„მართული ნაციონალიზმი“ პუტინს ცუდად შემოუბრუნდა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Financial Times-ი.
რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ყველაზე მსხვილი, ნაციონალურ ნიადაგზე აღმოცენებული ტალღის აგორება შეინიშნება. კრემლი თავდაპირველად ცდილობდა ეს ტენდენცია საკუთარ სამსახურში ჩაეყენებინა. თუმცა, მოგვიანებით, რუსი ულტრამემარჯვენეები „ბოროტ პოლიტიკურ ძალად“ იქცნენ და ახლა, ხელისუფლებისთვის „სერიოზულ გამოწვევას“ წარმოადგენენ - წერს სტატიის ავტორი ჩარლზ ქლოვერი
„ეს ძლიერი პოლიტიკური ტალღაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს“, - ირწმუნება „მოძრაობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ“ წევრი ანტონ სუსოვი. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ორი ვარიანტი დარჩა - პოლონური სცენარი, როდესაც რეჟიმმა უფლებამოსილება მოიხსნა, ან რუმინული სცენარი. ის შეიძლება ნიკოლაი ჩაუშესკუდ იქცეს.
„სლავური ძალის“ წევრი, ვლადიმერ მაქსიმოვი მიიჩნევს, რომ რუსეთში ახლა ისეთივე სიტუაცია შეიქმნა, როგორიც გერმანიაში 1930-იან წლებში: „ჰიტლერი კარგი პოლიტიკოსი და ადმინისტრატორი იყო. ჩვენ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანი გვჭირდება“.
”მანეჟის მოედანზე 11 დეკემბერს მომხდარი არეულობის შემდეგ, სამართალდამცველმა ორგანოებმა ჭანჭიკების მოჭერა დაიწყეს, თუმცა სტრატეგიული გეგმის მიხედვით კრემილი ულტრანაციონალისტებთან კონფრონტაციაზე კი არ მიდის, არამედ უფრო მიუტევებს მათ, ერთდროულად ცდილობს „ეს ძალადობა საერთოევროპული ფენომენის ჩვეულებრივ გამოვლინებად წარმოაჩინოს“, რომელსაც ობიექტური მიზეზი აქვს - მიგრანტების მასობრივი შემოდინება - აღნიშნავს ჩარლზ ქლოვერი.
The Financial Times-ი წერს, რომ „რუსული ულტრანაციონალიზმი, როგორც ფენომენი კრემლის დახმარების გარეშე არ შობილა. მიმომხილველები ირწმუნებიან, რომ პუტინის ათწლიანი მმართველობის პერიოდში კრემლი ნაციონალიზმს პოლიტიკური კონსოლიდაციის სტიმულად იყენებდა“.
გამოცემას იხსენებს „უცხოელებისადმი უნდობლობის და მებრძოლი პატრიოტიზმის“ ელემენტებს პუტინის გამოსვლებში. ასევე მოჰყავს ვლადისლავ სურკოვის პირმშო მოძრაობა „ნაშის“ მიერ ფეხბურთის ფანატების გამოყენების ფაქტები.
გამოცემის მონაცემებით ამ მოძრაობის „ბირთვს“ ფანატთა ისეთი გაერთიანებები შეადგენენ, როგორიცაა რომან ვებრიცკის „გლადიატორები“ და Gallant Steeds, რომელსაც „ვასილი იაკემენკოს მცველი“ ალექსეი მიტრიუშინი მეთაურობს. თავად იაკემენკო 2005 წელს „გამოვიდა ინიციატივით, სკინჰედები მოძრაობა „ნაშის“ შემადგელობაში მიეღოთ“, - წერს The Financial Times-ი და თავად მისსავე სიტყვებს იმოწმებს „სკინჰედები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც თქვენ. რა საჭიროა შუღლის დათესვა? მეტიც, სკინჰედებს გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთის პატრიოტები არიან. მათ ალტერნატივე უნდა შევთავაზოთ“.
ქლოვერი იმასაც აღნიშნავს, რომ „ოფიციალურად, კრემლი ყველა ნაციონალისტი ჯგუფებისგან დისტანცირებას ცდილობს“.
მოძრაობა „სრულიად რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების“ პრეზიდენტი ალექსანდრე შპრიგინი ფიქრობს, რომ ფანატები კრემლის მოხმე ორგანიზაციებთან იდეოლოგიური შეხედულებების კი არა „ფულის“ გამო თანამშრომლობენ.
სკინჰედებში დადის ხმები „კრემლთან ისეთი ორგანიზაციების მჭიდრო ურთიერთობების“ შესახებ, როგორიცაა „რუსსკი ობრაზ“. ამ დაჯგუფების წევრებიც კი, დარწმუნებულნი არიან, რომ კრემლი მათთან პირდაპირ თუ არ თანამშრომლობს, „მწვანე შუქს“ მაინც უნთებს. გამოცემას საილუსტრაციოდ „რუსსკი ობრაზის“ თავმჯდომარის ევგენი ვალიაევის სიტყვები მოჰყავს.
ადვოკატ სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტ ანასტაია ბაბუროვას მკვლელობით დაწყებული ტრაგიკული მოვლენების სერიის შემდეგ ცხადი გახდა, „რომ მართული ნაციონალიზმი სწრაფად გადაიქცა უმართავად“. ამიტომ ნაციონალისტებთან კრემლის კავშირი ბოლო დროს „ჩანს სუსტდება“ - ასეთია ჩარლზ ქლოვერის დასკვნა.