"აბა, კიდევ ვის რა გასაჭირი გაქვთ? გისმენთ". "ხორცებს იპარამენ!" - დაიძახა ვიღაცამ. "კი არ იპარამენ, შედიან და სჭამენ". "ვა, მოპარვაც კიდევ სხვა რამეა?" "მოპარვაა, მოპარვა!" `მარილი, ზეთი - რაც კაი რამეა, მიაქვთ!" პოლკოვნიკმა ძლივს მოიხელთა დრო, რომ იმ ყვირილში თავისი სიტყვაც ჩაეკერებინა: "ვინ იპარავს, ბატონებო, საიდან იპარავს, სად შედიან?.. რიგრიგობით ვილაპარაკოთ, ერთმა თქვას!" საშინელი ღრიანცელი ატყდა, რადგან ყოველ დამსწრეთაგანს მიაჩნდა, რომ თუ რიგრიგობით ლაპარაკზე მიდგა საქმე, მაშინ სწორედ მისი რიგი იყო.
(ჭაბუა ამირეჯიბი, "დათა თუთაშხია")
რაც შეეხება პოლიციისა და საია-ს ინიცინდენტს.
მოდი, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ საქმეს. პოლიციისა და ძალოვანების კრიტიკა აუცილებელი რამ არის. ჩვენ ვაფინანსებთ და უნდა მოვთხოვოთ კიდეც, ეს ლოგიკურია - ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს, მაგრამ ამ კონფლიქტში არის მეორე მხარეც - საია, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ არ ვაფინანსებთ და ვერც პასუხს ვთხოვთ, არც მოგვითხოვია არასოდეს, მაგრამ ვიღაც ხომ სთხოვს და ვინ არის ის ვიღაც?
ოღონდ, არ მითხრათ, რომ საია და, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები ვართ ჩვენ - ქართული საზოგადოება.
კარგად გაიხსენეთ, ძალადობის რომელ ფაქტზე მიუციათ ასეთი რეაქცია ენჯეოშნიკებს? თუ ჟურნალისტი მიადგებოდა ან ტელევიზორში დაუძახებდნენ, მხოლოდ მაშინ გამოთქვამდნენ ხოლმე საკუთარ აზრს, ისიც - მორცხვად, წიგნებიდან ამოკითხული ფრაზებით და სლოგანებით.
სამაგიეროდ, მახსოვს საია-ს განცხადება 26 მაისთან დაკავშირებით...
მოხდა მსუბუქი შეხლა-შემოხლა `თავხედ პოლიციელსა"და `თავხედ ენჯეოშნიკს"შორის. თავხედი ენჯეოშნიკის ნაცვლად, მე რომ ვყოფილიყავი - ზრდილზე ზრდილი ან თუნდაც თავხედი, მაგრამ არაენჯეოშნიკი ჟურნალისტი, რომელი ენჯეო ამოიღებდა ხმას? არც ერთი!
თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებდა - ორმა კაცმა იჩხუბა, კაცური ამბავია. მანდ შეიძლებოდა, შერიგებითა და ხელის ჩამორთმევით ამოწურულიყო ინციდენტი, მაგრამ შემდეგ არ იქნებოდა აქცია და აქციები, რაც აუცილებელი წინაპირობაა მორიგი გრანტისა, ხოლო გრანტი (ამათ ხელში) არის გარანტია უსაქმური და უზრუნველი ცხოვრებისა.
აბა, ჩემგან თელიას და, საერთოდ, არც ერთი პოლიციელის ადვოკატი არ გამოვა (უმალ - პირიქით), მაგრამ პრავა არ ჰქონდა და სიგარეტი ესროლაო - უსუსური და სასაცილო ბრალდებებია.
კოჟორიძისა და ხუხაშვილის დებატებს რომ ვუყურებდი, სიგარეტი კინაღამ ტელევიზორის ეკრანზე მივაქრე და დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ ვინ იყო ამ დროს ეკრანზე მსხვილი პლანით.
ამ ქვეყანაში ყოველდღე უამრავი კონფლიქტი ხდება, ცოლი ქმარს ეჩხუბება. ქმარი - ცოლს, მშობლები - შვილებს, შვილები - მშობლებს, ერთმანეთში ჩხუბობენ, მეგობრები და თანამშრომლები... ჩხუბობენ და შემდეგ რიგდებიან. ხშირად მეგობრობა ჩხუბიდან იწყება ხოლმე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩხუბს აქვს მიზეზი და არა საბაბი, ხოლო მეგობრობას - საფუძველი და არა მატერიალური გამორჩენა ან სოციალური ქსელებისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობა.
ძალიან შორს არ მინდა გავუტიო, მაგრამ ხშირად მახსენდება, გურამ ფანჯიკიძის მიერ აღწერილი შემთხვევა, რომელსაც იგი ბუენოს-აირესში შეესწრო: ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ორივე მძღოლი გადმოვიდა, დაათვალიერეს დაზიანებები, ისაუბრეს, გაცვალეს ტელეფონები და ორივე თავის გზაზე წავიდა. პოლიცია კი ამ დროს შორიახლოს იდგა და თვალს ადევნებდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერეოდნენ, თუ სიტუაცია დაიძაბებოდა. რას გააკეთებდა არგენტინული საია, იქ რომ ყოფილიყო? აიღებდა გრანტს მონიტორინგში. თემა - `ძალადობა ქუჩებში და პოლიციის გულგრილობა~.
საერთოდ კი, როცა ორი კაცი ჩხუბობს, ორივე დამნაშავეა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ჩხუბობენ შვიდნი, თან - ექვსი ერთის წინააღმდეგ და თითქოს თანაფარდობა გვეუბნება, რომ მართალია ის ერთი, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე და ექვსეული (შისწიორკა) უფრო მართალია, ვიდრე ერთეული, საერთო ჯამში კი, შვიდივე ტყუის. რაღა ბევრი გავაგრძელო - ნიუსი და იმის ჯანი:
"ყოფილი "ლეიბორისტები" "მემარცხენე ალიანსს" ქმნიან და პირველ ყრილობას 1-ელ მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განუცხადა, "მემარცხენე ალიანსი" ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ყრილობაზე 400 სტუმარია მიწვეული. მათ შორის ხელოვნების მოღვაწეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
"400 სტუმარი გვეყოლება. მათ შორის ის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც "მემარცხენე ალიანსის" დაფუძნებისთვის ხელმოწერები გააკეთეს. დღესვე გავუგზავნით მოსაწვევებს დიპლომატიურ კორპუსს", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. `მემარცხენე ალიანსის"პრიორიტეტებზე შატბერაშვილს არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ძირითად გუნდში მის გარდა, კახაბერ ძაგანია, გაგა მთვარელიძე, დავით ვერძეული, პაატა ჯიბლაძე და კონსტანტინე გუგუშვილი იქნებიან. შატბერაშვილის ინფორმაციით, ყრილობაზე დასწრების მოსაწვევებს შალვა ნათელაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს~.
სწორედ ამას ჰქვია "კინო მოგვითხრობს თავის თავზე". იყო ასეთი გადაცემა კომუნისტების დროინდელ პირველ არხზე, კვირაობით გადიოდა. ჯერ "სამეურნეო მექანიზმი - სიახლენი, პრობლემები" იყო და შემდეგ ეს.
ტელევიზიისა და სამეურნეო მექანიზმის თემას კიდევ დავუბრუნდები, მანამდე კი ისევ ყოფილ ლეიბორისტებს მივუბრუნდები, რომლებიც "მემარცხენე ალიანსის"სახით აპირებენ დაბრუნებას.
აჰა - მივუბრუნდი, მაგრამ რა უნდა ვთქვა და რა დავწერო? არც არაფერი, საერთოდ არაფერი, უბრალოდ, საქართველოში 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული და ესეც შენი 200-ზე მეტი სტუმარი. ამას დავუმატოთ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან მაგალითად ირმა სოხაძე, ლალი მოროშკინა, ზურაბ ყიფშიძე და სხვები ეგეც დაახლოებით 160 კაცი, ერთი 30 სტუმარი ისე იქნება მისული, ჩანგლის ვარიანტში და კრება ისეთი მხიარული დარჩება, ისეთი მხიარული, მელია რომ იცინის-იცინის და კვდება სიცილით, ეგ მონაგონი იქნება.
ხოლო მელია არის დიდი შალვა ნათელაშვილი.
მხიარული ცხოვრება გველის, აქეთ შალვა და შალვოვიჩები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ხალხის სიყვარულში, იქით "ოცნება"და ნაციონალები. უნდა ითქვას, რომ სალაღობო და სახალისო გასულ კვირაშიც იყო და ნიუსების ლენტას რომ ვათვალიერებდი, ჩემი ყურადღება ასეთმა ნიუსმა მიიპყრო - "პარტიების დაფინანსების შესახებ ახალ ინიციატივას გია გაჩეჩილაძე დღის წესრიგიდან ხსნის". ნიუსი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო (სალაღობო და სახალისო) აბზაცს თქვენც გაახლებთ და მეც ერთხელ კიდევ დავტკბები:
"...გაჩეჩილაძის ავტორობითა და ფრაქცია `ქართული ოცნების"ინიციატივით წარდგენილი პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც შეეძლებათ, რომლებიც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებული არ იყო, მაგრამ რომლის წარმომადგენელი თუ წარმომადგენლები პარტიის სახელით შეყვანილი იყვნენ საარჩევნო ბლოკის სიაში და არიან პარლამენტის წევრები. პროექტის გათვალისწინებით, ასეთმა პარტიებმა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის წელიწადში 130 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება უნდა მიიღონ..."
ჰა, ჰაააა.... გაიშიფრე, მწვანეების მოყვარულო?! თან, რა სასაცილოდ გაიშიფრა - "უმრავლესობის სხდომაზე შევთანხმდით, რომ ცალკეული საკითხების "ამოგლეჯილად"გატანა არ ღირს. ამასთან, გადაწყდა, რომ გამოიძებნება ასეთი ტიპის ორგანიზაციების დაფინანსების ფორმა. მაგალითად, `მწვანეთა პარტიას"სჭირდება ოფისების შენარჩუნება, რადგან პარტია ოფისის გარეშე ვერ იარსებებს, სჭირდება შტატი, კომუნალური გადასახადების დაფარვა. ასეთ მინიმალურ ხარჯებზეა საუბარი".
საწყალი, ძალიან მინიმალურზეც თანახმა ყოფილა - ოფისი, შტატი, კომუნალური გადასახადები. კოლორადოს ხოჭოსა და ამერიკული თეთრი პეპელის წინააღმდეგ ბრძოლას ალბათ საკუთარი ჯიბიდან დააფინანსებს.
მე სხვა იდეა მაქვს, აი, "უძინართა მზეში"რომ არის - ფული არა, მაგრამ სხვა რამე რომ მოგცეო... ფული არა, მაგრამ, გაჩეჩილაძეს უნდა მივცეთ ნიჩბები და ნერგები, პარტიის თითო წევრზე - თითო. წავიდნენ და დარგონ.
მე ხომ რაღაცაზე სულ რაღაცები მახსენდება... ახლაც, მარკ ტვენი გამახსენდა - "როგორ ვმსახურობდი სენატორის მდივნად", სადაც საფოსტო განყოფილების გახსნის მსურველ ამომრჩევლებს რომ ეუბნება, ფოსტა რად გინდათ, წერილები რომც მიიღოთ, წერა-კითხვა მაინც არ იცით და აი, დიდი, ტევადი ციხის გახსნა რომ მოითხოვოთ, ცუდი არ იქნებაო.
რა თქმა უნდა, მწვანე გაჩეჩილაძის იდეა აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული ვარდისფერ ჟორჟოლიანთან, მაგრამ, როგორც ზემოთ წაიკითხეთ, უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ... ახლავე გეტყვით, როგორც წარმომიდგენია აღნიშნული შეთანხმება: გაჩეჩილაძემ მოითხოვა ფული ოფისების, შტატებისა და კომუნალური გადასახადებისთვის, უმრავლესობის რომელიღაც წევრმა კი საფეთქელთან საჩვენებელი თითი დაიტრიალა და უთხრა, შენ ალაოდ ხომ არ ხარ, იჯექი, სადაც ზიხარ, აიღე ხელფასი, რაც დანიშნული გაქვს და მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეო.
შესაძლოა, ფიქრობთ, რომ არ ღირდა მწვანე-სალათისფერისთვის ამხელა დროისა და ადგილის მოცდენა, მაგრამ ეგეთი გამოხტომა-გამოვარდნები მაფიქრებინებს, რომ არც ისე შორს არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კუთვნილ ადგილს მიუჩენს გაჩეჩილაძისნაირ პოლიტიკოსებს და მასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილ ისეთ სახეებს, როგორებიც არიან, მაგალითად გოგი ქავთარაძე და სხვები.
გაიჯეჯილეს ბიჭებმა!.. მოინდომეს 130 ათასი წლიურად და ბაზრების კონტროლი ყოველდღიურად.
გაიჩეჩილეს ყმაწვილებმა, ჟორჟ... ოლოლო, შენა!
ჰო, მაგრამ ფონსაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს? რაც უნდა დიდი სისულელეები აკეთოს "ქართულმა ოცნებამ", მაინც შეუმჩნეველი დარჩება იმის ფონზე, რასაც ნაცები და ნაცმაცკაცუნები აკეთებენ. გასულ კვირაში კრწანისის გამგებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის (ეგრე ჰქვია, თორემ სინამდვილეში საქართველოს ტელევიზიაა, დიქტორებით, "მოამბით", სამეურნეო მექანიზმით, სიახლენით და პრობლემებით) საინფორმაციო (ეგრე ჰქვია, თორემ...) სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი დაინიშნა.
რა გინდა, რომ ქნა?
"მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ერთგვარი კარგი წინაპირობაა კარგი სტარტია იმისთვის, რომ ადამიანმა სხვა ასპარეზზე მოსინჯოს საკუთარი ძალები", - აცხადებს უგულავა. თბილისის მერის თქმით, ხათუნა ბერძენიშვილი რაიონში უფლებადამცველი და სოციალური მუშაკი იქნება. როგორც კრწანისის რაიონის ახალი გამგებელი აცხადებს, ის ჟურნალისტიკიდან საკუთარი სურვილით არ წასულა და ამიერიდან, აპირებს, აქტიურად ჩაებას კრწანისელების პრობლემების გადაჭრაში~.
აქამდე სად იყავი, ადამიანო?! მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ "ჟურნალისტიკა ერთგვარი კარგი წინაპირობაა კარგი სტარტია იმისთვის, რომ ადამიანმა სხვა ასპარეზზე მოსინჯოს საკუთარი ძალები", თუ გიგი უგულავას მაგალითზე ვიმსჯელებთ, ჟურნალისტიკა არც წინაპირობად ვარგა და არც სტარტად.
მე რა მადარდებს, კრწანისის გამგეობის თანამშრომლებმა იდარდონ, მაგრამ იმ დღეს სამასი არაგველის ობელისკთან რომ გავიარე, რაღაც საეჭვო ხმაური შემომესმა და სულ არ გამიკვირდება, თუ სამასი გმირი საფლავში ტრიალებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხმაური იქნება ხათუნა ოჩიაურის სამფლობელოში, მცხეთა-მთიანეთში - ჯერ მარტო საფლავში ვახტანგ გორგასლის ტრიალი რად ღირს! უნდა ვივარაუდოთ, რომ ხმაური იქნებოდა ზემო ხოდაშენის სასაფლაოზეც, რადგან როგორც ჩემი მეგობარი სააგენტო გვამცნობს, "ირმა ნადირაშვილი სოფელ ზემო ხოდაშენში საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ქალბატონებს შეხვდა"...
"სამსახურიდან გათავისუფლებულთა განცხადებით, სოფლის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი თქმით, მიღებული გამოცდილების მიუხედავად, არჩევნების შემდეგ, ჯერ განცხადების დაწერა აიძულეს, შემდგომ კი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ისინი "ქართული ოცნების"აქტივისტებით ჩაანაცვლეს", - მოგვითხრობს ნიუსი.
ნტ, ნტ... "მიღებული გამოცდილების მიუხედავად..."ამ გენდერულად დაუბალანსებელ ნიუსზე გამახსენდა ეს ანეკდოტი: მაროს სახლში დააგვიანდა. მიხო ეკითხება, სად იყავიო. მარომ - სილამაზის სალონში ვიყავიო. "მერე, დაკეტილი დაგხვდა, შენი..."
კიდევ ერთი გენდერულად დაუბალანსებელი ნიუსი: "ცენტრ პოინტის"დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას ითხოვენ". აქ სათაურია გენდერულად დაუბალანსებელი, თორემ დაზარალებულთა მოთხოვნები, დიახაც, რომ დაბალანსებულია - "კიდევ ერთი მოთხოვნაა, "დექსუსის"საქმიანობის შესწავლა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. დაზარალებულები "დექსუსის"ერთ-ერთი დირექტორის, ივანე ცაგურიას დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვენ".
გასულ კვირაში ქართველმა პატიმარმა გინესის რეკორდი დაამყარა თითებზე აზიდვაში. საერთოდ, ეგეთი რეკორდების დამყარება უმადური საქმეა, დაამყარებ რეკორდს და აღმოჩნდება, რომ ხუთი წუთის შემდეგ ვიღაცამ გააუმჯობესა. თუმცა, გასულ კვირაში დამყარებულ რეკორდს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა - როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა, ლალი მოროშკინამ აცნობა, კუკური სალბიშვილმა რეკორდი 5 ერთეულით გააუმჯობესა.
ლალი მოროშკინა თუ დაესწრება, ჯონსონია თუ ტომსონი, ისიც დაამყარებს მსოფლიო რეკორდს.
ახლა მე წავალ და დაგემშვიდობებით. ძალიან უინტერესო კვირა იყო და ლალის რომ რეკორდი არ გაელამაზებინა, უფრო უინტერესო იქნებოდა. სამაგიეროდ, შემოდგომა იქნება საინტერესო. რა მაგარია, არა? გაზაფხული ახლა დაიწყო, ზაფხული ჰორიზონტზეც არ ჩანს, ჩვენ კი შემოდგომას ველოდებით, რათა დავითვალოთ წიწილები და მოვისაკლისოთ ქათამი, რომელიც წყალს რომ სვამს, ღმერთს მაშინაც არ უყურებს.
შ.გ. (შემოდგომაზე გამოიცვლება) "პარაშები ძველია, გამოგვიცვალონ!" - მოისმა შეძახილი.
(ჭაბუა ამირეჯიბი, "დათა თუთაშხია")