინასაარჩევნო გარემო უცნაურად მშვიდად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ფარული ჩანაწერები და ფიზიკური დაპირისპირებები უკვე ვნახეთ, მაგრამ უფრო დაძაბულობა ჯერ კიდევ წინაა.

„ფარული ჩანაწერები ერთი კვირის წინ გავრცელდა, ხოლო ბოლო რამდენიმე დღეა სიწყნარეა და ეს ძალიან მიკვირს. ამიტომ მგონია, რომ რაღაც სიუპრიზები ჩვენს მხარეებს ექნებათ გამზადებული. რაც შეეხება „გირჩის“ შანსებს, ამის ახსნა ძალიან რთული იქნება. სიტუაცია ისეთი აჭრილია და წინასაარჩევნო გარემო ისეთი უცნაური, რომ კაცმა არ იცის რა მოხდება. ამიტომ, არც საკუთარი პარტიის პროგნოზირება არ შემიძლია და ვერც ოპონენტების შანსებზე გავაკეთებ კომენტარს. არჩევნების დღეს ველოდები და ველოდები ჩვენი მხარდამჭერების აქტიურობას საარჩევნო უბნებზე“, - განუცხადა for.ge-ს იაგო ხვიჩიამ.

წინასაარჩევნო ზეწოლებსა და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე საუბრობს „ლელოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია და ამის დასადასტურებლად, გეგელია for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ.

„წინასაარჩევნო გარემო ძალიან მძიმეა და უაღრესად პოლარიზებულია. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზეც დომინირებს აგრესია, დომინირებს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა. პოლიტიკურ დევნაში ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკური გემოვნების გამო სამსახურიდან იდევნება. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგალითად, „ლელოს“ მხარდამჭერები პოლიტიკური მუქარის ქვეშ არიან. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აირჩია სიძულვილის ენა - ამის დამადასტურებელია ბანერები, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, აგრესიული რიტორიკა. ეს ყველაფერი კი პოლიტიკურ ველზე მოქმედებს. ეს ქართული საზოგადოების დაკვეთა არაა, დაკვეთა არის განათლებაზე და უკეთეს მომავალზე.

რაც შეეხება შანსებს, ვფიქრობ, მეორე ტურები ოლქების უმეტესობაში იქნება. თუმცა, მეორე ტურებში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს“, - გვითხრა გრიგოლ გეგელიამ.

მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლის მიმართ ზეწოლებზე საუბრობს, ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელი ბექა ლილუაშვილი.

„თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ იმ მძიმე ზეწოლებზე, რომელიც ჩვენი პარტიის წევრებისა თუ მხარდამჭერების მიმართ ხორციელდება. როდესაც საარჩევნო გარემოზე ვსაუბრობთ, ცხადია, ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის გქვონდა შემთხვევა, რომ მაგალითად, ჩვენი მხარდამჭერისა და პარტიის წარმოადგენლის მანქანის საბურავები დაჭრეს. ასევე, ათეულობით მაგალითი გვაქვს თუ როგორ გაათავისუფლეს სამსახურებიდან ჩვენი მხარდამჭერები მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და სოციალურ ქსელში მოწონებები დაგვიწერეს.

რაც შეეხება შანსებს, ბუნებრივია, ჩვენ ყოველდღიურად კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან. ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი საზომი ამ ადამიანების განწყობაა. ასევე, კვლევებიც გამოქვენდა და ყველანაირი კვლევების მიხედვით, პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი მზარდი რეიტინგის მქონე პარტია. ყველაზე სანდო კვლევები კი არის ის შეხვედრები, რომელსაც მოსახლეობასთან ვაწარმოებთ“, - გვითხრა ბექა ლილუაშვილმა.

ოპოზიციის საპირისპიროს აცხადებენ მმართველ გუნდში. როგორც for.ge-ს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, წინა საარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. უმრავლესობის წევრი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ზოგ რეგიონში მეორე ტური დაინიშნოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დაამარცხებს.

„წინასაარჩენო კამპანია უპრეცენდენტოდ მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს. ჩვენი ოპონენტები კი ცდილობენ, რომ რაიმე სახით წინასაარჩევნო კამპანიაში რადიკალიზაცია შეიტანონ, თუმცა, მათი მცდელობა კრახით სრულდება. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, მინდა გითხრათ, რომ ის მშვიდ ვითარებაში ჩაივლის - როგორი სურვილები და მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს დესტრუქციულ ოპოზიციას. 2021 წლის 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი გააკეთეს სწორ არჩევანს და კიდევ ერთხელ, მორიგ განაჩენს გამოუტანს მოძალადე ოპოზიციას და დაამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყნის პრობლემის გადაჭრა.

რაც შეეხება მეორე ტურებს - ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, როგორც ელექტორალური, ასევე პარტიული, რომ პირველივე ტურში ყველა რეგიონში გავიმარჯვებთ. თუკი იქნება გარკვეული გამონაკლისები, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ამას, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ უშინდება. ამიტომ, საბოლოოდ არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება“, - გვითხრა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამ დღეს მოსახლეობა მერს და საკრებულოს 2044 დეპუტატს აირჩევს.